• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქალმა უარი თქვა აბორტზე და გააჩინა ტყუპები; დღეს ისინი მღვდლები არიან



ულტრაბგერის შედეგები შემაშფოთებელი იყო, მაგრამ ქალს სურდა, მორჩილებით მიეღო ღვთის ნება.


რას გააკეთებდით თქვენ, თუ გეტყოდნენ, რომ ბავშვს, რომელსაც გულის ქვეშ ატარებთ, ორი თავი და ზედმეტი კიდურები აქვს? ან თუ ექიმებმა გირჩიეს, რომ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ აბორტი, რადგან ეს ორსულობა საშიშია თქვენთვის?

სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩილელი როზა სილვა 1984 წელს; მან გადაწყვიტა, უარი ეთქვა აბორტზე და მიეღო ,,ყველაფერი, რასაც ღმერთი უგზავნიდა“. ჩილეს ვალპარაისოს ეპარქია როზას ამ გადაწყვეტილებას უნდა უმადლოდეს ორ მღვდელს - ტყუპ ძმას, მამა პაულოსა და მამა ფილიპე ლიზამას.


ტყუპების არაჩვეულებრივი ამბავი 2013 წელს, მათი ხელდასხმიდან ერთი წლის შემდეგ გავრცელდა კათოლიკური ახალი ამბების მიმოხილვაში. დღეს ძმები, თავიანთი მღვდლობის მერვე წელს, ენთუზიაზმით აგრძელებენ მსახურებას და სოციალურ ქსელებს ევანგელიზაციისათვის იყენებენ. 36 წლის წინ მათი მშობლები, როზა და უმბერტო, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ ოჯახში დაიბადებოდა სავსებით მსგავსი ტყუპი, რომლებიც შემდგომ გახდებოდნენ მღვდლები, აღასრულებდნენ წმიდა წირვას და Facebook-ის მეშვეობით გადასცემდნენ პირდაპირ ეთერში. როდესაც როზამ შეიტყო, რომ ორსულად იყო, მაშინვე ქალთა კონსულტაციას მიმართა; ულტრაბგერის შედეგები ექიმს შემაშფოთებელი ეჩვენა, მან შეამჩნია, რომ ნაყოფი ვითარდებოდა მძიმე დარღვევებით (აღწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უიმედოდ შეერთებულ სიამის ტყუპებს ჰგავდა), რაც იმას ნიშნავდა, რომ ორსულობის გაგრძელებას შეიძლება როზას სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნა. ექიმმა საკითხის გადასაჭრელად ქალს „თერაპიული აბორტი“ ურჩია.



,,მათ დედაჩემს უთხრეს, რომ აბორტი უნდა გაეკეთებინა..., მაგრამ დედამ არ მოისურვა. მან აირჩია სიცოცხლე, თუმცა იმ დროს აბორტი დაშვებული იყო (ჩილეში კანონიერი იყო ,,თერაპიული“ აბორტი; ის არაკანონიერად გამოცხადდა 1989 წელს, 2017 წელს კი კვლავ ნებადართული გახდა), მაგრამ მის საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა“, - განაცხადა მამა პაულომ ,,Religión en Libertad“-თან საუბრისას.


მამა ფილიპემ ,,Atıprens“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მათ არ იციან, ექიმები შეცდნენ ულტრაბგერის შედეგების განმარტებაში თუ ღმერთი ჩაერია ორსულობის დროს ისე, რომ ჯანმრთელი ტყუპები დაბადებულიყვნენ. ,,როგორიც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, - ამბობს მამა პაულო, - ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და სათუთი გრძნობა მეუფლება, როცა ვფიქრობ დედაჩემზე, რომელიც მზად იყო სიცოცხლე მოეცა ჩვენთვის“.


1984 წლის 10 სექტემბერს ტყუპები ჯანმრთელები დაიბადნენ, 17 წუთის სხვაობით (ფილიპე ძმაზე უფროსია). მათ ჰყავთ ოთხი წლით უფროსი და, პაოლა. გზა დაბადებიდან მღვდლობამდე სულაც არ იყო იოლი. თუმცა ფილიპე და პაულო კათოლიკური რწმენით იზრდებოდნენ, დროდადრო ფეხბურთით მათი უსაზღვრო გატაცება სძლევდა ხოლმე საკვირაო წირვაში მონაწილეობის სურვილს. როცა ბიჭებს 14 წელი შეუსრულდათ, მათი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ამ ამბის შემდეგ ფილიპე და პაულო უფრო მეტხანს დაყოფდნენ ხოლმე ეკლესიაში, მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებაში; ,,ჩვენს ქალაქში სხვა არაფერი იყო ისეთი, რითაც დავკავდებოდით“, - აღნიშნეს მათ ,,Religión en Libertad“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.


