16 ივნისს, არალსა და უდეში მცხოვრებმა კათოლიკეებმა ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული იზეიმეს. ადგილობრივები მას „ვარდისშეყრასაც“ ეძახიან. ხალხში ეს სახელი დღესასწაულისთვის დამახასიათებელი ატრიბუტის – ვარდის ფურცლების გამოყენების გამო დამკვიდრდა.
ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში სულთმოფენობიდან 10 დღის შემდეგ აღინიშნება. მესხეთში არსებული ტრადიციის მიხედვით, ეს დღეს ხუთშაბათს ემთხვევა, ქვეყნის სხვა სამრევლოებში კი მას კვირას, 19 ივნისს აღნიშნავენ.
დღესასწაული ორ ნაწილს მოიცავს: წმ. წირვასა და საზეიმო მსვლელობას, ანუ პროცესიას.
არლის წმ. იოსების სახელობის ტაძარში, წმ. ლიტურგია დილის 10.00 საათზე დაიწყო. წირვა სამრევლოს წინამძღვარმა, მამა ანდრეი გრაჩიკმა, ვიკართან მამა ბექა ჩილინგარაშვილთან და დიაკვან ჯუმბერ მღებრიშვილთან ერთად აღავლინა.
ქადაგებისას წინამძღვარმა ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მსვლელობის დანიშნულებას, რომლის დროსაც, ოსტენსორიუმში (იგივე მონსტრანცია – წმინდა ნივთი) დაბრძანებული ქრისტეს ხორცი მორწმუნეებს წინ მიუძღვით.
„გაჩნდება კითხვა, რატომ მივდივართ პროცესიით ერთი ადგილიდან მეორისკენ, ცოტა უცნაური ნივთით, მონსტრანციით? იკითხავენ, რა მიგვაქვს, რას ვატარებთ ამ მზის ფორმის გამოსახულების შიგნით... თითქოს ჩანს, რომ ამ მზის დისკოში არის თეთრი ფურცელი.. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ფურცელი კი არა, პურია... მაშინ რატომ დაგვაქვს პური ქუჩაში? პასუხი არის ის, რომ ეს არ არის უბრალოდ პური, ეს არის ხორცი ჩვენი ღმერთისა, რომელმაც ისე შეგვიყვარა, ისე იფიქრა ჩვენზე, რომ გახდა არა მხოლოდ ერთი ჩვენგანი, არამედ ყველა ჩვენგანში გადანაწილდა. სწორედ ჩვენი რწმენის დასამოწმებლად ვატარებთ ქრისტეს ხორცს. და რატომ არის ეს მოწმობა ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ადამიანში არსებობს საჭიროება. დღეს სახარებაშიც მოვისმინეთ, რომ იესოსთან მიდიოდა ხალხი და მათში ჯანმრთელობაზე, მიწიერ სიცოცხლეზე, რაიმე საქმეზე მეტი, სულ სხვა საჭიროება არსებობდა და გრძნობდნენ რაღაცა შიმშილს. ასეთი შიმშილი არსებობს დღეს ყოველი ადამიანის გულში. ამისთვის არის საჭირო ქრისტეს ხორცის გაზიარება სხვებისთვის..“- განმარტა ქადაგებისას წინამძღვარმა.
წმ. წირვის შემდეგ, მორწმუნეები არლის ტაძრიდან მსვლელობით მეზობელი სოფლის, უდისკენ დაიძრნენ. ტრადიციულად, პროცესიას წინ ჯვარი მიუძღოდა, შემდეგ კი ოსტენსორიუმში (მონსტრანცია) დაბრძანებული ქრისტეს ხორცი. ოსტენსორიუმი მზის გამოსახულების მქონე წმინდა ჭურჭელია. სწორედ ქრისტეს ხორცს უფენენ მორწმუნეები წინ ვარდისა და ყვავილების ფურცლებს.
"გვწამს, რომ ამ დროს, ევქარისტიის მეშვეობით, ცოცხალი ქრისტეა ჩვენს შორის. სწორედ ამიტომ, პატივისცემის ნიშნად, ჩვენ მას გზაზე ყვავილებს ვუფენთ", – ამბობენ მორწმუნეები.
დაახლოებით ოთხკილომეტრიანი გზა მრევლმა ფეხით გაიარა. ადგილობრივებმა მსვლელობის მონაწილეებს გზად ვარდის ფურცლები დაახვედრეს, ზოგი მათგანი კი მსვლელობას თავადაც შეუერთდა.
მსვლელობა სპეციალურად მოწყობილ ადგილებში შეჩერებებსაც მოიცავს. მორწმუნეები ოთხჯერ შეჩერდნენ, მოისმინეს ღვთის სიტყვა, მცირე განმარტებებით და გზა გააგრძელეს. ბოლო წერტილი სოფელ უდეში არსებული ყოფილი კათოლიკური ტაძრის მიმდებარედ, დასახლების ცენტრი იყო. აქვეა მართლმადიდებელ დედათა, წმ. ნინოს სახელობის მონასტერიც. მონაზვნები, ყოველ წელს, მსვლელობას ინტერესით აკვირდებიან.
ბოლო შეჩერების შემდეგ, წმ. გიორგის სახელობის სამრევლოსა და წმ. იოსებ მშრომელის ტაძარში, უდის მრევლისათვის საზეიმო წირვა აღევლინა.
ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაულს მხოლოდ კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს, მორწმუნეები მას მე–13 საუკუნიდან ზეიმობენ.
კომუნისტურ პერიოდში, როცა მესხეთის სოფლებში კათოლიკე მღვდლები არ სწირავდნენ, ადგილობრივი მორწმუნეები „ვარდისშეყრის“ დღესასწაულზე ბუზმარეთის ტაძრის მოსალოცად მიდიოდნენ.
თაკო ფეიქრიშვილი
რობი ზარიძე
Comments