საქართველოში, კათოლიკე ეკლესიებში ხშირად მოისმენთ საგალობელს, რომელსაც „ანბანთქება“ ჰქვია და ღვთისმშობელ მარიამს ეძღვნება. საგალობლის გავრცელებული ვერსია ქართული ანბანის ასოთა რიგის მიხედვითაა შედგენილი და ღვთისმშობლის ქებას ასახავს.
ტექსტი საკმაოდ ძველია. იგი მესხეთში, კათოლიკეებით დასახლებულ სოფლებში თითქმის ყველა ასაკოვანმა ადამიანმა იცის. მელოდია მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელია. გალობის მოსმენისას ცხადად იგრძნობა, რომ საგალობელი ზეპირსიტყვიერებამ გადაარჩია.
„ანბანთქების“ კიდევ ერთი ვერსია აღმოჩნდა სტამბულის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში, რომელიც კათოლიკე მღვდელს, შალვა ვარდიძეს გადაუწერია. ეს ვერსია ბევრად დიდია იმასთან შედარებით, რასაც ამჟამად კათოლიკე ეკლესიაში ვგალობთ. ანბანის წყობის მიხედვით შედგენილ ტექსტის სინქრონს, განსხვავებული სტრიქონები არღვევს.
მიუხედავად ამისა, სტრიქონები, რომლებიც ორივე ვერსიაში თანხვდება – იდენტურია.
აი, რას წერს პროფესორი შუშანა ფუტკარაძე:
„[სტამბულის ქართველ კათოლიკეთა] მონასტრის არქივში დაცულ ხელნაწერებს შორის, საყურადღებოა წმინდა მარიამ ღვთისმშობლის საგალობლები. ისინი შექმნილია მონასტერში მოღვაწე მღვდელ–მონაზონთა მიერ.
მხატვრულობით გამოირჩევა სტეფანე გიორგიძის, ანდრია წინამძღვრიშვილისა და შალვა ვარდიძის მიერ შეთხზული საგალობლები.
ერთი მნიშვნელოვანი საგალობელი კი ახალციხიდანაა ჩატანილი. ეს საგალობელი XIX საუკუნის ბოლოს ქ. ახალციხეში 95 წლის სფირიდონ ხმალაძისგან ჩაუწერია ახალციხელ ანდრია გრილაძეს. იგი მალე საცხოვრებლად გადასახლებულა სტამბოლში. გრილაძეების ოჯახი სტამბოლელ ქართველთა შორის გამორჩეული იყო ეროვნული სულისკვეთებით. მათ დიდხანს მოუხერხებიათ ქართული გვარის შენარჩუნება.
სფირიდონ ხმალაძეს ანდრია გრილაძისთვის უთქვამს: „ოსმალობის დროსაო ამ ლექსს ვხმარობდით ლოცვასავითაო, წარმოვთქვამდით საერო სიმღერების ხმაზედაო; თავყრილობებზედ, ქორწილებშიდაც ვგალობდით, რადგან მართლმადიდებლებს საეკლესიო ლოცვების ცხადლივ წარმოთქმა გვეკრძალებოდაო. ამ საგალობელს ყველა მესხი–ქრისტიანიცა და მუსულმანიც მხურვალე გულით ერთად ვგალობდით და ეს საგალობელი – დედა მარიამის სიყვარული გვაერთიანებდაო... ეს საგალობელი ჩვენი წინაპრებიდამ მოდის, 200–250 წლისა მაინც იქნებაო. „
მღვდელ შალვა ვარდიძეს ეს საგალობელი გადაუწერია ანდრია გრილაძისაგან და შეუნახავს მონასტრის არქივში. მკითხველს ვთავაზობთ წმინდა მარიამ ღვთისმშობლის სრულ ტექსტს, რომელიც ინახება სტამბულის ქართულ სავანეში:
„ამოსული ხარ ყვავილად, წმიდაო ყოვლის სოფლისა,
ბაღჩა ხარ აყვავებული, მოსაწონარი უფლისა...
გაბრიელის ხარებითა მოგევლინა ძალი ღვთისა,
იესო ქრისტეს დედა ხარ, ქალი ზეციურ მამისა.
ემანუელ შენგნით იშვა, მიზეზი ჩვენი დახსნისა,
ვარდი ხარ აყვავებული, მოსაწონარი უფლისა...
ზიხარ მუდამ შენს ძესთანა, მეოხე ცოდვილებისა,
ჰასრათი ვარ მე ცოდვილი, მუდამ შენი წყალობისა,
თვალი შენი ჩვენზედ იყოს, შიში არა გვქონდეს მტრისა,
ისიმ ძუძუ დაილოცოს, რომ აწუა ქრისტეს პირსა...
