top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქრისტიანთა ერთიანობისათვის ლოცვის კვირეული

ტრადიციისამებრ, ეკლესიათა ეკუმენური საბჭოს რწმენისა და კონსტიტუციის კომისიამ და ქრისტიანთა ერთიანობის ხელშემწყობმა კათოლიკური ეკლესიის დიკასტერიამ ერთობლივად მოამზადეს ქრისტიანთა ერთიანობისათვის ლოცვის კვირეულის ტექსტები;


კვირეული, ტრადიციულად, გაიმართება 18-დან 25 იანვრამდე პერიოდში. ეს თარიღი 1908 წელს დაადგინა მამა პოლ უოტსონმა, ქრისტიანული ერთობისა და გულმოწყალების ჭეშმარიტმა მოციქულმა და იგი მოქცეულია წმიდა პეტრეს კათედრის დღესასწაულსა და წმიდა პავლეს მოქცევის დღესასწაულს შორის; ამიტომაც იძენს  სიმბოლურ დატვირთვას.


,,გწამს ეს?“ - ფრაზა იოანეს სახარებიდან (11, 26) მომავალი ლოცვის კვირეულის თემაა, რაც შთაგონებულია იესოსა და მართას შორის დიალოგით,  როდესაც იესომ ბეთანიაში მოინახულა მართა და მარიამი, მათი ძმის, ლაზარეს, გარდაცვალების შემდეგ. კვირეულისათვის საჭირო ლოცვები და მოსაზრებები ჩრდილოეთ იტალიაში, ბოზეს სამონასტრო საკრებულოს ბერ-მონაზვნებმა შეადგინეს. 2025 წელს ასევე აღინიშნება ქრისტიანთა პირველი საეკლესიო კრების 1700 წლისთავი, რომელიც გაიმართა ნიკეაში, კონსტანტინოპოლის მახლობლად, 325 წელს; ეს ხსოვნა უნიკალურ შესაძლებლობას იძლება, რომ დავფიქრდეთ და აღვნიშნოთ ჩვენი საერთო ქრისტიანული რწმენა, როგორც ეს გადმოცემულია ამ კრების მიერ ჩამოყალიბებულ მრწამსში, რწმენა, რომელიც დღესაც ცოცხალი და ნაყოფიერია. მის გადაწყვეტილებებს შორის ასევე დადგენილ იქნა აღდგომის საერთო თარიღი.


შემდგომმა განსხვავებულმა ინტერპრეტაციამ შედეგად მოიტანა ის, რომ  ხშირად აღმოსავლეთი და დასავლეთი აღდგომის აღნიშვნის სხვადასხვა თარიღს განსაზღვრავდნენ. იმ ცვლილების მოლოდინში, რომ აღდგომის თარიღი ყოველ წელს დაემთხვევა, 2025 წლის იუბილეზე ბედნიერი დამთხვევა მოხდა და როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიები ერთსა და იმავე დღეს აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულს. „მაცხოვნებელ მოვლენათა არსი, რასაც ყველა ქრისტიანი აღნიშნავს აღდგომის კვირას, 2025 წლის 20 აპრილს, ამ ჩვიდმეტი საუკუნის გასვლის შემდეგაც კი არ შეცვლილა. ერთიანობის ლოცვის კვირეული ქრისტიანებისათვის წარმოადგენს იმის პირობას, რომ გააანალიზონ და აღადგინონ ეს მემკვიდრეობა და მიუსადაგონ ის თანამედროვე კულტურას, თავისი სხვადასხვა კავშირით, იმაზე უფრო კომპლექსურს, ვიდრე ნიკეის კრების დროს იყო ქრისტიანული სამყარო. სამოციქულო რწმენით ერთად ცხოვრება ნიშნავს არა იმდროინდელი საღვთისმეტყველო შეპირისპირების განახლებას, რაც საუკუნეები გრძელდებოდა, არამედ, პირიქით, ბიბლიური საფუძვლების ხელახლა წაკითხვას ლოცვის თანხლებით, და საეკლესიო გამოცდილებას, რამაც განაპირობა კრების აღნიშვნა და დადგენილებების მიღება“. 2025 წლის ლოცვის კვირეული გვიწვევს, რომ გავიზიაროთ ეს საერთო მემკვიდრეობა და უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ რწმენას, რომელიც ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, გვაერთიანებს“. 


ქრისტიანთა ერთიანობისათვის ლოცვა, როგორც პირადად, ასევე ერთობლივად, შეგვახსენებს, რომ „თითოეული ჩვენგანი ზიარებაში იმყოფება იმ მორწმუნეებთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ლოცულობენ, რათა შექმნან ქრისტეს ეკლესიის უფრო ძლიერი და თვალსაჩინო ერთიანობა“.

