top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქრისტეს უწმინდესი ხორცისა და სისხლის დღესასწაული

Updated: Jun 7, 2023


ეს დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გავრცელებული დღესასწაულია. იგი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტრადიციით გვხვდება.


მორწმუნეები გამოხატავენ თავიანთ რწმენასა და მოკრძალებას ქრისტეს უწმინდესი ხორცისა და სისხლის მიმართ, ეს კი იმას მოწმობს, რომ დღესასწაული დღემდე არ კარგავს მნიშვნელობას.


ტრადიციის მიხედვით, საქართველოს კათოლიკეებიც ამ დღეს წმინდა წირვის შემდეგ, პროცესიას აწყობენ, სადაც მღვდელი ან დიაკონი ქრისტეს უწმინდესი ხორცით ხელში, რომელიც მოთავსებულია მონსტრაციაში, მორწმუნეებთან ერთად გადის გზის გარკვეულ მონაკვეთს, ბავშვები კი ყვავილებით სავსე კალათებით ხელში, წინ მიუძღვიან უწმინდეს ევქარისტიას და გზაზე უფენენ ყვავილებს, პატივისცემისა და კრძალვის ნიშნად.


სწორედ ამიტომ, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ამ დღესასწაულს „ვარდის შეყრასაც“ უწოდებენ. პროცესიის დროს კი, წესისამებრ, ოთხი შეჩერებაა, სადაც მღვდელი ან დიაკონი შეჩერდება და კითხულობს შესაბამის ლოცვასა და სახარებას.


დღესასწაული ევროპაშიც დიდი პატივისცემით სარგებლობს.


მისი წარმოშობა უკავშირდება წმინდა იულიანა ლეჟელს. იგი ცდილობდა, ევქარისტიის დღესასწაული შეეტანათ საეკლესიო კალენდარში. ეს მცდელობა კი გაამყარა მისმა მისტიურმა ხილვამ: იულიანამ დაინახა სავსე მთვარე, რომელსაც ლაქა ჰქონდა.


წმინდანის გამარტებით, სავსე მთვარე იყო ჰოსტია, ხოლო ლაქა ნიშნავდა იმას, რომ ევქარისტიისადმი მიძღვნილი დღე, განსაკუთრებულად არ იზეიმებოდა.


1247 წელს, ლეჟას ეპისკოპოსმა ევქარისტიის დღესასწაული ეპიარქიულ დღესასწაულად გამოაცხადა, ხოლო 1264 წელს პაპმა ურბან მეოთხემ (1261-1264) მთელს ეკლესიაში დაადგინა მისი აღნიშვნა.


პაპი ურბან მეოთხე ჯერ კიდევ მღვდლობისას იყო წმინდა იულიანა სულიერი მამა. იმის მიუხედავად, რომ დღესასწაული თვით პაპის დადგენილი იყო, ამ დღემ დიდი გავრცელება ვერ მოიპოვა ქვემო რეინში, უნგრეთსა და საფრანგეთის ზოგიერთ ადგილებში. მე–13 საუკუნის ბოლოს, დამკვიდრდა პროცესიაც, რაც იქამდე არ იყო.


დღესასწაულის პირველი სახელწოდება „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს უწმინდესი ხორცის დღესასწაული“ იყო, 1570 წელს ტრიდენტის კრებაზე მიღებულ პირველ კონდაკში, ეს დღესასწაული შევიდა „In festo Corporis Christi“.


დღესასწაულის დასახელება გამოხატავდა ეკლესიის, ევქარისტიის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას პურის საფარქვეშ, რომელიც შუა საუკუნეებიდან ლიტურგიის განახლების დასაწყისამდე, მეოცე საუკუნემდე გრძელდებოდა.

რაც შეეხება ქრისტეს სისხლს, მას ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ქრისტეს უძვირფასესი სისხლის დღესასწაულად დამკვიდრება დადებითი იყო, ხოლო შემდგომი რეფორმის შედეგად, კალენდრიდან მისმა ამოღებამ, სიტუაცია არ გააუმჯობესა.


1970 წელს, დღესასწაულმა ახალი სახელწოდება შეიძინა - ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული. წმინდა წირვისა და პროცესიისთვის სპეციალური ლოცვები გადმოტანილ იქნა 1570 წელს მიღებული კონდაკიდან. მათი ტექსტების, ჰიმნებისა და სეკვენციების ავტორობას წმინდა თომა აქვინელს მიაწერენ.


დღესასწაულის ცენტრალურ ელემენტად ყოველთვის ითვლებოდა პროცესია. ადრე, პროცესიის დროს, მორწმუნეები გადიოდნენ დასახლებებსა და ქვეყნის ოთხივე კუთხით საკურთხევლებს დგამდნენ, სადაც ლოცულობდნენ კარგი ამინდისთვის, კარგი მოსავალისთვის და ა.შ.


დღეისათვის, ზოგიერთ ქვეყანაში, ადრინდელი ტრადიცია შენარჩუნებულია. მორწმუნეები კვლავ ამზადებენ ოთხ საკურთხეველს. ყოველ შეჩერებას თავისი თემატიკა აქვს:


პირველი: ევქარისტია - მსხვერპლი;

მეორე: ევქარისტია - სულიერი საკვები;

მესამე: ევქარისტია - მარადიული ცხოვრების პირობა;

მეოთხე: ევქარისტია - ეკლესიის ერთიანობს საიდუმლო.


პროცესიაში გამხატულია ქრისტეს მყოფობა და ადამიანების ღრმა პატივისცემა ევქარისტიის მიმართ.

ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, ზოგიერთ ქვეყანაში უარი განაცხადეს პროცესიის ჩატარებაზე, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში კი პირიქით, უფრო გაძლიერდა და პროცესიამ მეტი ინტერესი მოიპოვა მორწმუნეებში. შეიძლება ეს იყოს თანამედროვე სამყაროში ქრისტეს დამოწმების ერთ-ერთი ხილული საშუალება და ნიშანი.


მოამზადა შოთა გიქოშვილმა

0 comments

Comments


bottom of page