კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ ჰუმანიტარულ ცენტრ „ხიზაბავრაში“ ძველი და ახალი თაობის ხიზაბავრელების შეხვედრა მოეწყო.
80 წელს გადაცილებულმა ბებია–ბაბუებმა ახალგაზრდებს მათი ცხოვრების შესახებ მოუყვნენ. გაიხსენეს ძველი ამბები და ესაუბრნენ საკუთარ რწმენაზე, რომელიც აქამდე შემოინახეს.
ხიზაბავრელებმა სიყვარულით გაიხსენეს, საბჭოთა პერიოდის შემდეგ, მათი პირველი მოძღვარი კათოლიკე მისიონერი, კამილიელთა ორდენის წევრის, მამა პავლე შჩეპანეკი. რომელიც 1997 წელს ჩამოვიდა პოლონეთიდან და საქართველოში, ამავე წელს სოფელ ხიზაბავრის „იესოს გულის“ სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. დაახლოებით ორი წელი იყო იგი ხიზაბავრის ტაძრის წინამძღვარი და თავისი მოღვაწეობის ხანმოკლე პერიოდში ბევრის გაკეთება მოასწრო...
გარდა საეკლესიო ცხოვრებისა, ასაკოვანმა ხიზაბავრელებმა საკუთარი შესაძლებლობებიც აჩვენეს. მათ საკუთარი ლექსები და ძველი სიმღერები წარმოადგინეს.
ზოგიერთი მათგანისათვის ყველაზე რთულად გასახსენებელი მეორე მსოფლიო ომის პერიოდი აღმოჩნდა. მაშინ პატარები იყვნენ, თუმცა მშობლების ომში წასვლით გამოწვეული ტკივილი, ახსოვთ და მას წლების შემდეგ ლექსებსაც უძღვნიან.
შეხვედრაზე 80 წელს გადაცილებული 12 ხიზაბავრელი იმყოფებოდა. მათ ახალგაზრდებმა მცირე ღონისძიება მოუწყეს და ყვავილებით დაასაჩუქრეს.
შეხვედრას ორგანიზება ცენტრმა „ხიზაბავრამ“ და მისმა წარმომადგენელმა, კათოლიკე ეკლესიის დიაკონმა, ჯემალ დათაშვილმა გაუწია. მისი თქმით, ეს უკვე მეორე შეხვედრაა, როცა ხიზაბავრის ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან და ტრადიცია ასე გაგრძელდება.
ღონისძიებაზე დაიგეგმა მომავალი შეხვედრის თარიღიც. ხიზაბავრაში ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები, როგორც ასაკოვანი მოსახლეობისათვის, ასევე ახალგაზრდებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
catholic.ge
Comments