top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ღირს კი მიგრაცია?


ბევრი მეცნიერი უწოდებს ამჟამინდელ ეპოქას „მიგრაციის ხანას“. გლობალიზაციის პროცესის დაჩქარებამ და მზარდმა საერთაშორისო თანამშრომლობამ განაპირობა უფრო ინტენსიური მიგრაციული ნაკადები მსოფლიო მასშტაბით. სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში მიგრაციის ზრდა შეინიშნება მსოფლიოს ყველა მხარეში, განსაკუთრებით აზიასა და ევროპაში. 2022 წელს ყოველი ოცდაათი ადამიანიდან ერთმა დატოვა მშობლიური მხარე და საცხოვრებლად გადავიდა სხვა ქვეყანაში. იმავე წელს, ომის, ძალადობის, დევნისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო გაქცეული ადამიანების რაოდენობა, მიუხედავად პანდემიისა, შეადგენდა თითქმის 82,4 მილიონს (ეს რიცხვი სულ რაღაც ათ წელიწადში გაორმაგდა), მათ შორის იყვნენ ლტოლვილები, თავშესაფრის მაძიებლები და იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე არასრულწლოვანები; ადამიანები, რომლებიც გაურბიან ომს, როგორც, მაგალითად, სირიაში ან უკრაინაში; გარბიან კლიმატური კრიზისის გამო, მაგალითად, აფრიკის რქის ქვეყნებში, ან შეიარაღებული ჯგუფების ძალადობის გამო, როგორც სომალში. მიზეზი, რაც უბიძგებს ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ემიგრაციისკენ, თუნდაც სიცოცხლის ფასად (2014-2022 წლებში თითქმის ოცდახუთი ათასი ემიგრანტი დაიღუპა და დაიკარგა ხმელთაშუა ზღვაში ევროპაში გაქცევის მცდელობისას), მრავალია.


მიგრაციული პროცესები გარდაუვალია ისეთი განვითარებადი ქვეყნებისათვის, როგორიცაა საქართველო, სადაც ადამიანთა უმრავლესობა ვერ ახდენს თვითრეალიზაციას და ვერ ახერხებს დასაქმებას სასურველი პროფესიით, პირობებით თუ ანაზღაურებით. დღესდღეობით საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 1.447.2 მილიონი კაცია, მათ შორის დასაქმებულია 1.129.7 მილიონი, ხოლო 317.5 ათასი უმუშევარია. სწორედ ასეთი მაჩვენებლების გამო ხდება მასობრივი ემიგრაცია საქართველოდან.


მავანმა „იქადაგა“, ქართველები ემიგრაციაში იმიტომ მიდიან, რომ არსებობს ამის შესაძლებლობა, თითქოს ამით იმის თქმა სურდა, ვიზები რომ არ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდაო; რათა დავრწმუნდეთ, თუ რამდენად ზედაპირულია ამგვარი ფიქრი, საკმარისი იქნება, საქართველოს აეროპორტების მოსაცდელ დარბაზებში გავესაუბროთ უცხოეთში მიმავალ ან ახლად დაბრუნებულ ადამიანებს, რომელთა შორისაც, არცთუ იშვიათად, არიან არც ისე ახალგაზრდები და ფიზიკურად ძლიერნი; მათი პასუხი უთუოდ ასეთი იქნებოდა: ,,საქართველოში არასაკმარისია სამუშაო ადგილები“, ან ,,თუკი ადამიანი მუშაობს, დღევანდელი ცხოვრების მოთხოვნებთან შედარებით, ხელფასი ძალიან შეუსაბამოა“; და არა იმიტომ, რომ ვიზებია...


ფაქტობრივად, ხალხი მაშინაც ცდილობდა ემიგრაციაში წასვლას, როცა ვიზები არ იყო და სხვადასხვა ხერხს მიმართავდნენ, ოღონდ სხვა ქვეყანაში სამუშაოდ წასულიყვნენ! თუკი სურვილი აქვთ, ადამიანები ემიგრაციაში არ წავიდნენ, - რაც, როგორც ჩანს, არ აინტერესებს მთავრობას, პარლამენტს, პარტიებს, - უნდა შეიქმნას ნორმალურად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები; როგორც ამბობენ, მუშაობენ სამუშაო ადგილების შექმნაზე; ცხადია, ტურიზმი, მშენებლობა, საგზაო ქსელი, უნივერსიტეტები უცხოელი სტუდენტების მისაღებად - ეს ყველაფერი დიდი შესაძლებლობებია, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის იმ მექანიზმის დასანერგად, რამაც უნდა შექმნას სამუშაო და მოქალაქეთა კეთილდღეობა, მაგრამ, უპირველესად, ცხოვრების ის ხარისხი, რომელსაც შეუძლია ემიგრაციის შეჩერება ან სხვა მიზნის დასახვა.


სანამ პარლამენტს წარუდგენენ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც სხვა ქვეყნების და სხვა წარსულის საეჭვო გამოცდილებას ეყრდნობა, სჯობს, პარლამენტი და მთავრობა სერიოზულად დაფიქრდეს ამაზე. თუ სხვადასხვა ეკონომიკურ ანგარიშში კმაყოფილებით ვკითხულობთ, რომ საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ფული გაიზარდა, ამავდროულად, არ ვაღიარებთ, რომ ეს სწორედ საზღვარგარეთ დასაქმებული ადამიანების შრომის წყალობით ხდება, რომ ოჯახებს ან მას, რაც ქართული ოჯახიდან დარჩა, ამ ფულით ნორმალურად ცხოვრება შეუძლია; სახელმწიფოსთვის იოლია არ იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოაგვაროს სამუშაო ადგილების დეფიციტი და, ამავდროულად, თვითკმაყოფილი იყოს ამ შემოსავლებით: ორი კურდღელი ერთი გასროლით, როგორც ნათქვამია ანდაზაში! რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს? თუ ემიგრაციას შეუძლია სარგებელიც მოიტანოს სხვადასხვა სფეროში - კულტურული გაცვლით, ახალი ნაცნობებით, ახალი საქმიანობით და ამის საჭიროებაც არსებობს, ეს მანამდე არ იქნება ადვილი, ვიდრე ზოგიერთი „სულიერი მამისგან“ ამგვარ რჩევას ისმენენ: „არ იმეგობრო კათოლიკეებთან“, როგორც ერთმა პროფესორმა გამიმხილა, ვინც იტალიურს უფასოდ ასწავლის ბევრ ქართველ ქალბატონს. და, რა თქმა უნდა, ვერც სამშობლოს სადღეგრძელოები, სიამაყით წარმოთქმული ფრაზები ქართული კულტურის სიდიადესა და უნიკალურობაზე, რაზე საუბარიც ასე იოლია, ვერ გადაარჩენს საქართველოს, თუნდაც ეს პრემიერმინისტრების მიერ იყოს წარმოთქმული საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე!


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი "საბა" / 04.2023

Comments


bottom of page