‘ქორწინება არ არის იდეალი, არამედ ჭეშმარიტი სიყვარულის საზომი ქალსა და კაცს შორის’| პაპი
- catholic.ge
- Jun 3
- 4 min read
1–ელ ივნისს, წმიდა პეტრეს მოედანზე, პაპმა ლეონ XIV-მ აღავლინა საღმრთო ლიტურგია ათასობით მომლოცველისთვის, რომლებიც ოჯახების, ბავშვების, ბებია-ბაბუებისა და ხანდაზმულთა იუბილესთვის ვატიკანში შეიკრიბნენ. ოჯახებთან მიმართვისას, მან განაცხადა, რომ ქორწინება „არ არის მხოლოდ იდეალი, არამედ ჭეშმარიტი სიყვარულის საზომი მამაკაცსა და ქალს შორის,“ და რომ ოჯახები წარმოადგენენ „ადამიანობის მომავლის აკვანს.“

ვატიკანში, ოჯახების შეხვედრაზე თითქმის 120 ქვეყნიდან ჩავიდა დელეგაცია. საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე, პაპმა წმიდა პეტრეს მოედანი პაპომობილით შემოიარა, აკურთხა ბავშვები და მიესალმა მომლოცველ ოჯახებს, რომლებიც რომში ამ დიდი ღონისძიებისთვის ჩავიდნენ. ეს ღონისძიება საიუბილეო წმიდა წელს მიეძღვნა და მის მთავარ მოვლენად იქცა.
ოჯახებთან საუბრისას, პაპმა ხაზი გაუსვა ოჯახური ურთიერთობების ფუნდამენტურ როლს ღვთის ხსნის გეგმაში.
Catholic ge გთავაზობთ პაპის ქადაგების სრულ ტექსტს, ოჯახების ზეიმიდან. ტექსტი ქართულად თარგმნა ორგანიზაცია „INER- Georgia– წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში“ თანამშრომელმა ლალი ჩარკვიანმა:

მისი უწმინდესობის, პაპ ლეონ XIV-ის ქადაგება
ახლახან ნაუწყები სახარება გვაჩვენებს იესოს, რომელიც საიდუმლო სერობაზე ჩვენთვის ლოცულობს (იხ. იოან. 17:20): ღმრთის სიტყვა, განკაცებული, აწ თავისი მიწიერი ცხოვრების აღსასრულს მიახლებული, ფიქრობს ჩვენზე, თავის ძმებზე, სულიწმიდის ძალით აკურთხებდა მათ, ევედრება და ადიდებს მამას. როდესაც ჩვენც აღტაცებითა და ნდობით აღსავსენი წარმოვთქვამთ იესოს ლოცვას, მისივე სიყვარულით ვერთვებით იმ დიდ პროექტში, რომელიც მთელს კაცობრიობას ეხება.
ქრისტე გვთხოვს, რომ ყველანი „ერთნი“ ვიყოთ (მ.21). ეს ყველაზე დიდი და სანუკვარი სიკეთეა, რამეთუ ეს საყოველთაო კავშირი ქმნილებებს შორის მარადიული სიყვარულის ზიარებას ამყარებს, რომელშიც ცხადდება თავად ღმერთის რაობა, ვითარცა მამისა, რომელიც გასცემს სიცოცხლეს, ძის, რომელიც მას იღებს და სულიწმიდა რომელიც მას იზიარებს.
უფალს არ სურს, რომ ჩვენ, ერთიანობის მიზნით, გაურკვეველ მასად შევიკრიბოთ, ანონიმურ ბლოკს ვემსგავსოთ, მას სურს, რომ ერთნი ვიყოთ: „როგორც შენ, მამაო, ჩემში ხარ და მე შენში, ისინიც ერთნი იყვნენ ჩვენში“ (მ. 21). ერთობა, რისთვისაც იესო ლოცულობს, ის ზიარებაა, რაც იმავე სიყვარულს ემყარება, რითაც ღმერთი უყვარს, საიდანაც წუთისოფელს სიცოცხლე და ხსნა ენიჭება. და როგორც ასეთი, ის უპირველესად არის ძღვენი, რომელიც იესო მოაქვს. თავისი ადამიანური გულით მიმართავს ღმრთის ძე მამას, როდესაც ამბობს: „მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთობაში და იცოდეს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე და შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე“ (მ. 23).
