წლევანდელი კვირეული, რომლის თემა ემყარება ლუკას სახარების ტექსტს: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი... და მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ (ლუკა 10, 27), 18-25 იანვარს ჩატარდება.
მასალების მომზადება დაევალა ბურკინა-ფასოს ეკუმენურ ჯგუფს, რომელიც შედგებოდა ოუგადუგუს კათოლიკური არქიეპარქიის, პროტესტანტული ეკლესიებისა და ადგილობრივი ეკუმენური ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან; ჯგუფმა ერთობლივი თანამშრომლობით შეადგინა ლოცვებისა და რეფლექსიის ტექსტები.
ბურკინა-ფასო დასავლეთ აფრიკაში მდებარეობს, საჰელის რეგიონში. იგი განთავსებულია 174 000 კვადრატულ კმ-ზე, 21 მილიონი მოსახლეობით, მათ შორის, სამოცი ეთნიკური ჯგუფია. რაც შეეხება რელიგიას, მოსახლეობის დაახლოებით 64% მუსლიმია, 9% მისდევს ტრადიციულ აფრიკულ რელიგიებს, ხოლო 26% ქრისტიანია (20% კათოლიკე, 6% პროტესტანტი). ეს სამი რელიგიური თემი ქვეყნის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი და, პრაქტიკულად, ყველა ოჯახში.
ბურკინა-ფასო სერიოზულ კრიზისს განიცდის, რაც ძირს უთხრის პირად და სოციალურ უსაფრთხოებას, კრიზისი ეხება ყველა რელიგიურ თემს. 2016 წელს ქვეყნის გარედან ორგანიზებული ჯიჰადისტური თავდასხმების შემდეგ, ბურკინა-ფასოში უსაფრთხოების პირობები და, შესაბამისად, ქვეყნის სოციალური ერთიანობა, მკვეთრად გაუარესდა.
ქვეყანა ხანგრძლივად განიცდიდა ტერორისტულ თავდასხმებს, უკანონობისა და ადამიანებით ვაჭრობის მძიმე შედეგებს, რამაც სამი ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა და თითქმის ორი მილიონი დევნილად აქცია ქვეყნის შიგნით, დაიხურა ათასობით სკოლა, ჯანმრთელობის ცენტრი და მერია, სოციალურ-ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურდა. შეიარაღებული თავდასხმების სამიზნედ განსაკუთრებით ქრისტიანული ეკლესიები იქცა: მღვდლებს, პასტორებსა და კატეხისტებს ღვთისმსახურების დროს ხოცავდნენ, ჯერ კიდევ უცნობია გატაცებულ ადამიანთა სვე-ბედი. ამგვარი ტერორიზმის გამო ქრისტიანები ღიად ვერ გამოხატავენ საკუთარ რწმენას. იქ, სადაც ღვთისმსახურება ჯერ კიდევ შესაძლებელია, - ჩვეულებრივ, ეს ხდება დიდ ქალაქებში და პოლიციის მფარველობის ქვეშ, - უსაფრთხოების მიზნით აუცილებელი გახდა ღვთისმსახურების დროის შემცირება. სამწუხაროდ, მიუხედავად სახელმწიფოს და, ასევე, რელიგიური თემების დიდი ძალისხმევისა, ექსტრემისტული ჯგუფების გავრცელების გამო ქვეყანა კიდევ უფრო მეტად არასტაბილური ხდება. ამის პარალელურად, იზრდება სოლიდარობა ქრისტიანულ, მუსლიმურ და ტრადიციულ რელიგიებს შორის, რომელთა ლიდერები იღვწიან მშვიდობის, სოციალური ერთობისა და შერიგების გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
საპასუხოდ მთავრობის მოწოდებისა ილოცონ მშვიდობის, სოციალური ერთიანობისა და შერიგებისათვის, ცალკეული ეკლესიები ყოველდღიური ლოცვისა და მარხვისაკენ მოუხმობენ. გარდა ამისა, დევნილთა დახმარების მიზნით, გახშირდა სხვადასხვა კათოლიკური და პროტესტანტული თემების ერთობლივი მუშაობა, შეხვედრების და ცნობიერების ამაღლების გზით, რომელიც მიზნად ისახავს მდგომარეობის უკეთ გაგებას, ძმური ურთიერთობის ხელშეწყობას და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად სტრატეგიების შემუშავებას. 2024 წლის ქრისტიანთა ერთიანობის ლოცვის კვირეულის ტექსტებზე ერთობლივი სამუშაო ბურკინა-ფასოს სხვადასხვა ეკლესიისთვის იყო და არის ძლიერი გამოწვევა, რომ ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში ერთმანეთისადმი სიყვარულით ერთად იარონ, ილოცონ და იღვაწონ.
