top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ღარიბ ქვეყნებს ვალები ჩამოაწერეთ’ – პაპი გაეროს კონფერენციაზე

13 ნოემბერს, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე (COP29), პაპმა ფრანცისკემ ქვეყნებს მოუწოდა გარემოს დასაცავად  სასწრაფო ზომები მიიღონ და ყველზე მოწყვლად ქვეყნებს მხარი დაუჭირონ.

ბაქოში გამართულ კონფერენციაზე, პაპის გზავნილი წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ გააჟღერა. წერილში რომის ეპისკოპოსმა განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდა გააუქმონ წარსული გადაწყვეტილებები და ჩამოწერონ ღარიბი ქვეყნების ვალები: „ეს არ არის ქველმოქმედება, არამედ სამართლიანობა. დაგვიანებისთვის დრო აღარ რჩება. ქმნილებების დაცვა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, რომელიც განუყოფლად არის დაკავშირებული მშვიდობის შენარჩუნებასთან. როდესაც იზრდება იმედგაცრუება საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, აუცილებელია ხიდების შენება და არა კედლების“.

 

„ინდივიდუალური, ეროვნული ეგოიზმი, მმართველი წრეები - აძლიერებენ უნდობლობისა და განხეთქილების ატმოსფეროს, რომელიც არ აკმაყოფილებს ურთიერთდამოკიდებული სამყაროს მოთხოვნილებებს, რომელშიც ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ვიცხოვროთ, როგორც ერთი ოჯახის წევრებმა, რომლებიც ბინადრობენ ერთსა და იმავე ურთიერთდაკავშირებულ გლობალურ სამყაროში“.

 

წმინდა მამა აღნიშნავს, რომ ეკონომიკური განვითარება, გლობალური უთანასწორობის შემცირებისგან შორს, უპირატესობას ანიჭებს მოგებას და ვიწრო ინტერესებს, რამაც გაამწვავა ეკოლოგიური და სოციალური პრობლემები: “სიტუაციის შესაცვლელად, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ზოგადად ცხოვრების მიღებული წესის მავნე შედეგები გავლენას ახდენს ყველაფერზე. გადაწყვეტილებები უნდა მოდიოდეს გლობალური პერსპექტივიდან და არ ემსახურებოდეს რამდენიმე ქვეყნის ინტერესებს", - განმარტა პაპმა.

 

მისი თქმით, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ვალი ერთი მედალიონის ორი მხარეა, რომელიც საფრთხეს უქმნის მომავალ თაობებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად, წმინდა მამა გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ახალი ფინანსური არქიტექტურა სამართლიანობის, სოლიდარობისა და ადამიანზე ორიენტირებული პრინციპების საფუძველზე. ასეთმა სისტემამ უღარიბესი ქვეყნების, კლიმატური კატასტროფების მიმართ, ყველაზე დაუცველ ქვეყნებს უნდა უზრუნველყოს მდგრადი განვითარების შესაძლებლობები, ხოლო მათ საშუალებას მისცემს შეინარჩუნონ გარემოსდაცვითი და ეკონომიკური დამოუკიდებლობა.

 

“ჩვენ არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ და ზურგი ვაქციოთ ყველაფერს. გულგრილობა არის თანამონაწილეობა უსამართლობაში. მოგიწოდებთ შექმნათ კონკრეტული ამბიციური შეთანხმება. რომელიც იქნება გარანტი ახალი საფუძვლის ჩაყრისა ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისა”.

 

მიმართვის დასასრულს, რომის ეპისკოპოსი კიდევ ერთხელ ადასტურებს წმიდა საყდრის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს გარემოსდაცვითი განათლების სფეროსა და გლობალურ პარტნიორობას, რათა ემსახუროს კაცობრიობას და შეინარჩუნოს საერთო მომავალი.

 

შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page