განცხრომით ვუსმენთ ამ სიტყვებს: იესო გვიმხელს, რომ ღმერთს ისევე ვუყვარვართ, როგორც საკუთარი თავი. მამას იმაზე ნაკლებად როდი ვუყვარვართ, ვიდრე თავისი მხოლოდშობილი ძე, ანუ ვუყვარვართ დაუსრულებლად. ღმერთს არ უყვარს ნაკლებად, რამეთუ პირველს უყვარს, პირველად მას უყვარს! თავად ქრისტე მოწმობს ამას, როდესაც მამას ეუბნება: „შენ შემიყვარე წუთისოფლის შექმნამდე“ (მ. 24). სწორედ რომ ასეა: თავისი წყალობით მუდამ სურდა ღმერთს გულში ჩაეკრა ყოველი კაცი , და ქრისტეში ჩვენთვის ბოძებული მისი სიცოცხლეა ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს.
დღეს, როდესაც ოჯახებისა და ბავშვების, ბებია-ბაბუებისა და მოხუცების იუბილეს აღვნიშნავთ, ამ სახარების მოსმენა სიხარულით გვავსებს.
ძვირფასებო, ჩვენ სიცოცხლე მანამ მივიღეთ, სანამ ვისურვებდით. როგორც პაპი ფრანცისკე გვასწავლიდა, „ყველა ადამიანი შვილია, მაგრამ არცერთ ჩვენგანს არ აურჩევია დაბადება“ (Angelus, 1 იანვარი, 2025). და არა მხოლოდ. როგორც კი ვიბადებით, სხვების თანადგომა გვჭირდება იმისათვის, რომ ვიცოცხლოთ, მარტონი ამას ვერ შევძლებდით: არის ვიღაც, ვინც გადაგვარჩინა, ვინც იზრუნა ჩვენზე, ჩვენს სხეულზე და ჩვენს სულზე. ამიტომ, ჩვენ ყველანი ურთიერთობის წყალობით ვცოცხლობთ, ანუ ადამიანურობის და ურთიერთზრუნვის თავისუფალი და განმათავისუფლებელი კავშირის წყალობით.
დიახ, ზოგჯერ ადამიანურობას ღალატი სჩვევია. მაგალითად, ასე ყოველ ჯერზე, როდესაც თავისუფლებას ვითხოვთ არა სიცოცხლის გასაცემად, არამედ მის წასართმევად, არა შესაწევნად, არამედ შესაბღალავად. თუმცა, თვით ბოროტების წინაშე, რომელიც თრგუნავს და კლავს, იესო ევედრება მამას ჩვენზე და მისი ლოცვა მალამოსავით ესმება ჩვენს ჭრილობებს, ყველასთვის პატიებისა და შერიგების უწყებად იქცევა. უფლის ეს ლოცვა სავსე აზრს ანიჭებს ჩვენი სიყვარულის ნათელ ეპიზოდებს, როგორც მშობლების, ბებია-ბაბუების, ვაჟებისა და ქალიშვილების სიყვარულს. და სწორედ ეს გვინდა სამყაროს ვაუწყოთ: ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ „ერთი“, როგორც უფალს სურს ვიყოთ „ერთნი“, ჩვენს ოჯახებში და იქ, სადაც ვცხოვრობთ, ვიღწვით და ვსწავლობთ: განსხვავებულნი, მაგრამ ერთნი, მრავალნი, და მაინც ერთნი, მუდამჟამს, ყველა გარემოებაში და ყველა ასაკში.
