• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ფატიმის ღვთისმშობელი ლოცვის დიდ ნაკადს ქმნის' – ფატიმას საწმიდარის რექტორი

ფატიმის ღვთისმშობლის კავკასიაში მიმლოცველობის დასასრულს, საბოლოო საზეიმო წმ. წირვა თბლისში, მარიამის ზეცად აღყვანების სახელობის საკათედრო ტაძარში აღევლინა. წმ. წირვაზე იმყოფებოდა ფატიმას საწმიდარის რექტორი, პორტუგალიელი მღვდელი კარლოს კაბეკინასი, რომლემაც ქადაგება წარმოსთქვა.



catholic.ge ქადაგების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


ქადაგება (საკითხავი: გალ 4:4-7; იო 2:1-11)


ძვირფასო ძმანო და დანო, დღევანდელი ღვთისმსახურებით სრულდება ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების პირველი მომლოცველობა კავკასიის ქვეყნებში.


ფატიმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პილიგრიმი ქანდაკება ფატიმის გზავნილის დიადი დესპანია: მისი ყოველი სტუმრობა შესაძლებლობას გვაძლევს გამოვხატოთ ჩვენი ერთგულება ღვთისმშობლისადმი და ნდობა მისი ყოვლისშემძლე მეოხების მიმართ.


ფატიმის სალოცავის პილიგრიმი ქანდაკების სტუმრობა ამა თუ იმ ქვეყანაში ქმნის ლოცვათა ერთ დიდ ნაკადს. ეს ნაკადი მონახულებული ქვეყნების მორწმუნეებს აკავშირებს სალოცავის მომლოცველებთან, რომლებიც იქ მთელი მსოფლიოდან ჩადიან. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რაოდენ აქტუალური და მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის დანაბარები, რომელიც მან ფატიმაში გადმოგვცა.

ფატიმის გზავნილი ნდობისა და იმედის გზავნილია, რისკენაც ახლახან მოსმენილი სახარებისეული საკითხავებიც მოგვიწოდებს. სახარება გვიამბობს კანაში გამართული ქორწილის შესახებ, რომელმაც სტუმრად მიწვეულ იესოს შესაძლებლობა მისცა ეჩვენებინა, თუ როგორ ძალუძს მას ჩვენი სიცოცხლის გარდაქმნა და სიხარულით აღვსება. ამასთან, ეს სახარებისეული ეპიზოდი მოგვითხრობს იესოს დედაზეც, მარიამზეც და მას ჩვენს მეოხად წარმოაჩენს, რომელსაც მის ძემდე, იესომდე მივყავართ.


იესოს მიერ კანას ქორწილზე ჩადენილი ქმედება მისი პირველი სასწაულია. ეს ის „ნიშნებია“ რომლითაც იესო რაღაც უფრო მნიშვნელოვანზე მიგვითეთებს, კერძოდ, იმაზე თუ ვინაა სინამდვილეში იესო და რა მისია აკისრია მას. მთავარი აქ წყლის ღვინოდ ქცევა კი არაა, არამედ ის, თუ რა აზრი დევს ამ ქმედებაში. ამით იესოს იმის ჩვენება სურს, რომ მას ძალუძს ჩვენი ცხოვრება გარდაქმნას და იგი სიხარულითა და ღვთის ლოცვა-კურთხევით აღავსოს. იესო გვანიშნებს, რომ იგი ჩვენთანაა, რათა გარდაქმნას ჩვენი ცხოვრება, მიანიჭოს მას აზრი და აღავსოს იმედით, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი. სწორედ ესაა ჩვენი სიხარულის მიზეზი: შეგნება იმისა, რომ უფალი გასაჭირში არ მიგვატოვებს. და ამ სიხარულს ვერავინ წაგვართმევს.

