top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წირვა, რომელზეც მირონი და წმინდა ზეთები იკურთხება

მირონს, რომელიც ნათლობისა და მირონცხების საიდუმლოების აღსრულებისას გამოიყენება, საქართველოს კათოლიკე ეკლესიაში დიდ ოთხშაბათს აკურთხებენ. იმ ქვეყნებში კი, სადაც დიდი კათოლიკური ეპარქიებია, წესის მიხედვით, დიდ ხუთშაბათს იკურთხება.



დიდ ოთხშაბათს, მირონისა და წმინდა ზეთების კურთხევის წმიდა წირვა თბილისში, მარიამის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში აღევლინება. ლიტურგიას საქართველოში მოღვაწე ყველა სასულიერო პირი დაესწრება და ისინი სამღვდელო ფიცს განაახლებენ.


“მირონის კურთხევის წმიდა წირვა” ყოველთვის აღევლინება საკათედრო ტაძარში, ეპარქიის, ადმინისტრაციის, ეპისკოპოსის წინამძღოლობით იმავე ეპარქიის ანდა ადმინისტრაციის მღვდელმსახურებთან, მონასტრებისა და ორდენების წარმომადგენლებთან, პერმანენტულ დიაკვნებთან, არსებობის შემთხვევაში ლექტორებთან, აკოლიტებთან და მორწმუნეებთან ერთად.


1970 წლის 6 მარტს, პაპ პავლე VI-ის გადაწყვეტილებით, მირონის წირვის დროს,მღვდლები თავიანთ სამღვდელო ფიცს აახლებენ. ამიტომ ეს წირვა მღვდლებისთვის განსაკუთრებულია. ამ ლიტურგიაზე ისმის მთელი ეკლესიის ლოცვა მღვდელმსახურებისათვის.


რომაული კონდაკის თანახმად, ევქარისტიული ლოცვის დასასრულის წინ, ანუ სანამ ეპისკოპოსი წარმოთქვამს სიტყვებს: “ქრისტეს მიერ უფლისა ჩვენისა”, ხდება სნეულთა ზეთის კურთხევა, ხოლო ზიარების შემდგომი ლოცვის შემდეგ,აღევლინება კათაკმეველთა ზეთის კურთხევა.

შემდგომ კი აღევლინება მირონის კურთხევა. ეპისკოპოსი შეურევს კეთილსურნელებას და ზეთისხილის ზეთს ერთმანეთში და მისი კურთხევისას თანამსახურებაში ერთვებიან მღვდლებიც, რომლებიც სულიწმინდის მოხმობით, გაშლიან წინ მარჯვენა ხელს ჭურჭლისკენ, სადაც მირონია მოთავსებული. მირონის რაოდენობა დამოკიდებულია ეპარქიაში ანდა სამოციქულო ადმინისტრაციაში შემავალ მორწმუნეთა და მღვდელმსახურთა რაოდენობაზე.


ყველა სამრევლოს გადაეცემა შესაბამისი რაოდენობით მირონი, რომელიც შემდგომში გამოიყენება ნათლობის საიდუმლოსა და მირონცხების (კონფირმაციის) საიდუმლოების აღსრულების დროს.


ნათლობის საიდუმლოში მირონის ცხება შეგვახსენებს პიროვნების ადამიანური ღირსებას, რომელიც ხდება ღვთის შვილი და მისი ამოცანა იქნება მისცეს თავისი სიცოცხლე მას, ვისგანაც ის მიიღო. სწორედ ამაში მდგომარეობს მღვდლობის საყოველთაობა.


აღსანიშნავია, ასევე ის, რომ მირონი გამოიყენება მირონცხების საიდუმლოს აღსრულების დროსაც (კონფირმაცია), ამ საიდუმლოთი ადამიანში მყარდება ნათლობის საიდუმლოს მადლი და მისი მიღება ყოველი ქრისტიანის მოწოდებაა, ანუ მორწმუნე ამ საიდუმლოთი დაამოწმებს თავის რწმენას წუთისოფლის წინაშე.


მირონის ცხება ხდება ასევე მღვდლობის ხელდასხმისას, როდესაც ხელდასხმული იღებს მადლს პირნათლად აღასრულოს ღვთის ერისა და კათოლიკე ეკლესიის წინაშე მასზე დაკისრებული მსახურება.


VI საუკუნის ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ მირონი მიიღებოდა ზეთისხილის ზეთისა და სხვადასხვა სურნელოვანი ნელსაცხებლების ერთმანეთში შერევით.


მირონის ცხება იყო უმთავრესი ელემენტი მეფეების, მღვდლებისა და წინასწარმეტყველების დადგენის დროს. ღმერთისგან რჩეული პიროვნებების საკურთხებლად, რომელთაც უნდა განეხორციელებინათ კონკრეტული დავალებები. ცხების წესის აღსრულებისას, გამოიყენებოდა ზეთისხილის ზეთი. ახალ აღთქმაში ცხებამ უფრო ღრმა შინაარსი შეიძინა. იესო,ლუკას სახარებაში,თავის თავს უწოდებს ქრისტეს, ანუ ღმერთის ცხებულს სულიწმინდითა და ძალით: “სული უფლისა ჩემზეა გადმოსული, ვინაიდან მან მცხო მე გლახაკთა სახარებლად”. ბერძნული ტერმინი Christos - ნიშნავს ცხებულს და იგი არის ებრაული ტერმინის Meshiah - ის (მესია) ანალოგი.


catholic.ge


Comments


bottom of page