იმედით სავსე შეხვედრა


„საღვთისმეტყველო დიალოგი შეუცვლელია ერთიანობისაკენ მიმავალ გზაზე, რადგან ერთობა, რისკენაც ვისწრაფვით, რწმენის ერთიანობაა, ოღონდ ჭეშმარიტების შესახებ დიალოგი არასდროს უნდა დაცილდეს დიალოგს გულმოწყალებასა და ცხოვრებაზე: ყოვლისმომცვლელ, ადამიანურ დიალოგს“. ასე განაცხადა პაპმა ფრანცისკემ აუდიენციაზე, სადაც მან მიიწვია აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი მარ ავა III (2024 წლის 9 ნოემბერი) - პავლე II-ისა და მარ დინხა IV-ის მიერ ,,საერთო ქრისტოლოგიურ დეკლარაციაზე“ ხელმოწერის ოცდაათ წლისთავზე - და კათოლიკე ეკლესიასა და აღმოსავლეთის ასურეთის ეკლესიას შორის საღვთისმეტყველო დიალოგის შერეული კომისია; ამ  დოკუმენტით წერტილი დაესვა 1500-წლიან ქრისტოლოგიურ დაპირისპირებას, რომელიც ეფესოს კრებიდან (431) მომდინარეობდა. „რწმენის ერთიანობა უკვე მიღწეულია ჩვენი ეკლესიების წმიდანთა მიერ, - დასძინა პაპმა, - ისინი არიან ჩვენი საუკეთესო მეგზურები სრული თანაზიარების გზაზე.


ამიტომაც, თქვენი უწმიდესობისა და ქალდეის ეკლესიის პატრიარქის თანხმობით, რაც ასევე წახალისებულია კათოლიკე ეკლესიის ბოლო სინოდის მიერ სინოდურობის შესახებ, რომელმაც გაიხსენა, რომ სხვა ეკლესიების წმიდანების მაგალითი არის „ძღვენი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ, მათი მოხსენიება შევიტანოთ ჩვენს ლიტურგიულ კალენდარში. ამასთან დაკავშირებით, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ღირსი ისააკ ნინეველი, აღმოსავლეთ-სირიული ტრადიციის ერთ-ერთი უდიდესი მამა, ყველა ტრადიციის მიერ მოძღვრად და წმიდანად აღიარებული, შეტანილი იქნება რომაულ მარტიროლოგიაში“. ღირსი ისააკ ნინეველის შეყვანა რომაულ მარტიროლოგიაში ,,ადასტურებს, რომ წმიდანობა არ განისაზღვრება გაყოფით და აგრძელებს არსებობას აღმსარებლობის საზღვრებს მიღმა. როგორც ვატიკანის მეორე კრებამ განაცხადა: „სამართლიანია და ხსნის მომტანია ქრისტეს სიმდიდრეების და ძალთა მოქმედების აღიარება სხვათა ცხოვრებაში, ვინც ქრისტეს მოწმობს, ზოგჯერ საკუთარი სისხლის ფასადაც“ (Unitatis Redintegratio 4)“.


„იმედი გვაქვს, რომ ღირსი ისააკ ნინეველის რომაულ მარტიროლოგიაში შეყვანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის მდიდარი ქრისტიანული სულიერების  მემკვიდრეობის მოწმეა, ხელს შეუწყობს მისი სწავლების თავიდან გაცნობას და ქრისტეს ყველა მოწაფის ერთიანობას“. მიუხედავად იმისა, რომ იგი ეკუთვნოდა ეკლესიას, რომელსაც სხვა ეკლესიებთან გაწყვეტილი ჰქონდა ზიარება, რამეთუ არ იღებდა ეფესოს 431 წლის კრებას, ღირსი ისააკ ასურის  ნაწარმოებები ყველა იმ ენაზე ითარგმნა, რომელზედაც საუბრობდნენ ქრისტიანები: ბერძნულ, არაბულ, ლათინურ, ქართულ, სლავურ, ეთიოპიურ, რუმინულ და სხვ. ასე გახდა ისააკ ნინეველი მნიშვნელოვანი სულიერი ავტორიტეტი, განსაკუთრებით ქრისტიანული ტრადიციის სამონასტრო წრეებში, რომლებიც მყისიერად მიაგებდნენ მას თაყვანს თავიანთი წმიდებისა და მამების გვერდით.


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

Comments


bottom of page