16 წლის ასაკში ძმებმა შეწყვიტეს ფეხბურთის თამაში და კიდევ უფრო მეტად ჩაერთნენ ეკლესიის ცხოვრებაში (თუმცა დღესაც სპორტის მხურვალე თაყვანისმცემლები არიან), ხოლო როცა 18 წელი რომ შეუსრულდათ, სემინარიაში შევიდნენ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ ერთად მიიღეს მღვდლად გახდომის გადაწყვეტილება; გავრცელებული აზრის მიხედვით, ტყუპები ერთმანეთს უზიარებენ ყველა საიდუმლოს. თუმცა, ძმები ამბობენ, რომ თავიანთი მოწოდების შესახებ არ ამხელდნენ, რადგან არ სურდათ, გავლენა მოეხდინათ ერთმანეთზე ასეთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილების დროს. თითოეული საკუთარი გზით მივიდა მღვდლობამდე, თუმცა შედეგი ერთნაირი იყო. ,,Atıprens“-თან საუბრისას მამა პაულომ აღნიშნა: ,,არ ვიცი, რომელმა ჩვენგანმა იგრძნო პირველად მოწოდება. ვფიქრობ, ღმერთმა კარგად იზრუნა იმაზე, რომ მისდამი ჩვენი პასუხის თავისუფლება დაეცვა“. მამა პაულომ თავისი ხელდასხმის დღეს განაცხადა: ,,ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ საერთო გამოცდილება და საერთო მოწოდება, გავყოლოდით იესოს, რათა გაგვეზიარებინა იგი სხვებისთვის“.


მღვდლად გახდომის მოწოდებაზე საუბრისას მამა ფილიპე დასძენს: ,,ღმერთი არ ხუმრობს. მას სურს, რომ ჩვენ ბედნიერები ვიყოთ, მღვდლობა კი მშვენიერი მოწოდებაა, რომელიც სავსებით გვაბედნიერებს“.


მამა პაულო აღნიშნავს: ,,იესოს, ეკლესიასა და სამყაროს ვჭირდებით ჩვენ. მაგრამ მათ სჭირდებათ არა უბრალოდ ნებისმიერი ახალგაზრდა, არამედ ადამიანი, რომელიც თავის თავში ატარებს ღვთის ჭეშმარიტების ძალას, ისე რომ, მისი ცხოვრება ასხივებს სიცოცხლეს, მის ღიმილში კრთის იმედი, მის თვალებში ბრწყინავს რწმენა და ყოველი მისი ქმედება გამოხატავს სიყვარულს“.


დედის სიმამაცის ამბავი, როცა იგი მათზე ორსულად იყო, ტყუპებმა მხოლოდ სემინარიის მეექვსე კურსზე შეიტყვეს. მათი სიცოცხლის დასაწყისს მომხდარ ამ მოვლენებს ისინი განიხილავენ როგორც წინასწარ განსაზღვრულს: ღმერთმა მათ თავიდანვე მოუწოდა და მათი დედის სიყვარულისა და გულუხვობის წყალობით კი ეს მოწოდება განხორციელდა. მამა პაულო დასძენს: ,,როგორ არ დავიცვათ სიცოცხლე? როგორ არ უნდა ვიქადაგოთ სიცოცხლის ღმერთი? ამ მოვლენამ ბიძგი მისცა ჩემს მოწოდებას, მისცა მას განსაკუთრებული სიცოცხლის უნარი... დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი, რისიც მწამს, ვინც ვარ და რასაც ვამბობ, ღვთის აშკარა მადლია“.

2012 წლის 28 აპრილს, ათწლიანი სწავლისა და მომზადების შემდეგ, ძმები მღვდლად აკურთხეს ვალპარაისოს საკათედრო ტაძარში (Catedral de Valparaiso).

მამა პაულო აღნიშნავს, რომ მღვდლად გახდომის შემდეგაც კი ისევ ისე ხუმრობენ, როგორც ტყუპებს სჩვევიათ: ,,ხალხი ერთმანეთისაგან ვერ გვარჩევს და ხშირად ჩემს ძმად მომაქვს თავი. ყველაზე სასაცილო კი მათი რეაქციაა. ეს ტყუპების სიცელქეა, „უპირატესობა“, და არ შეგვიძლია, რომ ამით არ ვისარგებლოთ. გარდა ამისა, შევნიშნე, ადამიანთა უმეტესობა ვერც კი ამჩნევს, რომ ერთი ჩვენგანი ცაციაა“.

დღეს ძმების მსახურება ნაწილობრივ სოციალურ ქსელებსაც მოიცავს. მათი შეტყობინება ფეისბუკზე, ინსტაგრამსა და ტვიტერზე სავსეა სიხარულით, რომლითაც ისინი აღასრულებენ სამღვდელო მსახურებას, მშვენიერია მათი იუმორის გრძნობა, ერთმანეთთან და ოჯახთან სიახლოვე და ფეხბურთის სიყვარული.


შეუცნობელია გზანი უფლისანი. როზა და უმბერტო ლიზამა რთული არჩევანის წინაშე დადგნენ; მათ შეეძლოთ აერჩიათ აშკარად უფრო იოლი გზა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ღვთის კანონს (აბორტი), მაგრამ, ნაცვლად ამისა, არჩიეს, მინდობოდნენ ღმერთს, დაეფასებინათ და მიეღოთ ცხოვრება, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო ის. ამიტომაც მოისურვა ღმერთმა, ეკურთხებინა ისინი მათი ერთგულებისთვის და მადლი მოეღო თავის ეკლესიაზე. დაე, უფალი ყოველ ჩვენგანს მუდამ აძლევდეს მადლსა და ძალას სწორი არჩევანის გასაკეთებლად. ცხადია, ღმერთი ყოველთვის გვაკურთხებს, ვამჩნევთ ჩვენ ამას თუ არა.


 ვერიკო ნოზაძე

ჯურნალი "საბა" / 2022. 03