ქადაგება პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე
- catholic.ge
- Apr 27
- 5 min read
catholic.ge გთავაზობთ ქადაგების სრულ ტექსტს, რომელიც 26 აპრილს, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის წმ. წირვაზე კარდინალმა ჯოვანი ბატისტა რემ წაიკითხა:

26 აპრილი, 2025 წელი, რომი
წმიდა პეტრეს ამ უმშვენიერეს მოედანზე, სადაც 12 წლის განმავლობაში პაპ ფრანცისკეს არაერთხელ აღუვლენია ევქარისტია და გასძღოლია დიდ შეხვედრებს, შევიკრიბეთ ლოცვაში მისი ცხედრის ირგვლივ სევდიანი გულებით, მაგრამ რწმენით აღსავსენი. გვწამს, რომ ადამიანის არსებობა არ მთავრდება საფლავში, არამედ ბედნიერი ცხოვრება გრძელდება მამის სახლში, სადაც მზე არ ჩადის.
კარდინალთა კოლეგიუმის სახელით, მადლობას გიხდით ყველას, თქვენი აქ ყოფნისთვის. სიყვარულით გულთბილი მოკითხვა და მადლობა სახელმწიფოს მეთაურებს, მთავრობის მეთაურებსა და ოფიციალურ დელეგაციებს, რომლებიც მრავალი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, რათა გამოხატონ თავიანთი ერთგულება და პატივისცემა ჩვენი გარდაცვლილი პაპის მიმართ.
თანაგრძნობა, რომელიც ბოლო დღეებში, პაპის ამ ქვეყნიდან მარადისობაში გადასვლის შემდეგ ვიხილეთ, გვიჩვენებს, თუ რაოდენ ძლიერი გავლენა იქონია პაპ ფრანცისკეს პონტიფიკატმა გონებასა და გულებზე.
უკანასკნელად მისი სახე, რომელიც ჩვენს თვალებსა და გულებში დარჩება, გასულ კვირას, აღდგომის საზეიმო დღეს ვიხილეთ, როდესაც პაპმა ფრანცისკემ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიუხედავად, წმიდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან მოისურვა დაელოცა მორწმუნეები და შემდეგ მოედანზე ჩავიდა, რათა ღია პაპომობილით, სააღდგომო წირვაზე შეკრებილ უამრავ ადამიანს მისალმებოდა.
ჩვენი ლოცვებით, გვსურს ღმერთს მივანდოთ ჩვენი უსაყვარლესი პაპის სული, რათა მას მარადიული ბედნიერება მიანიჭოს თავისი უდიდესი სიყვარულის ნათელ და დიდებულ ჰორიზონტში.
ჩვენ გვასხივოსნებს და წინ მიგვიძღვის სახარების ის მონაკვეთი, რომელშიც ისმის იესო ქრისტეს ხმა, სადაც იგი პირველ მოციქულს, პეტრეს ეკითხება: “პეტრე, ამათზე მეტად გიყვარვარ?” პეტრეს პასუხი სწრაფი და გულწრფელი იყო: “უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ”. მაშინ იესომ მას დააკისრა უდიდესი მისია: “დამწყემსე ჩემი ცხვრები”. ეს იქნება პეტრესა და მისი მემკვიდრეების მუდმივი ამოცანა, სიყვარულით აღსავსე მსახურება მოძღვრისა და უფლის ქრისტეს კვალდაკვალ, რომელიც „მოვიდა არა იმისთვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ ემსახუროს და თავი შესწიროს ყველას გამოსასყიდად“ (მარკ. 10,45).
უკიდურესი სისუსტისა და ტანჯვის მიუხედავად, პაპმა ფრანცისკემ, მიწიერი ცხოვრების უკანასკნელ დღემდე, თავგანწირვის გზით სიარული აირჩია. ის თავისი უფლის, კეთილი მწყემსის კვალს გაჰყვა, რომელსაც ისე უყვარდა თავისი ცხვრები, რომ სიცოცხლეც კი გასწირა მათთვის. მან ეს ძალითა და სიმშვიდით გააკეთა, თავის სამწყსოსთან ღვთის ეკლესიასთან ახლოს ყოფნით, ახსოვდა რა პავლე მოციქულის მიერ საქმეების წიგნში გამეორებული იესოს სიტყვები: „გაცემაში მეტი სიხარულია, ვიდრე მიღებაში“ (საქმეები 20:35).
როდესაც კარდინალი ბერგოლიო 2013 წლის 13 მარტს კონკლავზე აირჩიეს პაპ ბენედიქტე XVI - ის შემცვლელად, მას ზურგს უმაგრებდა “იესოს საზოგადოებაში” ცხოვრებისა და მსახურების მრავალწლიანი გამოცდილება, რომელსაც ამდიდრებდა მისი 21 წლიანი სამწყსო მსახურება ბუენოს-აირესის არქიეპარქიაში, ჯერ როგორც დამხმარე ეპისკოპოსი და შემდეგ, როგორც კოადიუტორი. უპირველეს ყოვლისა კი, როგორც არქიეპისკოპოსი.