მახარობელი გვამცნობს, რომ იმ ქორწილს მარიამ ღვთისმშობელიც დაესწრო. სწორედ მან შენიშნა ოჯახის გასაჭირი და უშუამდგომლა მას იესოსთან. ფატიმაშიც იგივე მოხდა. ღვთისმშობელმა ამოიცნო მსოფლიოს გასაჭირი და ჩვენი სატკივარი. ამიტომაც სურს დაგვეხმაროს. ამიტომ თქვა ფატიმაზე საუბრისას წმინდა პაპმა, იოანე პავლე მეორემ: „დედის გული შვილების ტკივილის გამო გმინავს“. როგორც მაშინ, დღესაც, დიდებით შემოსილი მარიამი გვშუამდგომლობს იესოსთან. მან იცის ჩვენი გასაჭირი, საფიქრალი თუ შიში... და დახმარების ხელსაც გვიწვდის. საუკუნეების მანძილზე სწორედ ეს სწამდათ და ამხნევებდათ ქრისტიანებს, რომლებიც, ძნელბედობისას, იმედით აღსავსენი შესთხოვდნენ მარიამს შუამდგომლობას, იგივე გრძნობით, როგორსაც წმინდა ბერნარდი გამოთქვამს თავის ცნობილ და მშვენიერ ლოცვაში: „გახსოვდეს, ნეტარო მარიამ - ამქვეყნად არავის სმენია, რომ ვინმეს შენთვის მფარველობა, შველა და დაცვა ეთხოვა და შენ იგი მიგეტოვებინოს“. სწორედ ამ რწმენით მივმართავთ მას თხოვნით - გვწამს, რომ იგი არ მოგვაკლებს თავის დედობრივ მეოხებას.


სწორედ იგი, რომელსაც მშვიდობის დედოფალს ვუწოდებთ, გამოგვეცხადა ფატიმაში და მოგვიწოდა გველოცა მშვიდობისთვის. ომის საშინელებების წინაშე მდგარი ღვთისმშობელი ლოცვას გვთხოვს. დღესაც, როცა ომი კვლავ მოგვადგა კარზე, გვმართებს გავიხსენოთ ღვთისმშობლის დანაბარები მისი პირველი გამოცხადებისას, 1917 წლის მაისს: „ყოველდღიურად წარმოთქვით სავარდი, რათა მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს და ომი დასრულდეს“.


მართლაც, „სავარდი“ ხომ მშვიდობის ლოცვაა! ვლოცულობთ მშვიდობისთვის, რადგან გვწამს ლოცვის ძალისა. კარდინალი რატცინგერი, შემდგომში პაპი ბენედიქტე XVI, ფატიმის საიდუმლოს მესამე ნაწილისადმი მიძღვნილ თავის თეოლოგიურ კომენტარებში აცხადებს, რომ: “რწმენა და ლოცვა ის ძალებია, რომელთაც ისტორია ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ... ლოცვა - ტყვიაზე, რწმენა კი დაყოფაზე ძლიერია“.


გვჯერა, რომ მშვიდობის დამყარებამ მხოლოდ ღმერთს ხელეწიფება და ყურს ვუგდებთ ღვთისმშობლის დანაბარებს: „ყოველდღიურად წარმოთქვით „სავარდი“, რათა მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს და ომი დასრულდეს“.


ვლოცულობთ მშვიდობისთვის, რადგან გვწამს, რომ მშვიდობის დედოფალი განუწყვეტლივ გვშუამდგომლობს ღმერთთან, რათა მან ეგზომ ნანატრი მშვიდობა უწყალობოს მსოფლიოს. თუმცა, მარიამი მხოლოდ მსოფლიო მშვიდობისთვის კი არა, ეკლესიის, კერძოდ, კი დევნილი და წამებული ეკლესიისთვისაც შუამდგომლობს. ასევე შუამდგომლობს წმინდა მამისთვის, ანუ პაპისთვის. ამიტომაც, ფატიმის სამლოცველოში ყოველდღე გაისმის ლოცვა პაპისა და მისი გეგმებისათვის.

