უფრო მეტად მუნდიალური... | მამა გაბრიელე ბრაგანტინი
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ესპანეთმა მოიგო; ტექნიკური თვალსაზრისით, ჩემპიონატს არაფერი დაეწუნებოდა, თუმცა, ის ყველაზე მეტად პოლიტიზებული იყო: საკმარისია, გავიხსენოთ დონალდ ტრამპის „ფეხის ერთი დარტყმით“ შესვლა და სატელეფონო ზარი FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან!

ფინანსური, კომერციული და პოლიტიკური ინტერესების გარდა, სასიამოვნო დეტალები, ემოციები და გამორჩეული მომენტებიც იყო: კაბო-ვერდე, ამ პატარა აფრიკული კუნძულის მოსახლეობა შეძლებს თაობებს უამბოს, რომ მათი ეროვნული გუნდი ერთადერთი იყო დედამიწის ზურგზე, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონებთან არ წაუგია. მესის ლიდერობით არგენტინისა და ეგვიპტის შეხვედრაში განხორციელებული საოცარი შემობრუნება; ეროვნული ჰიმნის შესრულებისას, ტებოჰო მოკოენას თვალებზე მომდგარი ცრემლები; ნორვეგიის ისტორიული გამარჯვება ბრაზილიასთან; მაროკოელი ფეხბურთელების თავდავიწყებით გამოხატული სიხარული მატჩის ბოლოს და ის სახეები, რომლებზეც ვხედავდით გუნდის გავარდნით გამოწვეულ სევდას...
და მოედნის მიღმა? ჩრდილოეთ ამერიკაში თუ მეხიკოს ქუჩებში, გულშემატკივართა წარმოუდგენელი ენთუზიაზმი... რაც ყველაზე მეტად იგრძნობოდა სტადიონებზე, სადაც არქაული და ერთობლივად გამოხატული ძლიერი ჟესტებით გულშემატკივრები ერთდროულად დგებოდნენ და სხდებოდნენ, მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს ბაძავდნენ... იმეორებდნენ ვიკინგების მოძრაობას, როცა ისინი რიტმულად უსვამდნენ ნიჩბებს ჩრდილოეთის ზღვაში, თავიანთ იალქნიან გემ ,,დრაკარზე“, და ტრიბუნებს თითქმის „ადამიანურ ხომალდად“ გარდაქმნიდნენ. უფრო ზუსტად, „ვიკინგების ნიჩბოსნობა“ (Viking Row) აჩვენებდა, რომ გულშემატკივრები ფეხბურთის დიდ სცენაზე ნეიტრალური ელემენტები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ფეხბურთში შეიმჩნევა რადიკალური ინდივიდუალიზმის ტენდენცია, რომლის მიზანია, გადააქციოს ჩემპიონები სპონსორების ექსკლუზიურ საკუთრებად, ხოლო გულშემატკივრები მათი კერპების პასიურ მიმბაძველებად. ეს იყო სრულიად გამორჩეული ზეიმი, ეპოქის შვილი, რომელიც თვითგანდიდებას ეწევა ყველაფრის ფასად. ეს ყოველივე იყო ნაყოფი იმ ეპოქისა, რომელიც „მე“-ს „ჩვენ“-ის ხარჯზე ადიდებს.

თუკი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში მართლაც პლანეტის უდიდესი ანთროპოლოგიური ატლასია, შეძლებს თუ არა ეს და მრავალი სხვა კადრი ვრცელ სოციოლოგიურ ნაშრომზე უკეთ გადმოსცეს იმ ეპოქის სულისკვეთება, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სიახლე სწორედ ამ ვერტიკალური ბარიერის რღვევაში მდგომარეობს? ახლა უკვე გულშემატკივრები კი არ ბაძავენ ფეხბურთელებს, არამედ თავად ფეხბურთელები ცდილობენ თავიანთი ხალხის მზერა დაიჭირონ, რათა მათთან ერთად ფეთქავდეს მათი გულიც. ფეხბურთელები გუნდის ნაწილი ხდებიან; შორეულ ტრიბუნებზე მყოფი კაპიტანი გულშემატკივრების მხარდამხარ „უსვამს ნიჩბებს“. ჩვენს დაქსაქსულ და ციფრულ ეპოქაში, სადაც ადამიანთა ცხოვრება სიმარტოვეში, ცალკეულ ეკრანებს მიღმაა მომწყვდეული, მაინც შესაძლებელია სუნთქვა ერთი და იმავე რიტმით, სწორედ ისე, როგორც ეს ნორვეგიის შემთხვევაში მოხდა, ან იმ მასშტაბური „ადამიანური ტალღის“ დროს, რომელიც ვიხილეთ დალასის სტადიონზე მას შემდეგ, რაც გუნდმა კოტ-დ’ივუართან მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა, რადგან თეთრი ხაზის იქით ბურთის გადასატანად ყოველთვის საჭიროა „ოქროს ფეხის“ ჯადოსნური შეხება, მთელი გუნდის ძალისხმევა და იმ ხალხის რიტმული სუნთქვა, რომელიც ერთდროულად უსვამს ნიჩბებს და წინ, ნაპირისაკენ, მიიწევს; ასეა, როცა გულშემატკივრობა თავიდან იცილებს უხეშ აგრესიას, იბრუნებს თავის პირვანდელ დანიშნულებას: იყოს საყოველთაო ენა, რაც თვალნათლივ ჩანს, მაგალითად, აზიური გუნდების თავდაჭერაში; ისინი ახერხებენ, ერთმანეთს შეუთავსონ გულშემატკივრობის მხურვალება, მისალმების რიტუალური ჟესტები და ღრმა პატივისცემა როგორც მეტოქეების, ისე საერთო სივრცის მიმართ.

იმ ურიცხვ ემოციას შორის, რაც ასე უხვად სდევდა მსოფლიო ჩემპიონატს, სადაც წარმოდგენილი იყო 48 ეროვნული ნაკრები და სულ ჩატარებული 104 მატჩი, რწმენის სხვაგვარად გამოხატვის მოწმენიც გავხდით, როგორც მოედანზე, ისე მზადების პროცესში: არგენტინის ეროვნულ ნაკრებს თან ახლდა ლუხანის ღვთისმშობლის ხატი, ხორვატიის გუნდი, ტრადიციისამებრ, მონაწილეობდა ყოველდღიურ წირვაში, შოტლანდიის გუნდი მთავარანგელოზ მიქაელის მედალიონს ატარებდა, მექსიკელი ფეხბურთელები კი მატჩის წინ მოწიწებით მუხლს იდრეკდნენ გვადალუპეს ღვთისმშობლის გამოსახულების წინაშე... ფეხბურთელები, მწვრთნელები და გულშემატკივრები ერთიანდებოდნენ ლოცვაში, ერთმანეთს ჩახუტებულნი, და საკუთარი გუნდის მაისურების ფერებსაც კი ივიწყებდნენ... ბედნიერები იყვნენ როგორც საკუთარი მარცხის გაზიარებით, ასევე სხვების გამარჯვებით, „რადგან ის, რაც მოედანზე ხდება, შეიძლება იყოს ღრმა მნიშვნელობის მქონე“ და უფრო მეტად მუნდიალური!
მამა გაბრიელე ბრაგანტინიჟურნალი "საბა", 2026, აგვისტო





Comments