სახელ „ფრანცისკეს“ არჩევის გადაწყვეტილება, მაშინვე აღმოჩნდა მისი ცხოვრების სტილისა და პროგრამის განმსაზღვრელი, რომელზეც მას სურდა თავისი პონტიფიკატის დაფუძნება, რადგან ცდილობდა შთაგონებულიყო წმიდა ფრანცისკე ასიზელის სულისკვეთებით.
ფრანცისკემ შეინარჩუნა თავისი ტემპერამენტი და პასტორალური ხელმძღვანელობის ფორმა, მაშინვე დატოვა თავისი ძლიერი პიროვნების კვალი ეკლესიის მმართველობაში, დაამყარა პირდაპირი კონტაქტი ინდივიდებთან და საზოგადოებებთან, სურდა ყველასთან ახლოს ყოფილიყო. იგი გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მიმართ, ყურადღებით გამოირჩეოდა. უსაზღვროდ უძღვნიდა თავს, განსაკუთრებით დედამიწაზე ყველაზე მოწყვლად, მარგინალიზებულ ადამიანებს. ის იყო პაპი ხალხისთვის, ყველასათვის გულგახსნილი. ის იყო პაპი, რომელიც ყურადღებით აკვირდებოდა საზოგადოებაში არსებულ სიახლეებს და იმას, რასაც სულიწმინდა აღძრავდა ეკლესიაში.
მისთვის დამახასიათებელი ლექსიკისა და მეტაფორებით მდიდარი ენის გამოყენებით, ის ყოველთვის ცდილობდა ჩვენი დროის პრობლემების სახარებისეული სიბრძნით გასხივოსნებას, გვთავაზობდა პასუხებს რწმენის შუქით და მოგვიწოდებდა, როგორც ქრისტიანებს განგვეცადა ამ ცვლილებების გამოწვევები, რომელსაც პაპი “დროის ცვლას” უწოდებდა
იგი თითოეული ადამიანის მიმართ სპონტანურობითა და არაფორმალურობით გამოირჩეოდა. მათ შორის, ეკლესიისგან შორს მყოფი ადამიანების მიმართაც.
იყო მდიდარი ადამიანური სითბოთი და ღრმად მგრძნობიარე მსოფლიოში მიმდინარე უარყოფით მოვლენებზე. პაპი ფრანცისკე ჭეშმარიტად იზიარებდა შეშფოთებას, ტანჯვებს და თავს უფლებას აძლევდა, ვენუგეშებინეთ და წავეხალისებინეთ იმ გზავნილით, რომელსაც შეეძლო პირდაპირ და მაშინვე შეეღწია ადამიანის გულებამდე.
მისი მიმღებლობისა და მოსმენის ქარიზმა, მგრძნობიარე ქცევის მანერასთან ერთად, გულებს ეხებოდა და ცდილობდა მორალური და სულიერი ენერგიის გამოღვიძებას.
ევანგელიზაციის პრიმატი მისი პონტიფიკატის გზამკვლევი იყო, რომელიც მკაფიო მისიონერული სულისკვეთებით ავრცელებდა სახარების სიხარულს. სწორედ ასეთი იყო მისი პირველი სამოციქულო შეგონების სათაურიც, რომელიც ასე ჟღრედა: Evangelii gaudium. რაც ნიშნავს - სიხარულს, რომელიც რწმენითა და იმედით ავსებს ყველას გულს, ვინც ღმერთს ენდობა.
მისი მისიის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო რწმენა, რომ ეკლესია ყველას სახლია; სახლი, რომლის კარებიც ყოველთვის ღიაა. ის არაერთხელ მოიხსენიებდა ეკლესიის სახეს, როგორც „საველე ჰოსპიტალს“ ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ბევრი დაიჭრა; ეკლესია, რომელიც მზადაა გადამწყვეტი მიდგომა დაიკავოს ადამიანური პრობლემებისა და თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი დიდი უბედურებების მიმართ; ეკლესია, რომელსაც შეუძლია ყველა ადამიანის წინაშე იდგეს, რელიგიისა და მდგომარეობის მიუხედავად, და მოაშუშოს მათი ჭრილობები.
აურაცხელია მისი ქმედებები და მოწოდებები ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების სახელით, ასევე მუდმივად მუშაობდა ღარიბების საკითხებზე.
ნიშანდობლივია, რომ პაპმა ფრანცისკემ პირველი მოგზაურობა განახორციელა ლამპედუზაზე, კუნძულზე, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ემიგრაციის დრამას, რომლის დროსაც ათასობით ადამიანი ზღვაში დაიხრჩო. ლესბოსზე მოგზაურობა მსოფლიო პატრიარქთან და ათენის მთავარეპისკოპოსთან ერთად, იმავე სულისკვეთებით წარიმართა, როგორც მექსიკაში მისი მოგზაურობისას. მან მექსიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე წირვა აღასრულა.