დავუბრუნდეთ სახარებას. კანას ქორწილში იესო წარმოჩნდება, როგორც მოძღვარი, რომელსაც მოწაფენი თან სდევენ; წარმოჩნდება, როგორც უფალი, რომელსაც მსახურნი ემორჩილებიან და რომლის მცნებებიც სიცოცხლის, სიხარულისა და ბედნიერების წყაროა. იესოს მიღებადა საკუთარი სიცოცხლის მისი სიტყვისამებრ გარდაქმნა ნიშნავს მზად ვიყოთ, მივყვეთ მის სიტყვებსა და მაგალითს; მზად ვიყოთ იმისთვის, რომ იესო გაუძღვეს ჩვენს ქმედებებს, ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ჩვენს დამოკიდებულებას ღმერთთან და ერთმანეთთან. მარიამის ყოფნას კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც კანას ქორწილში მოუწოდა მან მსახურთ, ისევე მოგვიწოდებს ჩვენც აღვასრულოთ ქრისტეს სიტყვები.


დღეს მარიამი ჩვენ მოგვმართავს: „გააკეთეთ ყველაფერი, რასაც იესო ქრისტე გეტყვით“. სწორედ მარიამი გვასწავლის ღმერთისადმი მზაობას. გავიხსენოთ ხარებისას გარკვევით წარმოთქმული მისეული სიტყვები: "მე მონა ვარ უფლისა და დაე, იყოს ჩემზე შენი სიტყვის თანახმად". აი, ამ მზაობისკენ, რომლითაც თავად სამაგალითოდ იცხოვრა, მოგვიწოდებს მარიამი დღეს, ისევე, როგორც ფატიმაში მოგვიწოდა, რომ ჩვენი თავი ღმერთისთვის მიგვეძღვნა. ფატიმაში ღვთისმშობელი ნათელმხილველ ლუსიას და ყველა ჩვენგანს შეჰპირდა: „ჩემი უმანკო გული შენი თავშესაფარი იქნება და იმ გზად იქცევა, რომელიც ღმერთთან მიგიყვანს“. იგი საკუთარ უმანკო გულს თავშესაფრად გვიძღვნის, რადგან მუდამ გვშუამდგომლობს ღმერთთან. ამავე დროს, მისი უმანკო გული ღმერთთან მისასვლელი გზაცაა, მოგვიწოდებს რა ყურად ვიღოთ ღმერთის სიტყვები, აღვასრულოთ მისი ნება, გავყვეთ მას.


„თავშესაფარი“ და „ღმერთისკენ მიმავალი გზა“ - აი შეჯამება იმისა, რასაც დღევანდელი სახარებისეული საკითხავი გვამცნობს მარიამზე. ეს ყოველივე წარმოგვიჩენს ფატიმის გზავნილის აქტუალობას, რომელიც სხვა არაფერია თუ არა აქტუალობა თვით სახარებისა, რომლისკენაც ფატიმის გზავნილი მუდამ მიგვითითებს. ფატიმის წმინდა მწყემსი ბავშვები - ჟასინტა და ფრანსიშკუ, ისევე, როგორც მათი ბიძაშვილი ლუსია, სწორედ მარიამსა და მის უმანკო გულში ჰპოვებდნენ თავშესაფარს ძნელბედობის დროს. ამასთან, იმავე გულში ღმერთისკენ მიმავალ გზასაც ხედავდნენ, რადგან სწორედ „მარიამის სკოლაში“ შეისწავლეს ღმერთის ნებისადმი სრული მზაობა.


ძვირფასო ძმანო და დანო, იესო ქრისტე, როგორც იმ ქორწილში გარდაქმნა წყალი ღვინოდ, დღევანდელ ზიარებაშიც გარდაქმნის პურსა და ღვინოს თავის ხორცად და სისხლად, რათა გვაზიაროს თავის თავს და ჩვენც გარდაგვქმნას.


მადლობა ვუძღვნათ უფალს, რომ გვიწყალობა მშობლისთვის, რომელიც დაგვიტოვა ჩვენს მეოხად და თავშესაფრად. ვთხოვოთ უფალს, რომ ღვთისმშობელი გაგვიძღვეს ღმერთთან სრული ერთობისკენ მიმავალ გზაზე.


ქებული იყოს უფალი ჩვენი, იესო ქრისტე!"


ფატიმის პილიგრიმი ქანდაკების კავკასიაში ვიზიტის დასასრული,

თბილისი (საქართველო), 2022 წლის 5 ნოემბერი