top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

შობის ღამეს ჯიჰადისტებმა ნიგერიაში 11 ქრისტიანი მოკლეს


ისლამურმა ფუნდამენტალისტურმა დაჯგუფებამ “ბოკო ჰარამმა” საშობაო ღამის წირვაზე 11 ქრისტიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, გადაწვა ეკლესია, მღვდელი კი გაიტაცეს.


შემთხვევა ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიაში მოხდა. ჯიჰადისტემბა სამიზნედ ქრისტიანებით დასახლებული პატარა ქალაქი შეარჩიეს.


ნიგერიის უსაფრთხოების სამსახური ეკლესიებს აფრთხილებდა შობის დღესასწაულისათვის ჯიჰადისტური დაჯგუფებების გააქტიურების შესახებ და სახლებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა, მაგრამ პატარა ქალაქ პემიში შეიარაღებული „ბოევიკები“ მოტოციკლებითა და სატვირთო ავტომობილებით შეიჭრნენ, თავს დაესხნენ საავადმყოფოს, გაიტაცეს წამლები და პროდუქტი, რომლებიც მრევლს უნდა მიეღო შობის წირვის შემდეგ.


შემდგომ ისინი შეიჭრნენ ეკლესიაში და გაიტაცეს ადგილობრივი მღვდელი, დახოცეს ქრისტიანები. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა მეტიც იყოს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბევრი ადამიანის ბედი გაურკვეველია, ბევრმა კი ტყეებს შეაფარა თავი.


შობის ღამეს მსგავსი შემთხვევა მეზობელ გარკილადშიც მოხდა, სადაც ისლამისტურმა დაჯგუფებამ დაარბია ადგილობრივი ქრისტიანული საკრებულო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა აქაც გაიტაცეს წამლები აფთიაქიდან და პროდუქტები მაღაზიებიდან, გადასწვეს საცხოვრებელი სახლები.


„ნიგერიის პრეზიდენტის დაპირება, რომ გაუსწორდებოდა ისლამისტურ დაჯგუფებებს, მხოლოდ დაპირებად რჩება. ჩრდილოეთ ნაწილში ქრისტიანების დასაცავად საკმარისი ძალები არ მობილიზებულა. პოლიციას არ გააჩნიათ სათანადო შეიარაღება და ვერ ახერხებენ ხალხის დაცვას. „ბოკო ჰარამის“ დაჯგუფება კი ძლიერდება და მისი გავლენა ნიგერიის გარდა, შესამჩნევლად იზრდება მეზობელ ჩადში და კამერუნშიც“, - ნათქვამია „ვატიკან ნიუსის“ სტატიაში.


წყარო: Vatica News


თარგმანი: შოთა გიქოშვილი
0 comments
bottom of page