
14–15 აგვისტოს, წეროვნის სახლმა ასოციაცია „რწმენა და სინათლეს“ წევრებს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში, მათ არაერთი აქტივობა შეასრულეს და დრო ერთობლივად ნაყოფიერად გაატარეს.
ასოციაცია „რწმენა და სინათლე“ აერთიანებს გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ადამიანებს, მათ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული ქარიზმა, ნიჭი აქვთ. ჯგუფში ადამიანები რელიგიური ნიშნით შერჩეულები არ არიან.
„რწმენა და სინათლე“ არის ჯვარედინი ქრისტიანული საქველმოქმედო ასოციაცია, რომელიც 1971 წელს საფრანგეთში, ჟან ვანიესა და მარი ჰელენ მატიეს მიერ დაარსდა.
ასოციაციის მიზანია დაეხმაროს ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებს, მათ მეგობრებსა და ოჯახს – მეგობრობის, ლოცვის, დღესასწაულების გაზიარების გზით. ასოციაცია 81 ქვეყნის დაახლოებით 1 612 თემს მოიცავს.
იგი საქართველოში 1994 წელს, მარია გოგობერიშვილმა დააარსა. როგორც მისი ერთ–ერთი წევრი, ლელა მახარაძე catholic.ge –სთან ჰყვება, მაშინ მარია ერთ–ერთ კერძო სკოლაში მივიდა და განაცხადა, რომ ასეთი საკრებულოს ჩამოყალიბება უნდოდა და ისინი დაპატიჟა. თავად ლელა მახარაძე ასოციაციას ორი წლის შემდეგ შეუერთდა და 1997 წელს მეორე ასეთი საკრებულოც დააფუძნა.
„ამ ადამიანებს სპეციფიკური ქარიზმა აქვთ. საერთოდ არ არიან დაძაბულები ურთიერთობაში, ანუ როგორებიც არიან, ისეთები არიან სინამდვილეშიც, ნიღბის გარეშე, ბუნებრივები. არ ცდილობენ სხვანაირები გამოჩნდნენ, რაც სხვა ადამიანებისთვისაა დამახასიათებელია, როცა უნდათ, რომ თავი წარმოაჩინონ სხვა ადამიანებად. ისინი ძალიან უშუალოები არიან და აქვთ სიყვარულის უნარი. ჩვენ ინტელექტუალურ პრიზმაში ვატარებთ ჩვენს ქმედებებს, ისინი კი, ამას საერთოდ არ აკეთებენ“, – ამბობს ლელა მახარაძე.
მისივე თქმით, ასოციაციას სხვადასხვა საქმეში დიდ დახმარებას უწევს კათოლიკე ეკლესია საქართველოში.
„ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი ეკლესია და ის დიდ ყურადღებას გვაქცევს, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს თაოსნობით. გვაქვს ჩვენი ბინა, გლდანში, სადაც მცირე სარემონტო სამუშაოების შემდეგ შეხვედრებს განვაახლებთ. აქამდე კი თბილისის საკათედრო ტაძრის დარბაზში ვიკრიბებოდით. სამ კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ... გარდა ამისა, გვაქვს დრო, როცა ერთად გავდივართ სადმე, მაგალითად პიცის საჭმელად... ასევე უყვართ სტუმრად სიარული, რადგან აკლიათ ადამიანური სითბო“...
მისივე თქმით, ჯგუფის წევრებს დიდ მხარდაჭერას უწევენ საკუთარი მშობლები. მათ ნაწილს, გარდა მენტალური შეზღუდვისა, ფიზიკური შეზღუდვაც აქვთ...
ლელა მახარაძის სურვილია, რომ მსგავსი საკრებულოები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩამოყალიბდეს: „ჩვენ ვეძებთ მეგობრებს, ჩემი სურვილია, რომ ასეთი მოძრაობა მაგალითად იყოს ბათუმში. იმიტომ, რომ ეს ნამდვილად დიდი თერაპიაა. ჩვენ, თქვენ გელოდებით და თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გაიზიაროთ ის დიდი ჩანაფიქრი, რომელიც აქვს სამყაროს და აქვს უფალს, ყოველი ჩვენგანის მიმართ. იქ, სადაც არის მეგობრობა, ურთიერთგაგება, სიყვარული, დეპრესიის დრო აღარ რჩება...“
წლების განმავლობაში, ასოციაციის მიზანია გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ადამიანების შესაძლებლობები წარმოაჩინოს: „მათში, როგორც პიროვნებაში ჩადებულია პოტენციალი და შეხვედრების დროს, როდესაც ჩვენ ვმღერით, ვგალობთ, ვლოცულობთ, ვიცინით ან ვთამაშობთ, ეს პიროვნული თვისებები ვლინდება. ეს ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ის საჭიროა საკუთარი თავისთვისაც და სხვისთვისაც...“, – ამბობს ლელა მახარაძე.
„რწმენა და სინათლეს“ ორდღიან ბანაკში 32 ადამიანი მონაწილეობდა.
თაკო ფეიქრიშვილი