“ძალადობის გამო, ყოველწლიურად, საშუალოდ 130 000, 20 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდი იღუპება. ყოველ 4 წუთში, ერთი ბავშვი კვდება. მათგან დაახლოებით 90 მილიონი ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, ხოლო მსოფლიოში ყოველი მეხუთე ადამიანი ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო“ – ამის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდმა სპეციალურ ანგარიშში განაცხადა.
ანგარიში „მკვლელობისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე“ მომზადდა ბავშვთა მიმართ ძალადობის შეწყვეტის გენერალური მინისტერიალის კონფერენციისთვის, რომელიც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ტარდება და მასში მონაწილეობენ მსოფლიო ლიდერები, სამოქალაქო და საქველმოქმედო ორგანიზაციები, ძალადობას გადარჩენილი პირები და ახალგაზრდები.
დოკუმენტის მიხედვით, განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევია დაუცველი მოზარდებისა და ახალგაზრდა გოგონების პროცენტი, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან.
ანგარიში ასევე მოიცავს შემდეგ სტატისტიკას:
– გასული წლის განმავლობაში, 15-დან 19 წლამდე ასაკის 50 მილიონზე მეტი მოზარდი გოგონა გახდა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ქმრის ან პარტნიორის მიერ;
– დაახლოებით 500 მილიონი მამაკაცი (ყოველი მეშვიდე) ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო;
– 1,6 მილიარდი ბავშვი - ანუ ორი მესამედი - რეგულარულად იტანს საკუთარ სახლში მძიმე ფიზიკურ დასჯას და კიდევ უფრო მეტს - ფსიქოლოგიურ აგრესიას;
– დაახლოებით 550 მილიონი ბავშვი (ყოველი მეოთხე) ცხოვრობს დედასთან, რომელიც პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.
ბავშვზე ძალადობა - ფიზიკური, ემოციური თუ სექსუალური, მიუთითებს გლობალურ კრიზისზე, რომელიც გავლენას ახდენს ისეთ წრეებზე, როგორიცაა სკოლა, ოჯახი, საზოგადოება და ინტერნეტი. ძალადობა იწვევს მძიმე ჭრილობებს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებს, ფსიქიკურ პრობლემებს (შფოთვა, დეპრესია) და სიკვდილს. ადრეულ ასაკში ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური სტრესი, გონებრივი განვითარების დარღვევები, აგრესიულობა, დამოკიდებულება და კრიმინალური ქცევა. გარდა ამისა, ბავშვები, რომლებიც განიცდიან ძალადობის ტრამვას, უფრო ხშირად თავადაც მოძალადეები არიან, რაც გავლენას ახდენს მთელი საზოგადოების კეთილდღეობაზე.
„ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომელმაც სრულად გაიგო ბავშვებზე ძალადობის გავრცელების არსი, მიზეზები და ფასი. ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომელმაც იცის, როგორ შექმნას გამოსავალი, რომელიც მუშაობს. პრევენციის, განათლებისა და მხარდაჭერის სერვისებში ინვესტიციებით, ჩვენ შეგვიძლია გავწყვიტოთ ძალადობის ციკლი და ავაშენოთ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის დირექტორმა შიმა სენგუპტამ.
ბავშვთა ფონდმა ისაუბრა პროექტებში ინვესტიციის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს პროგრამებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობას, რათა დაეხმარონ მშობლებს შვილების კარგად აღზრდაში, ბავშვებისთვის უსაფრთხო სასკოლო სივრცეების უზრუნველყოფაში და დამხმარე სერვისების არსებობაში, რომლებიც ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ბავშვთა ფონდი საზოგადოებას მოუწოდებს სასწრაფო ჩარევას იმ დანაშაულებებთან საბრძოლველად, რომლებიც მთელს მსოფლიოში მილიონობით ბავშვის სიცოცხლეს ანადგურებს.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comentários