top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უწყვეტი პარტიტურის სამი საუკუნე



თბილისის წმ. პეტრე და წმ. პავლე მოციქულთა კათოლიკურ ეკლესიას მე-19 საუკუნიდან დღემდე უწყვეტი ღვთისმსახურების ისტორია აქვს. მას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია მიუხედავად მძიმე რეპრესიებისა რუსული ოკუპაციის პირობებში, ათეისტური, კომუნისტური მმართველობის დროსაც. ის წარმოადგენდა კავკასიის კათოლიკე ხალხის ერთადერთ ნუგეშსა და უფლის ცოცხალი სიტყვის განმცხადებელ კათედრას.


მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტაძარში ისმოდა ძველი ორგანის ხმა, ასევე, ეკლესიას ჰყავდა გუნდი, რომელიც მონაწილეობდა უფლის წმიდა ტრაპეზზე მსახურებისას. საამაყოა ეკლესიის ვერცხლის მედალოსანი 14-რეგისტრიანი ორგანი ,,ჰარმონია“, რომელიც დამზადებულია 1894 წელს, ლვოვში, იან სლივინსკის მიერ. აღნიშნულ ორგანზე წლების განმავლობაში უკრავდა საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სასიქადულო შვილი და ქართული მუსიკის კლასიკოსი ზაქარია ფალიაშვილი.


იცვლებოდნენ თაობები, მათთან ერთად იცვლებოდა ეკლესიის გუნდი, რომლის ახალი წევრები აგრძელებდნენ ეკლესიის მდიდარ მემკვიდრეობას და ავსებდნენ მას, როგორც საერთო საეკლესიო კრებათა, ისე ადგილობრივი სინოდური კრებების მოთხოვნათა მიხედვით.



წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ეკლესიის ახლანდელი გუნდის ამბავი კი 2006 წლიდან იწყება. სწორედ ამ წელს, საბჭოთა მმართველობის შემდეგ, კათოლიკე ეკლესია საქართველოში ემზადებოდა პირველი ადგილობრივი სინოდისთვის, რომლის ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა კათოლიკე ეკლესიის საგალობლების ახალი კრებულის შედგენა. სინოდში, სასულიერო პირებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ სამრევლოებიდან კენჭისყრით შერჩეული დელეგატები, მათ შორის, კარინა ოსიპოვა და ნადეჟდა ჩიტაძე წმ. პეტრე და წმ. პავლე მოციქულების კათოლიკური ეკლესიიდან.


ამ დროისათვის ეკლესიას არ ჰყავდა მოქმედი გუნდი, რადგან მისი ხელმძღვანელი მონაზონი ტერეზა სხვა სამრევლოში აგრძელებდა მოღვაწეობას. ტაძრის წინამძღვრის, მამა ადამ ოხალის თხოვნით, დელეგატ კარინა ოსიპოვას დაევალა, მრევლის წევრებისგან შეეკრიბა ახალი გუნდი.


ერთ-ერთი საკვირაო წირვის შემდეგ კარინამ მიმართა მრევლს, რომ ახალგაზრდები შეერთებოდნენ ახალ გუნდს, რომლის ჩამოყალიბების პროცესიც მიმდინარეობდა ტაძარში, ასევე აღნიშნა, რომ შეამოწმებდა მსურველთა სმენას. მრევლის წევრებმა თანხმობა განაცხადეს, თუმცა რეპეტიციაზე არავინ გამოცხადდა.



რამდენიმე კვირის განმავლობაში, წირვისას, გალობდა ძველი გუნდის მხოლოდ სამი წევრი, რომლებიც მრევლთან ერთად ისხდნენ პირველ რიგში, ორგანისგან შორს, რაც ართულებდა კომუნიკაციას მათსა და ორგანისტს შორის. მრევლი უკმაყოფილო იყო და აღნიშნავდა, რომ წირვას ვეღარ ალამაზებდა სასულიერო გალობა, რომელიც ,,წარმოადგენს საზეიმო ლიტურგიის აუცილებელ და განუყოფელ ნაწილს“ (Sacrosanctum Concilium,VI,112).


