• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"შუა სერის" ეკლესიის დღესასწაული


25 იანვარს, წმ. პავლე მოციქულის მოქცევის დღეს, მესხეთში, სოფელ არალში "შუა სერის" ეკლესიის დღესასწაული აღინიშნება. 2022 წელს, საზეიმო წმ. წირვა გორისა და ბეთლემის სამრევლოების მოძღვარმა, მამა დარიუშ კომადოვსკიმ აღავლინა.


"შუა სერის" ეკლესიის ეზოში არსებული თოვლის მიუხედვად, საზეიმო წმ. წირვა, მაინც აღევლინა. ლიტურგია, პავლე მოციქულის ხსენების დღესა და ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვას მოიცავდა.


საზეიმო წმ. წირვაზე მამა დარიუშთან ერთად, სომხურ–კათოლიკური წესის მღვდელი, მამა პოღოს გრიგორიანი, არლის ეკლესიის წინამძღვარი მამა ანდრეი გრაჩიკი, არლის ეკლესიის ვიკარი – მამა ბექა ჩილინგარაშვილი და დიაკონი ჯუმბერ მღებრიშვილიც იმყოფებოდნენ.


მღვდელმა დარიუშ კომადოვსკიმ ქადაგებისას ყურადღება პავლე მოციქულის მოქცევაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისი მოქცევა იყო პროცესი და უცბად არ მომხდარა.

"შუა სერის" ეკლესია, სოფელ არალს, მომაღლებული ადგილიდან გადაჰყურებს. ტაძრის მდებარეობის გამო, (იგი დასახლების ცენტრიდან დაახლოებით 1 კმ. –ით არის დაშორებული) აქ ყოველკვირეული წირვა არ აღევლინება, თუმცა "შუა სერის" ეკლესია აქაურების განსაკუთრებით უყვართ.


ისტორიული ტაძარი 1991 წელს, სოფლის მკვიდრის, პავლე აკოფაშვილის ძალისხმევით აღდგა. როგორც იგი ამბობს, ეკლესიის აღდგენა 1987 წელს, კომუნისტური პერიოდის დროს დაიწყო, ამიტომ, პროცესს თან ერთგვარი შიშიც ახლდა. ,, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მამაჩემი დაკრძალვიდან შემოსული ფული დედას მივეცი და ვუთხარი მიცვალებულებისათვის საწირავი მიეცა, შემდეგ კი ვიფიქრე, რომ ამ ფულით ეკლესიის ნანგრევების შემოღობვა უკეთესი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ტერიტორიას ღობე შემოვავლეთ, ჩემმა ბიძაშვილმა, ქვის ოსტატმა, გიორგი აკოფაშვილმა ეკლესიის აღდგენა შემომთავაზა. იმ დღიდან მასალის, ტექნიკისა და ხელოსნების მოძიება დავიწყე”– ამბობს, პავლე აკოფაშვილი და ამატებს, რომ ეკლესიის აღდგენას 4 წელი დასჭირდა, რადგან მასალის შეძენა, მოტანა და ხელოსნების დაყოლიება, გარკვეულ წინაღობებთან იყო დაკავშირებული.


დაბრკოლებების მიუხედავად, პავლე აკოფაშვილმა ეკლესია საბოლოოდ 1991 წელს დაასრულა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, მის საკურთხებლად ვატიკანის საელჩოში თხოვნით თავადვე ჩავიდა.


საბოლოოდ, ტაძარი რამდენიმე წლის შემდეგ, 19 მარტს, წმინდა იოსების სახელობის ტაძრის დღესასწაულზე, არალში ჩამოსულმა წმინდა საყდრის ნუნცმა, ჟან პოლ გობელმა, პავლე აკოფაშვილის თხოვნის, წმინდა პავლეს მოციქულის სახელზე აკურთხა.


"შუა სერის" ეკლესიის დღესასწაული არალში 25 იანვარს აღინიშნება. თარიღი მამა იეჟი შიმეროვსკიმ არალის მაცხოვრებლებთან ერთად დააწესა.




თაკო ფეიქრიშვილი