უფლის გაცხადების, იგივე „ეპიფანიისა“ და მოგვების ბაგასთან მისვლის დღესასწაული ეკლესიაში ერთ–ერთი უძველესია. იგი აღმოსავლეთში III საუკუნიდან, ხოლო დასავლეთში IV საუკუნიდან აღინიშნება.
სიტყვა ეპიფანია "გაცხადებას" ნიშნავს და ეს დღესასწაული უფლის შობის მსგავსია, რომელიც ღმერთს წარმოგვიდგენს ხილული სახით, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად, არა მხოლოდ ებრაელებს, არამედ წარმართებსაც წარუდგინა ღმერთმა თავისი ძე.
6 იანვარს აღვნიშნავთ უფლის ხილული სახით გაცხადებას, განკაცებული ღმერთი წარმართებს მოგვებთან ეცხადება, ხოლო თავის ერს იორდანიის წყალში ნათლობითა და გალილეის კანაში მომხდარი სასწაულით.
ამ დღესასწაულის ოფიციალური დასახელებაა "ეპიფანია". ბერძნები ამ ტერმინით აღნიშნავდნენ ხელისუფლის სადღესასწაულო შესვლას. ჩვენ კი ვზეიმობთ უდიდესი მეფის დედამიწაზე მოსვლას. იმ მეფისა, რომლის დიდებაც არა მხოლოდ თავის ქვეყანაში იქნებოდა, არამედ მთელს დედამიწაზე.
დღეს ქრისტე – მეფე მოდის თავის ეკლესიაში – მარადიულ იერუსალიმში და აძლევს მადლით აღსავსე საგანძურს. ეკლესიაში მოსასვლელად მოწოდებულია ყოველი ერი.
ტრადიცია მოგვებში ხედავს წარმართ ერებს, ეს კი ნიშნავს, რომ ქრისტეს ეკლესიის წიაღს უერთდება სხვადასხვა ერი და ხალხი.
რწმენისაკენ მოწოდება თავისთავში გულისხმობს ასევე სიწმინდისაკენ მოწოდებას. ღმერთმა მოგვმადლა ნათელი რწმენისა, რათა გავმხდარიყავით მისი სინათლის სიწმინდის მონაწილენი.
მოგვების მიერ ყრმა იესოსათვის მირთმეულ ძღვენს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ოქრო ნიშნავს ქრისტეს, როგორც მეფის ტიტულს. მური – მის ადამიანურ ბუნებას აღნიშნავს, ხოლო გუნდრუკი – ქრისტეს, როგორც ღმერთს. სწორედ ეს სამი სიმბოლო განასახიერებს ხსნის ისტორიის მთლიანობას.
დღევანდელ დღესასწაულზე ეკლესიაში იკურთხება გუნდრუკი და ცარცი, რომლითაც შემდგომ სახლის შესასვლელ კარზე მორწმუნეები აწერენ სამი მოგვის სახელის პირველ ასოებს და იმ წელს, რომელშიც იმყოფებიან ( C+M+B 2023).
Catholic.ge
תגובות