ერთ კვირადღეს, მსახურების შემდეგ, ერთმა ქალბატონმა გუნდის ხელმძღვანელს ჰკითხა, თუ შეიძლებოდა, რომ ახალგაზრდების გარდა, გუნდში ხანში შესულებიც ყოფილიყვნენ, რაზეც კარინამ თანხმობა განუცხადა. სულ მალე რეპეტიციაზე მივიდა ოთხი შუახნის ქალბატონი, რომლებიც შემდგომ გუნდის დამფუძნებლები გახდნენ. მცირე დროის მიუხედავად, საშობაო წირვისას, გუნდმა, მათთვის განკუთვნილი აივნიდან, შეძლო შეესრულებინა საგალობლები ორგანის თანხლებით.


შემდგომ, წლების განმავლობაში, გუნდის შემადგენლობა შეივსო ახალი წევრებით, მათ შორის, ახალგაზრდებით. ამჟამად გუნდში ოცამდე წევრია, მათ შორისაა უცვლელი ორგანისტი ლილი მელიქ მარუტოვა. აღსანიშნავია, რომ გუნდის ახალი წევრებიდან რამდენიმე ახალგაზრდა ყოველ კვირას მონაცვლეობით ასრულებს წირვის ფსალმუნსა და ალელუიას. თხუთმეტი წლის განმავლობაში გუნდმა შეისწავლა სრული წირვის 15 სხვადასხვა ნაწილი, თანდათან გუნდის პროგრამა შეივსო ახალი საგალობლებით.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში კათოლიკე ეკლესიის პირველი სინოდური კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, საგალობელთა ახალი წიგნის დასამუშავებლად, მამა გაბრიელე ბრაგანტინის ხელმძღვანელობით, შეიქმნა ჯგუფი სხვადასხვა სამრევლოს წარმომადგენელთაგან, მათ შორის იყო წმ. პეტრე და წმ. პავლე მოციქულთა ეკლესიის გუნდის ხელმძღვანელიც. წიგნის შედგენა ათ წელიწადს გაგრძელდა; გამოცემა მოიცავს 547 საგალობელს, რომელიც ქართულად თარგმნა მამა აკაკი ჭელიძემ, მათი შესრულება სასიამოვნო და ადვილია. კრებული მოიცავს როგორც ტრადიციულ ლათინურ და ქართულ, ასევე თანამედროვე და ახალგაზრდულ საგალობლებს, რომელთა 2/3 გუნდის პროგრამაშია და სრულდება საეკლესიო წლის სხვადასხვა პერიოდში.



გუნდს ტრადიციად აქვს, ყოველ წელს დაამუშაოს ახალი საგალობლები. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დიდმარხვის განმავლობაში გუნდმა სააღდგომოდ შეისწავლა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წმიდა იაკობის წირვის საგალობლები („Messe De Saint Jacques“, ავტორი Y. Olivet). სწორედ აღნიშნულ საპასექო პერიოდში, 15 აპრილს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის სივრცეში გაჩნდა ხანძარი. ერთი კვირის შემდეგ, სააღდგომო მსახურებაზე, თბილისის წმ. პეტრე და წმ. პავლე მოციქულთა ტაძრის გუნდმა პირველად შეასრულა აღნიშნული საგალობლები და შეუერთდა კათოლიკე ეკლესიისა და სრულიად საქრისტიანოს ერთობლივ ლოცვას პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისათვის.


თხუთმეტწლიანი საქმიანობის შემდეგაც გუნდი აქტიურად აგრძელებს მსახურებას დედა ეკლესიის, უფლისა და ხალხის წინაშე, არა მარტო შიდა სამრევლო წირვებზე, არამედ საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ერთობლივი მსახურების დროსაც, რისთვისაც მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო გუნდს, მის ხელმძღვანელსა და ორგანისტს.


მიხეილ ბოჭორიშვილი

ჟურნალი "საბა" 2022/02

Comments


bottom of page