მისი 47 რთული სამოციქულო მოგზაურობიდან, 2021 წელს ერაყში ვიზიტი, მრავალი რისკის ფონზე განხორციელდა, ისტორიაში განსაკუთრებული სახით დარჩება. ეს რთული სამოციქულო ვიზიტი მალსახმობი იყო ერაყელი ხალხის ღია ჭრილობებისთვის, რომლებიც ესოდენ იტანჯნენ ISIS-ის არაადამიანური ქმედებების გამო. ეს ასევე მნიშვნელოვანი მოგზაურობა იყო რელიგიათაშორისი დიალოგისთვის, რაც მისი სამწყსო მოღვაწეობის კიდევ ერთი არსებითი ასპექტია. 2024 წელს აზიისა და ოკეანეთის ოთხ ქვეყანაში სამოციქულო ვიზიტის დროს, პაპმა „მსოფლიოს ყველაზე პერიფერიულ რეგიონებამდე“ მიაღწია.
პაპი ფრანცისკე ყოველთვის ცენტრში აყენებდა გულმოწყალების სახარებას და არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ ღმერთი არასდროს იღლება ჩვენი პატიებით: ის ყოველთვის პატიობს, მიუხედავად ადამიანის მდგომარეობისა და სწორ გზაზე აბრუნებს მას.
სურდა საგანგებო, გულმოწყალების იუბილეთი ხაზი გაესვა, რომ, გულმოწყალება “სახარების გულია”.
გულმოწყალება და სახარების სიხარული, პაპ ფრანცისკეს ორი საკვანძო სიტყვაა.
იმის საპირისპიროდ, რასაც ის “მოშორების კულტურას უწოდებდა”, საუბრობდა შეხვედრისა და სოლიდარობის კულტურაზე. ძმობის თემა მისი პონტიფიკატის მუდმივი თანამდევი იყო. ენციკლიკაში “Fratelli Tutti”(ყოველნო ძმანო), მას სურდა მსოფლიო მასშტაბით ძმობისკენ სწრაფვის აღორძინება, რადგან ჩვენ ყველანი ერთი და იმავე ზეციერი მამის შვილები ვართ. ის ხშირად გვახსენებდა, რომ ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე ადამიანურ ოჯახს ვეკუთვნით. იგი ხშირად, დიდი ძალისხმევით გვიმეორებდა, რომ ყველანი მივეკუთვნებით ერთსა და იმავე ადამიანურ ოჯახს.
2019 წელს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის დროს, პაპმა ფრანცისკემ ხელი მოაწერა დოკუმენტს „ადამიანთა ძმობა მსოფლიო მშვიდობისა და საერთო თანაარსებობისთვის“, რომელშიც შეგვახსენა ღვთის საერთო მამობა.
მიმართავდა მამაკაცებსა და ქალებს მთელი მსოფლიოდან თავის ენციკლიკაში Laudsato si, სადაც ყურადღებას ამახვილებდა თანაპასუხისმგებლობასა და ვალდებულებებზე საერთო სახლზე. “არავინ ცხონდება მარტო”.
ბოლო წლებში განვითარებული მძვინვარე ომების, არაადამიანური სისასტიკის, უამრავი ადამიანის სიკვდილისა და ნგრევის ფონზე, პაპი ფრანცისკე გამუდმებით ხმას იმაღლებდა, მოუწოდებდა მშვიდობისა და გონიერებისკენ, შესაძლო გადაწყვეტილებების მოსაძებნად გულწრფელი მოლაპარაკებებისკენ, რადგან ომი, ამბობდა ის, მხოლოდ ადამიანების სიკვდილის, სახლების, საავადმყოფოებისა და სკოლების ნგრევის მომტანია. ომი ყოველთვის აუარესებს მსოფლიოს, ვიდრე ის ადრე იყო. ის ყოველთვის მტკივნეული და ტრაგიკული მარცხია ყველასთვის.
„აშენეთ ხიდები და არა კედლები“ - ეს მოწოდება მან არაერთხელ გაიმეორა და როგორც მოციქულ პეტრეს მემკვიდრე, ის ყოველთვის აკავშირებდა რწმენისადმი მსახურებას ადამიანისადმი მსახურებასთან თავის ყველა განზომილებაში.
მთელს საქრისტიანოსთან სულიერ ერთობაში, ჩვენ აქ დიდი რაოდენობით ვართ შეკრებილები, რათა ვილოცოთ პაპ ფრანცისკესთვის, რომ ღმერთმა მიიღოს იგი თავისი სიყვარულის სიდიადეში.
პაპი ფრანცისკე თავის გამოსვლებსა და შეხვედრებს ასრულებდა სიტყვებით: „არ დაგავიწყდეთ ჩემთვის ლოცვა“.
ძვირფასო პაპო ფრანცისკე, გთხოვთ, ახლა ილოცო ჩვენთვის და ზეციდან აკურთხოთ ეკლესია, დალოცო რომი, დალოცო მთელი მსოფლიო, როგორც ეს გააკეთე გასულ კვირას, ამ ბაზილიკის აივნიდან, ღვთის მთელ ხალხთან საბოლოო შეხვედრისას, მაგრამ რაც მთავარია, მთელს კაცობრიობასთან ერთად, რომელიც გულწრფელი გულით ეძებს ჭეშმარიტებას და უჭირავს მაღლა იმედის ჩირაღდანი.
თარგმანი – შოთა გიქოშვილი
Comments