top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ძალადობა

გთავაზობთ მამა გაბრიელე ბრაგანტინის სტატიას ტოლერანტობის თემაზე.


ერთი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც თბილისში ძალადობა გაბატონდა; ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი ძალადობა, პლაკატებით ძალადობა, ძალადობა გარკვეულ მომენტებშიც კი მოსალოდნელი, დაცული, დაფინანსებული... ძალადობა, რომელმაც მოიტანა ტკივილი და თვით სიკვდილიც;


ეს იყო გაცხადებული ძალადობა იმ მრავალი ძალადობიდან, რაც, სამწუხაროდ, უხილავია, რაზეც არ საუბრობენ, მაგრამ ის არსებობს: ოჯახებში, სკოლებში, სტადიონებზე, შეჯიბრებებში, თვითგადარჩენისას და... თვით ადამიანის გულში.


თუკი არსებობს ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის, ჰომოფობიის მსოფლიო დღე, მაშინ არსებობს ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო დღე? დიახ, და იგი აღინიშნება 2007 წლიდან, ყოველ 2 ოქტომბერს, მაჰათმა განდის დაბადების დღეს.


დიახ, რადგან, როცა ვსაუბრობთ ქალების, ჰომოსექსუალების მიმართ ძალადობაზე, არსებობს იმის საფრთხე, რომ ადამიანებმა თავიანთი წმიდათაწმიდა უფლების, როგორც კაცის, ქალის, ბავშვის, მოხუცის, ჯერ არშობილი ბავშვის უფლებების დასაცავად ისევ ძალადობრივი ფორმების გამოყენებას მიმართონ...


ძალადობა ნამდვილად არ მიიჩნევა ადამიანურ, სამოქალაქო და რელიგიურ პასუხად ძალადობის მრავალ ფორმაზე. დღეს არა მხოლოდ ძლიერია ის, ვისაც იარაღი უჭირავს ხელში და ძალადობს, არამედ ისიც, ვისაც ხელთ კამერა უპყრია, ვისაც შეუძლია გადაწყვიტოს ამა თუ იმ საკითხის გაშუქება, ვისაც შეუძლია ან გააძვიროს, ან არ გააძვიროს ბენზინი, პური... ხოლო სუსტია ის, ვინც ამ ყველაფრის წინაშე უძლურია... თუნდაც ცხოვრობდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში.


ამგვარ ვითარებაში რთული, მაგრამ აუცილებელი ამოცანაა, გავიგოთ და გავაანალიზოთ თუ რა ხდება სამყაროში, რომელიც აყალიბებს საზოგადოებას: იმედგაცრუება, შეუსრულებელი დაპირებანი, სწრაფი ტექნიკური განახლება, რომელთა წინაშეც ისეთივე მოუმზადებლები ვართ, როგორც ბავშვი, კოსმოსური ზონდის ტარებას რომ მოისურვებს.


გამოწვევა, რომელიც თავგზას გვიბნევს, რადგან სიტყვები გახდა ორაზროვანი, ორლესული მახვილივით; ის ჩვეული პარადიგმები, რომლებიც დღეს რეალობაში ორიენტირებაში გვეხმარება, როგორც ჩანს, არ ამართლებს, ხელიდან გვეცლება: რას ნიშნავს ისეთი სიტყვები, როგორიცაა უფლებები და მოვალეობები, უმრავლესობა და უმცირესობა, ტრადიცია და განვითარება, ძლიერი და სუსტი, ევროპული ღირებულებები...


გამოხატვის თავისუფლება, ხელშეუვალი უფლებაა, კონსტიტუციურად განსაზღვრული და დაფუძნებული ცივილიზაციის დიდ ქარტიაში (გაეროს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია, 1948 წ.), რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეეწინააღმდეგოს თანაბარი მნიშვნელობის, ან აქტუალური სოციალური ხასიათის მქონე ადამიანის უფლებებს. სწორედ უმცირესობათა უფლებებმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს უმრავლესობის უფლებებს, ისეთ ტრადიციულ ღირებულებებს, როგორიცაა ოჯახი, კონცეფცია ადამიანის ბუნების შესახებ, მისი თავისუფლება, არჩევანი, თვითგამორკვევა...


ამდენად, ადგილობრივი თუ საყოველთაო სცენარით, სამოქალაქო თანაცხოვრების ასპარეზზე დიდი ანტინომია, ურთიერთდაპირისპირება იკვეთება; და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არის გამოხატვის, ინფორმაციის თავისუფლება, რაც სპეციფიკურ სენსიტიურ თემებს და სხვისგან კონკრეტული სუბიექტების დაცვის უფლებას ეწინააღმდეგება; ეს ძლიერი ანტინომია, რომელიც ყოველდღიურად გვაყენებს იმედგაცრუების, ვალდებულებების, არჩევანის, ფასეულობების წინაშე... ჩვენს თავისუფლებას რომ ზღუდავს;


მართალია თუ არა, რომ ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვების თავისუფლება? ჩვენი საზოგადოების ზრდა-განვითარება ადამიანის უფლებების დაკონკრეტებით ხდება, მაგრამ ამ ზრდამ ახალი კონფლიქტური სიტუაციები შექმნა, რაც ართულებს ყველას მიმართ პატივისცემას იმ ღირებულებათა საფუძველზე, რასაც ყველა გაიზიარებდა. ეს ნამდვილად დიდი დილემაა!


ერთი რამ ცხადია, თუ არ შევეცდებით, ვიყოთ ინტელექტუალურად კეთილსინდისიერები, თუკი არ ვეცდებით ვისუნთქოთ ღრმად, სუფთა ჟანგბადს არ მივაწვდით გონებას, შედეგიანი და ნაყოფიერი გზით ვერ ჩავწვდებით ამ ახალ ფენომენს.


თანაარსებობა და ინტერაქტივობა უნდა იყოს იმ კონცეფციებს, იდეებსა და სენსიტიურ საკითხებს შორის, რომლებიც შეჯახებისას ნაპერწკლებს ისვრიან, ერთმანეთს ემუქრებიან და ეწინააღმდეგებიან. ამ მწვავე და ღრმა დაპირისპირებაში ერთმანეთის ჩაძირვას ცდილობენ.


ამ ვითარების გასაუვნებლად, დროდადრო, საჭიროა დიდი გონებრივი გახსნილობა, კეთილსინდისიერება, დიდი მოთმინება, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, და არა მისი სხვებზე დაკისრება.


მამა გაბრიელე ბრაგანტინი

ჟურნალი "საბა" / 2021 წელი, აგვისტო

Comments


bottom of page