ძვირფასებო, თუ ერთმანეთი ასე გვეყვარება, ქრისტეს საფუძველზე, ვინც „ალფა და ომეგაა“, “საწყისი და სასრულია“ (შდრ. გამოცხ. 22:13), მაშინ, მშვიდობის ნიშანი ვიქნებით ყველასთვის, საზოგადოებაში და მსოფლიოში. და არ დაგვავიწყდეს: ხალხის მომავალს ოჯახები ქმნიან.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ ნიშანი, რომელიც სიხარულს გვანიჭებს და ამავდროულად დაგვაფიქრებთ: აქ იმ ფაქტს ვგულისხმობ, რომ მეუღლეები ნეტარ და წმინდანებად იქნენ გამოცხადებულნი, არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, როგორც დაქორწინებული წყვილები. გავიხსენებ ლუი და ძელიე მარტინებს, ყრმა იესოს წმინდა ტერეზას მშობლებს; ასევე ნეტარ ლუიჯი და მარია ბელტრამე კვატროკიებს, რომლებმაც თავიანთი ოჯახური ცხოვრება გასული საუკუნის რომში განვლეს, და არ დაგვავიწყდეს პოლონური ულმას ოჯახი: მშობლები და შვილები, ძლიერი სიყვარულში და მოწამეობაში შეერთებულნო. ვამბობდი, რომ ეს არის ნიშანი, რომელიც დაგვაფიქრებს. დიახ, როდესაც ეკლესია მეუღლეებს სამაგალითო მოწმეებად გვაჩვენებს, იგი გვეუბნება, რომ დღევანდელ სამყაროს სჭირდება ცოლქმრული კავშირი იმისათვის, რომ შეიცნოს და მიიღოს ღვთის სიყვარული და თავისი შემაერთებელი და შემრიგებელი ძალით, სძლიოს იმ ძალებს, რომლებიც ბღალავენ ურთიერთობებსა და საზოგადოებებს.
სწორედ ამიტომ, მადლიერი და იმედით სავსე გულით მოგმართავთ თქვენ, მეუღლეებს: ქორწინება არ არის იდეალი, ეს მამაკაცსა და ქალს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია: ტოტალური, ერთგული, ნაყოფიერი სიყვარული (შდრ. წმინდა პავლე VI, ენციკლიკა Humanae vitae, 9). მაშინ, როდესაც იგი ერთ ხორცად გაქცევთ, იგივე სიყვარული, ღმრთის ხატად, სიცოცხლის გაცემის უნარს განიჭებთ.
ამიტომაც, მოგიწოდებთ, იყავით თქვენი შვილებისთვის ერთგულების მაგალითები, მოიქეცით ისე, როგორც თავად გსურთ რომ მოგექცნენ, მორჩილების გზით აღზარდეთ ისინი თავისუფლებაში, ეძიეთ მათში მუდამ სიკეთე და მათი აღზრდის საშუალებები.
თქვენ კი, შვილებო, მადლიერნი იყავით თქვენი მშობლების მიმართ: მადლობის უთხარით „მადლობა“ სიცოცხლის ძღვენისთვის და ყოველივე იმისათვის, რაც ყოველდღიურად გვეძლევა მასთან ერთად, თქვენი პირველი მოვალეობაა პატივი სცეთ დედ-მამას (იხ. გამ. 20:12).
და ბოლოს, მოგმართავთ თქვენ, ძვირფასო ბებია-ბაბუებო და ხანდაზმულებო, რათა იზრუნოთ მათზე, ვინც გიყვართ, იმ სიბრძნითა და თანაგრძნობით, იმ თავმდაბლობითა და მოთმინებით, რასაც განვლილი წლები გვასწავლის.
ოჯახში რწმენა სიცოცხლესთან ერთად გადაეცემა თაობიდან თაობას: მას ისევე იზიარებენ, როგორც სუფრაზე საჭმელს და გულში არსებულ გრძნობებს. ეს აქცევს ოჯახს იესოსთან შეხვედრის პრივილეგირებულ ადგილად აქცევს, იესოსი, ვისაც სამარადისოდ ვუყვარვართ და ჩვენი სიკეთე სწადია.
და ბოლოს, ერთი რამ მინდა დავამატო. ღმრთის ლოცვა, რომელიც ცხოვრებაში იმედს გვისახავს, ასევე შეგვახსენებს, რომ ოდესღაც ყველანი ერთნი ვიქნებით (იხ. წმინდა ავგუსტინე, ქადაგება ფს. 127): ერთნი ერთ მაცხოვარში, ღმრთის მარადიული სიყვარულით გარემოცულნი. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ დედები და მამები, ბებიები და ბაბუები, ძმები, დები და შვილები, რომლებიც უკვე დაწინაურდნენ უფლის მარადიული აღდგომის ნათელში და რომლებსაც აქ, ამ დღესასწაულის წუთებში ჩვენს გვერდით ვგრძნობთ.
catholic.ge
Comments