კურთხეული ხარ, მარიამ, დედუფალი ხარ ზეცისა,
ლამაზი ხარ, მშვენიერი, საკვირველო სამოთხისა.
მარიამ მიმადლებულო, სიტყვა გაქვს ანგელოზისა,
ნეტარი ხარ, მარიამ, მუდამ ყოვლისა გვარისა,
დედუფალი ხარ დედაო, იმედო ჩვენი ხვალისა...
ისმინე ვედრება ჩვენი, ქალწულო ჩვენი გულისა...
მწარე ცრემლები იხილე სამშობლო დაკარგულისა...
ორნი გზანი მიგვაჩნია, ნუ გვარგუნებ მწარე დღესა...
ბილწსა ეშმაკსა ნუ მიგვცემ, შეგვავედრე მაცხოვარსა,
ჩვენაც გულით ვიგალობებთ დიდი დედის სახსოვარსა...
ჟამი ისიმ დაილოცვის, რომ შეიქმენ დედა ღვთისა,
მოგვეც ძალი და შეწევნა ქართულ ენით ლექსის თქმისა...
რასა ღირს ვარ რომ შენ გაქო, თუკი შენ არ მომცემ შნოსა,
შენი მადლით ამ ზამთარმა, ვერ მოგვკლას, ვერ დავაზროსა...
სანთელი ხარ ანთებული გამნათებელი ბნელისა,
ტურფა რამე ფრინველი ხარ, მიმგზავსებული მტრედისა...
უშენოდ არ შემიძლია ხილვა წმიდა სამოთხისა,
ბაღჩა ხარ აყვავებული, ელვარება ზურმუხთ ქვისა...
ქვეყნისა ანგელოზი ხარ, ვარსკვლავი ხარ ცისკარისა...
ღრუბელი ხარ უმძიმარი, წვიმა შვიდი მაისისა,
სილამაზე ხარ მზიანი, აისის და დაისისა...
ისმინე ჩემი ვედრება, ერთგულ უფლისა მონისა,
სინათლის სხივი გვაჩუქე, ისმინე ქვეყნის გლოვისა...
ცამ, ქვეყანამ გაიხარა, იესოს ქრისტეს შობისა,
ძე ღვთისა ქვეყნად მობრძანდა, დახსნად ადამის ტომისა
დილ–დილით ლოცვებს გავედრებთ, მესხეთის ფეხზე დგომისა,
მოგვეც ძალა და შეწევნა, სურვილი ერთად ყოფნისა...
მიეც სინათლე, დედაო, მიწას გულგაუყოფელსა,
წყალობის კალთა გვაფინე, მშვიდობა მიეც სოფელსა,
დედის წყალობა სინათლეს დაჩაგრულ გულებს მოჰფენსა...
მარიამ, ტკბილო დედაო, სხივო ღვთიურ ნათელისა,
შენა ხარ ჩვენი ნუგეში მუსლიმანი ქართველისაც,
მესხეთის გულის ყვავილო, ტაოსი და კლარჯეთისაც,
თვალის ჩინი ხარ, დედაო, ფოცხოვის და ჩილდირისაც...
სილამაზე ხარ უჭკნობი, ცისკრისა და ჩვილ დილისა.
უფლის დედა ხარ ნეტარი, ვინ არის შენი სადარი,
მარიამ ჩვენი დედაც ხარ, მშობელი დედის ბადალი,
ჩვენი გალობაც ისმინე, მხურვალე ლოცვის სადარი...
სამოთხის ია შენა ხარ, არვინ არი შენი მსგავსი,
გულიდამ შემოგვაძარცვე ცოდვისა და ბოღმის ხავსი...
ხე ცხოვრებისა იწოდე, ხანი გაქვს უკვდავებისა,
მადლობას გწირავთ გულისა, შენზედ გალობა გვეღირსა...
მხურვალე გული მოგვეცი, მხურვალეც ვიყოთ ლოცვისა,
გვაღირსე დიდო დედაო, მადლი მეორედ მოსვლისა,
შენს სადიდებლად მოგვეცი, ნიჭი ჭეშმარიტ მგოსნისა...
ჰასრათობა ამისრულე, ქალწულო ჩვენი გულისა,
ისმინე ჩვენი ვედრება სამშობლო დაკარგულისა!
დედის უბეში გვამყოფე, ხელი გვაშორე მტერისა...
ისმინე დიდ დედაო, ვედრება ჩვენი ერისა...
გვამყოფე გამგრძელებელი მამა–პაპათა წესისა,
ჰოი, რა ტკბილი დედა ხარ, შენი დიდება გვეღირსა.“
თაკო ფეიქრიშვილი
コメント