8 დეკემბერს, ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღესასწაულზე, ქუთაისელი მრევლი და კათოლიკე სასულიერო პირები კათოლიკურ ტაძარში არ შეუშვეს. მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანემ კათოლიკეებს საკუთარ ტაძარში შესვლა აუკრძალა.
როგორც ქუთაისის კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი ამბობს, კათოლიკე მრევლს ტრადიციად აქვს, რომ ყოველ 8 დეკემბერს ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახვის დღესასწაულზე, ამავე სახელობის კათოლიკური ტაძრის (მართლმადიდებლების მიერ ჩამორთმეული) მოსალოცად მიდიან. ეს წელიწადში ერთხელ ხდება, თუმცა ამ წელს საკუთარ ტაძარში ეს ერთჯერადი ვიზიტიც ვერ შედგა. საქმე ის არის, რომ მართლმადიდებელმა მიტროპოლიტმა იოანემ კათოლიკეების ტაძარში შესვლაზე ჯერ უარი განაცხადა, შემდეგ კი ეზოს ჭიშკარი ჩაკეტა – „კარანტინის“ მიზეზით.
მამა გაბრიელე ბრაგანტინი ამბობს, რომ ტაძარში შესვლისთვის თანხმობის მისაღებად, მართლმადიდებელ მიტროპოლიტს ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე, დღეში 3–4–ჯერ ურეკავდა, თუმცა იგი ზარებს არ პასუხობდა.
„ერთი კვირის განმავლობაში ვცდილობდი, რომ დავკავშირებოდი ეპისკოპოსს იოანეს და არ მპასუხობდა. ამ დილას, თავისი მდივნის საშუალებით მიპასუხა. მითხრა, რომ იქ შესვლა არ შეიძლებოდა. მიზეზად ასახელებდა განსხვავებული დოგმატი გვაქვსო. ვუთხარი, რომ სხვა წლებში, მაგალითად შარშან თანახმა იყავით – მეთქი. მითხრა – მაშინ კარგად არ ვიცოდი საქმე რას ეხებოდაო. თქვენს ეკლესიებში წადით და იქ ილოცეთო. ვუთხარი, რომ ქუთაისში ჩვენ არ გვაქვს სხვა ტაძარი და ასე მიპასუხა: რადგანაც თქვენ საპატიო მოქალაქე ხართ, შეგიძლიათ მთავრობიდან მოითხოვოთ რომ ახალი ეკლესია აგიშენონო. ვუთხარი „არა“, ეს ეკლესია ჩვენია, თქვენ შეხვედით იქ, რომელიც თქვენი არ არის, აქ ჩვენ უფლება გვაქვს რომ შევიდეთ სალოცავად– მეთქი. შემდეგ, მე დავრეკე საპატრიარქოში, იმიტომ, რომ ეს ძალიან მიუღებელი საუბარი იყო“, – ამბობს მამა გაბრიელე ბრაგანტინი.
მისივე თქმით, მიტროპოლიტთან საუბრის შემდეგ საქმეში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო ჩაერთო, რომელმაც ასე დარეკა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში, შემდეგ კი მიტროპოლიტ იოანესთან. აღმოჩნდა, რომ მიტროპოლიტი, არც საპატრიარქოს და არც ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს ზარის შემდეგ არ დათანხმდა ეკლესიაში კათოლიკეების შეშვებას:
„მერე, როცა დაურეკა ჩვენმა ეპისკოპოსმა სულ სხვანაირად თქვა – მამა გაბრიელემ შეურაცხყოფა მოგვაყენა და მართლმადიდებელ მღვდლებს ბოდიში მოუხადოსო, გაიხსენა ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების ჩამობრძანების ამბავიც“, – ამბობს მამა გაბრიელე ბრაგანტინი.
მისივე თქმით, 8 დეკემბერს მოულოდნელად, ყოფილი კათოლიკური ეკლესიის ჭიშკარი დაიკეტა: „ჭიშკარი აღმოჩნდა დაკეტილი და ამბობდნენ, რომ კარანტინია. მაგრამ გუშინ არაფერი იყო, ეკლესიაც ღია იყო. ეს იყო უბრალო მიზეზი, რომ დღეს არ შევსულიყავით“, – ამბობს მამა გაბრიელე და ამატებს, რომ მაშინ, როცა მართლმადიდებელი მიტროპოლიტი დოგმატის განსხვავებულობაზე მიუთითებს და ამის მიზეზით არ უშვებს კათოლიკეებს მათსავე ტაძარში, ამის პარალელურად ვატიკანში, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკა გაიხსნა და იქ ქართველმა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს:
„ვატიკანში ერთი კვირის წინ იყო ღონისძიება, სადაც საპატრიარქოდან ბევრი მღვდელი იყო, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკა გაიხსნა, კულტურის სამინისტროდან იყვნენ, საგარეო სამინისტროდანაც... ერთი კვრის წინ ასეთი მიღება იყო იქ და მაშინ დოგმატი არ იყო პრობლემა? და პარაკლისი აღასრულეს წმ. პეტრეს საფლავთან, მაშინ დოგმატი არ ქმნიდა პრობლემას? ეს ძალიან დასაფიქრებელი რამეა“...
კათოლიკე მრევლი მათთვის ჩამორთმეულ ტაძარში თითქმის 15 წელია, ყოველ წელს 8 დეკემბერს მიდის . ამისთვის კათოლიკე წინამძღვარი ნებართვას იღებდა ჯერ ყოფილ მიტროპოლიტ კალისტრატესგან, შემდეგ კი იოანესგან: „ახლა მეუფე იოანემ მითხრა – რასაც მეუფე კალისტრატესთან აკეთებდით, ჩვენთან იმავეს ვერ იზამთო“, – იხსენებს მამა გაბრიელე.
ცნობისთვის, ქუთაისის ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის კათოლიკური ტაძრის კათოლიკეებისთვის დაბრუნების შესახებ, 2023 წლის იანვარში ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ, საქართველოს მთავრობას წერილობით მიმართა. დოკუმენტში სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს იმ ექვს კათოლიკურ ტაძარს ახსენებს, რომლებიც კათოლიკეებს ჩამოართვეს და მართლმადიდებლებს გადასცეს. პირველ ეტაპისთვის, კარდინალი საქართველოს მთავრობას ქუთაისის კათოლიკური ტაძრის დაბრუნებას სთხოვს.
ასევე ეს ის ტაძარია, სადაც 2022 წლის 4 ოქტომბერს, პაპის ნუნციუსი და კათოლიკე მრევლი ფატიმის ღვთისმშობლის მიმლოცველობისას, ტაძარში შესასვლელი გადაუკეტეს.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments