top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ქრისტიანებმა ერთად უნდა ვაშენოთ მშვიდობა’ - პაპი ფრანცისკე

30 ივნისს ვატიკანში, წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა დღესასწაულზე პაპმა ფრანცისკემ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მაღალ სასულიერო იერარქებს უმასპინძლა. პაპის მიმართვაში საუბარი იყო ქრისტიანთა ერთობაზე.

წმინდა მამის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი აჩვენებს, რომ ნებისმიერი ომი სრული კატასტროფაა: “ერებისა და ოჯახებისთვის, ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის; ადამიანებისთვის, რომლებიც იძულებულნი არიანდატოვონ თავიანთი ქვეყანა, ქალაქებისა და სოფლებისთვის, სრულიად ქმნილებათათვის ომი კატასტროფაა. კატასტროფაა ის, რაც დაემართა კახოვკის ჰესს”.



“ჩვენ, როგორც ქრისტეს მოწაფეებს, არ შეგვილია შევურიგდეთ ომს, არამედ ვალდებულნი ვართ ვითანამშრომლოთ მშვიდობისთვის. ამ ომის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც თითქოს ბოლო არ უჩანს, მოითხოვს ყველას საერთო ძალისხმევას, რათა მოვნიშნოთ და განვახორციელოთ სამართლიანი და სტაბილური მსოფლიოსაკენ მიმავალი გზები. ეს ყველაფერი არ მიიღწევა გათითოკაცებით, ვინაიდან მშვიდობა, უპირველეს ყოვლისა, არის უფლისაგან ადამიანისადმი ბოძებული მადლი, განსაკუთრებით კი მორწმუნისათვის, რომელიც მოწოდებულია იღვაწოს ღვთის სამშვიდობო საქმეებში”.



მშვიდობა იბადება ადამიანის გულიდან, თუმცა მას ხელს უშლის საკუთარი ინტერესების ხარბი სწრაფვა პირად, საზოგადოებრივ, ეროვნულ თუ რელიგიურ დონეებზე. ჩაკეტილობასა და ეგოიზმს უნდა დავუპირისპიროთ ღვთის მსახურების სტილი და თავგანწირვა, ქრისტეს სიყვარულის უსასყიდლოდ მიღება, რომელიც მოაქცევს და განაახლებს გულებს“ - ხაზგასმით აღნიშნა პაპმა.


წმიდა მამამკმაყოფილება გამოთქვა კათოლიკე და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის საერთაშორისო შერეული კომისიის XVპლენარული შეხვედრის შედეგებზე და აღნიშნა, რომ სრული ერთიანობა სულიწმიდის საჩუქარი იქნება.


“მორწმუნეებს შორის ერთობა არ არის დათმობისა და კომპრომისის საკითხი, არამედ მოწყალე სიყვარულია ძმებს შორის, რომლებიც მოწოდებულნი არიან აღიარონ საკუთარი თავები მამის საყვარელ შვილებად და ქრისტეს სულით აღვსილებმა, შეძლონ განსხვავებებში უფრო ფართო კონტექსტის დანახვა. ასეთია სულიწმინდის პერსპექტივა, რომელიც ამშვენიერებს განსხვავებებს”.


მიმართვის ბოლოს, რომის ეპისკოპოსმა გულითადი მოკითხვა გადასცა საყვარელ ძმას ქრისტეში, ბართლომეოსს და მსოფლიო საპატრიარქოს ეპისკოპოსთა დასს. პაპმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი რწმენისა და სიყვარულის თვალსაჩინო ერთიანობისკენ.



წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი






Comments


bottom of page