top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ყალბ დემოკრატიაზე უარესი დიქტატურა არ არსებობს'

„შეიყვარეთ სამართლიანობა, ქვეყნის მსაჯულნო, შეიცანით უფალი სიკეთით და გულის სიწრფელით ეძიეთ იგი... “ (სიბრძნ. 1, 1). ამ სიტყვებით დავიწყე დილის ლოცვების კითხვა 27 ოქტომბრის კვირადღეს, როდესაც ჟამთა ლიტურგიის წიგნი გადავშალე. იმ დღეს ჰაერში უცნაური სურნელი შევიგრძენი... მთელი დღის განმავლობაში მიჩნდებოდა მძაფრი სურვილი, გამეგო, ვინ მოიგო, ან ვინ წააგო წინა დღის არჩევნები და როგორ წარიმართა ყველაფერი.


იყო კი ეს დამთხვევა? უამრავი ვერსია გაჟღერდა, ამიტომ განსაკუთრებით ელოდნენ საღამოს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას. სამწუხაროდ, 26 ოქტომბრის შედეგები კვლავ ძალიან წინააღმდეგობრივია, მიუხედავად ხმების დათვლისა და გადათვლისა; შესაძლოა, საუბარი იყო არა ხმების გადათვლაზე, არამედ მოწმეთა მიერ შეგროვებულ ჩვენებებზე, რათა შემდეგ უფრო მკაფიო და ნაკლებად მასობრივი ინიციატივები შეეთავაზებინათ; ამ ვითარებაში, ოფიციალური პროცენტების მიხედვით, ირკვევა, ვინ მოიგო და ვინ წააგო; თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არავის მოუგია და ერთადერთი, ვინც წააგო, იყო ამ ქვეყნის დემოკრატია.


შესაძლოა, პარტიის „ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაგრამ მათ ნამდვილად წააგეს ხალხის „ოცნებები“; შეიძლება ჯგუფის ამბიციამ გაიმარჯვა, მაგრამ საზოგადოების ღირსება დაიკარგა; მათ, რომლებმაც ფული ჩადეს საარჩევნო რეკლამაში, შეიძლება გაიმარჯვეს, მაგრამ დაკარგეს მთელი ერის, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა ერთიანობა. განა არ უნდა დაგვაფიქროს იმ ფაქტმა, რომ ქალაქები, ქუჩები, ავტობუსები, მიკროავტობუსები, კედლები... დიდი ხნის განმავლობაში ერთი პარტიის ფერებით იყო დაფარული და მხოლოდ ბოლოს, მორიდებით გამოჩნდა სხვა პარტიების რეკლამები?


ერთ-ერთ ავტობუსზე განთავსებული იყო რეკლამა №4, ჩემთვის ვფიქრობდი, ციფრი ხომ არ დაავიწყდათ-მეთქი? განა არ უნდა დაგვაფიქროს ზოგიერთმა მართლაც უგემოვნო საარჩევნო პლაკატმა, სადაც ოპოზიციონერთა სახეები, როგორც „ძაღლები“, ისე ეჭირათ ლაგამით და ვინ იცის ვის? გამბედაობა არ ეყოთ ეჩვენებინათ, ვის ეჭირა ისინი ლაგამით! ან თუნდაც ომისა და მშვიდობის ამსახველი სარეკლამო პლაკატები? რა თქმა უნდა, თუ დავფიქრდებით, ომის ეს სურათები აღებულია იმ ომიდან, რომელიც პროვოცირებულია, - ყოველ შემთხვევაში, არაპირდაპირი გზით, - არა ევროპული ქვეყნების, არამედ უშუალოდ ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მყოფი ქვეყნის მიერ.


და მშვიდობის ამსახველი სურათები? ვისი ნაყოფია? ვინც მართავდა და ისევ სურს მმართველობის გაგრძელება? ვინ იცის, ვისგან მიიღეს ამდენი ეკონომიკური რესურსი, მიუხედავად უცხოური აგენტების შესახებ საგადასახადო კანონისა! განა არ უნდა დაგვაფიქროს იმ ფაქტმა, რომ საქართველოს დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში ხალხმა უპირატესობა არ მიანიჭა მმართველ პარტიას, მაშინ როცა სხვა რეგიონებში უმცირესობაში აღმოჩნდნენ პარტიები? უცნაური პოლიტიკური გეოგრაფიული რუკა იკვეთება, რამაც უნდა დაგვაფიქროს, ყოველ შემთვევაში, თუკი იქნება იმის სურვილი, რომ მმართველობას შეუდგნენ ნამდვილად „პოლიტიკური“ და არა „პარტიული“ გზით, რომელიც ემსახურება არა საკუთარ, არამედ ყველა მოქალაქის ინტერესებს.


ალბათ, ვინმე იტყვის, რომ ეს ,,შეუძლებელია“; არადა შესაძლებელია, თუკი გაჩნდება სურვილი, მოვიძიოთ საერთო პროექტები, საერთო მიზნები, რომლებიც არ დაიყოფა უმრავლესობად და უმცირესობად; ვიდრე ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, შუქნიშანთან რომ დგანან და მოწყალებას ითხოვენ ავადმყოფისათვის, ვიდრე ისევ მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად, ვიდრე შენობები, ბეტონის ურჩხულები, შენდება ლამის ერთმანეთზე მიწყობილი და თვით ტაძრებსაც კი არად აგდებენ (მახსენდება თბილისის ასირიული კათოლიკური ეკლესია), რაც ნამდვილად სირცხვილია! ეს ნიშნავს, რომ რაღაც არ მუშაობს მათ პროექტებსა და მიზნებში, ვინც მართავდა და ემზადება ხელახალი მმართველობისათვის. როგორ დასრულდება ეს ყველაფერი? ალბათ, იმავე სცენარით, როგორც ოთხი წლის წინ, სცენარით, რომელიც პრაქტიკულად ამოქმედდა ყოფილი საბჭოთა ბლოკის სხვა ქვეყნებში.


მაშასადამე, დემოკრატიის გამოწვევა ისეთივე აქტუალურია, როგორც არასდროს, რათა შეიქმნას სივრცე დიალოგისათვის, შეხვედრებისათვის, მომავლისათვის, თანამშრომლობისათვის, ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების წინააღმდეგ, პესიმიზმის აღმოსაფხვრელად, სუფთა ხელებით მოსული ახალი სახეების მოსაზიდად, მათ შორის გულწრფელი საუბრისათვის, ვინც ხალხით ინტერსდება, ვისაც უნარი აქვს იმსახუროს კლიენტელიზმის, ოპოზიციის, დაშინების და, რატომაც არა, „რელიგიური ფავორიტიზმის“ გარეშე... თუ არადა, როგორც ომანელმა მძლეოსანმა მოჰამედ ფედი ბენ საადიმ თქვა: „ყალბ დემოკრატიაზე უარესი დიქტატურა არ არსეობს“.


მამა გაბრიელე ბრაგანტინი




Comments


bottom of page