top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘შაბათი ორგანით’ – საკათედრო ტაძარში შესაძლებელია კლასიკოსი კომპოზიტორების ნაწარმოებების მოსმენა

“შაბათი ორგანით“ – ასე ჰქვია საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს ინიციატივას, რომელიც თბილისის საკათედრო ტაძარში, 1300 მილიან ორგანზე ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებების გაჟღერებას ემსახურება.



ამ ინიციატივის შესახებ ეპისკოპოსმა საჯაროდ იანვრის დასაწყისში განაცხადა. მან თქვა, რომ ყველას, ვინც დაინტერესებულია საორგანო მუსიკით და შეუძლია ორგანზე დაკვრა, კვირაში ერთხელ, ერთი საათით დაუთმობდა ეკლესიის ორგანს იმისთვის, რომ იგი აეჟღერებინათ.


ორგანი ლიტურგიებისას მოქმედია, თუმცა ინიციატივის ფარგლებში, მასზე პირველად შაბათს, 2024 წლის 10 თებერვალს, 19:00–დან 19:45 საათამდე დაუკრავენ. მეორე ნაწილი კი 24 თებერვალს, იმავე დროს გაიმართება.


ორგანზე დაუკრავს ნორვეგიაში, სტავანგერის კათედრალური ტაძრის მთავარი ორგანისტი, ოსლოს მუსიკალური აკადემიის ბაკალავრი და მაგისტრი, ისთმანის მუსიკალური აკადემიის  დოქტორანტი, პროფესორი ვანო სარაჯიშვილი.


გაჟღერდება შემდეგი კომპოზიტორების საორგანო მუსიკა: იოჰან სებასტიან ბახი (1685–1750 წწ.), რობერტ შუმანი (1810–1856 წწ.), დიტრიხ ბუქსტეჰუდე (1637–1707 წწ.), გოტფრიდ აუგუსტ ჰომილიუსი (1714–1785 წწ.).


„ამ პერიოდში, ყოველ მსურველს შეეძლება ტაძარში შემოსვლა, მდუმარებაში ორგანის მოსასმენად. ყოველ ჯერზე, სხვადასხვა ორგანისტი გვაჩუქებს ამ ინსტრუმენტის ჰანგებით სავსე დროს. ჰანგებით, რომელთაც ძალუძთ სულიერ საკვებად შეაღწიონ ყველას გულში, ვინც დაჰყვება მშვენიერების მიზიდულობას“, – წერია ტაძრის განცხადებაში.


საკათედრო ტაძარში საორგანო მუსიკის მოსმენა შესაძლებელი იქნება ყოველი თვის მეორე და მეოთხე შაბათს, 19:00–დან, 19:45 საათამდე. მისამართზე – თბილისი, გია აბესაძის N4 – ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური კათედრალი.  


„ორგანის ტემბრის დიდი მრავალფეროვნება – პიანოდან დაწყებული ფორტისიმოთი დამთავრებული – მას აქცევს ყველა სხვა ინსტრუმენტზე აღმატებულ ინსტრუმენტად. მას შეუძლია რეზონანსი მისცეს ადამიანის არსებობის ყველა სფეროს. ორგანის მრავალმხრივი შესაძლებლობები გარკვეულწილად გვახსენებს, ღვთის უკიდეგანობასა და დიდებულებას“, – პაპი ბენედიქტე XVI.


ასევე ნახეთ:



თაკო ფეიქრიშვილი

 

 


Comentarii


bottom of page