ბიბლიური ტექსტი - სიყვარულს მთავარი ადგილი უკავია ქრისტიანულ ცხოვრებაში
სიყვარული ქრისტიანული რწმენის დნმ-ია. ღმერთი სიყვარულია და „ქრისტეს სიყვარულმა გაგვაერთიანა“. ჩვენ ვპოულობთ ჩვენს საერთო იდენტობას ღვთის სიყვარულის გამოცდილებაში (შდრ. იოანე 3, 16) და ამ იდენტობას სამყაროში ვავლენთ იმდენად, რამდენადაც გვიყვარს ერთმანეთი (შდრ. იოანე 13, 35). 2024 წლის ლოცვის კვირეულისთვის არჩეულ მონაკვეთში (ლუკა 10, 25-37) იესო იმეორებს ტრადიციულ ებრაულ სწავლებას, რომელიც მოცემულია მეორე რჯულის წიგნში (6, 5): „გიყვარდეს უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი ძალით“ და ლევიანთა წიგნში (19,18 ბ): „გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი“.
პირველი საუკუნეების მრავალი ქრისტიანი მწერალი - მაგალითად, ორიგენე, კლიმენტი ალექსანდრიელი, იოანე ოქროპირი და ავგუსტინე, - ამ იგავში შეიცნობდნენ ღმერთის ჩანაფიქრის მიმართულებას სამყაროს ხსნისათვის. იერუსალიმიდან მოსულ ადამიანში ისინი ხედავდნენ ადამის ხატებას - და, შესაბამისად, მთელ კაცობრიობას, - სამოთხიდან ჩამოსულს საფრთხეებითა და სისუსტეებით სავსე ამ სამყაროში, ხოლო ყაჩაღებში - მტრულ მიწიერ ძალებს, თავს რომ ესხმიან ,,კაცობრიობას“. თავად ქრისტეში მათ დაინახეს სამარიელი ქალის სახე, რომელიც თანაგრძნობით გამოემართა ნაცემი და მომაკვდავი ადამიანის დასახმარებლად, ჭრილობები დაუმუშავა და წაიყვანა უსაფრთხო ადგილზე, რომელიც ეკლესიის სახე იყო. სამარიელი ქალის დაპირება, რომ იგი დაბრუნდებოდა, განიმარტა როგორც უფლის დაბრუნების აღთქმის წინასწარმეტყველება.
ქრისტიანები მოწოდებულნი არიან მოიქცნენ ქრისტეს მსგავსად - უყვარდეთ ისე, როგორც კეთილ სამარიელს, გამოიჩინონ გულმოწყალება და თანაგრძნობა გაჭირვებულის მიმართ, განურჩევლად მათი რელიგიური, ეთნიკური თუ სოციალური იდენტობისა. თუმცა მოყვასის სიყვარულის ასეთი ხედვა, რისკენაც იესო მოგვიწოდებს, დღევანდელ მსოფლიოში მძიმე გამოცდას გადის. მაგრამ თუ ქრისტიანები, მიუხედავად განსხვავებისა, ერთმანეთისადმი სიყვარულს ისწავლიან, შეძლებენ იქცნენ სხვათა მოყვასად, სახარებისეული სამარიელის მაგალითისამებრ.
იესო ლოცულობდა, რათა მისი მოწაფეები ერთნი ყოფილიყვნენ (შდრ. იოანე 17, 21): სწორედ ამიტომ არ უნდა დაკარგონ ქრისტიანებმა იმედი, ან შეწყვიტონ ერთობისათვის ლოცვა და მოღვაწეობა. როდესაც ისინი ერთად ლოცულობენ, თაყვანს სცემენ და ემსახურებიან ღმერთს, ისინი შეიცნობენ ერთურთს რწმენის ერთსა და იმავე გამოცდილებაში, და მაინც, ამგვარი ცნობიერების განხორციელება ეკლესიებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ურთიერთობებში, ბურკინა-ფასოშიც (და საქართველოში?) ღია გამოწვევად რჩება. ეკლესიებს შორის ნაკლები კავშირები და ორმხრივი ეჭვები ეკუმენურ გზაზე აღებულ ვალდებულებებს ასუსტებენ. ზოგს შეიძლება ეშინოდეს, რომ ეკუმენიზმი დენომინაციური იდენტობის დაკარგვას გამოიწვევს და შეაფერხებს მათი ეკლესიის „ზრდას“, მაგრამ ეკლესიებს შორის ასეთი მეტოქეობა იესოს ლოცვას უპირისპირდება. ერთიანობისათვის ლოცვის ამ კვირეულის მანძილზე შევთხოვოთ უფალს, რომ შეგვეწიოს, ჭრილობები მოგვიშუშოს და ნება დაგვრთოს, ნდობითა და იმედით გავუყვეთ ეკუმენიზმის გზას.
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ჟურნალი "საბა" 2024/01
留言