top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა ბლაზის მოხსენიება და სანთლების ტრადიცია

წმიდა ბლაზის მოხსენიების დღეს, 3 თებერვალს, ზოგიერთ ქვეყანაში, ლიტურგიის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია სანთლებით ყელის კურთხევა. 

ბოლო ლოცვის შემდეგ, მღვდელი ამზადებს ორ სანთელს, რომლებსაც ერთმანეთზე ჯვარედინად გადააჭდობს, შემდეგ კი მორწმუნეებს იხმობს თავისთან, რათა გადაჯვარედინებული სანთლები ყელზე მიადოს. ვინაიდან წმიდა ბლაზი ყელის ზეციურ მკურნალად მიიჩნევა. ამ რიტუალის დროს კი იკითხება შემდეგი ლოცვა:

 

“ვთხოვოთ ღმერთს, რომელიც არის სიცოცხლის წყარო, ყელის ჯანმრთელობა და სიტყვის ნიჭის სწორად გამოყენება, რათა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ იგი ღვთის სადიდებლად და ხალხის საკეთილდღეოდ, ამინ!”

 

ეს რიტუალი პოლონეთში XVI საუკუნიდან იღებს სათავეს და დღემდე ცნობილია.

 

ადრე ამ რიტუალს ასეთი სახე ჰქონდა: ტაძარში ინთებოდა საშუალო ზომის  ცვილის სანთლები, რომლის კვამლსაც მორწმუნეები სუნთქავდნენ, ზოგი კი უკეთესი შედეგისთვის, სანთლის ნაჭრებს ღეჭდა. მღვდელი ჩამოივლიდა მრევლში და ჯვარედინად გადაჭდობილი სანთლებით მათ ყელს ეხებოდა -  ეს ტრადიციული რიტუალი, დღეს პოლონეთის მხოლოდ ზოგიერთ ეპარქიაში აღევლინება.

 

წმიდა ბლაზის მოხსენიების დღეს, “რომაული რიტუალი” მოიცავდა სპეციალურ ფორმულას და იკურთხებოდა არა მხოლოდ სანთელი, არამედ ხილიც, ყველაზე ხშირად კი – ვაშლი. ასევე აკურთხდებდნენ პურს, ღვინოსა და წყალს. ნაკურთხი საკვები მოგვიანებით ნაწილდებოდა საჭიროებისამებრ. მაგალითად, მათ აძლევდნენ, ვინც ყელის ტკივილს უჩიოდა. ამ განსაკუთრებული საკვებით მკურნალობდნენ ცხოველებსაც.

 

ვინ იყო წმიდა ბლაზი?

 

ტრადიციის თანახმად, იგი დაიბადა კაბადოკიაში (დღევანდელი თურქეთი). თავდაპირველად, ექიმად მუშაობდა, მაგრამ დაავადებების მკურნალობა ბლაზის მოწოდება არ იყო. მან მიატოვა პროფესია და წავიდა უდაბნოში, რათა მარტოობაში, მარხვასა და ლოცვაში უფრო დაახლოებოდა ღმერთს.



იმპერატორ ლიცინიუსის პერიოდში, ქრისტიანთა დევნის დროს დააპატიმრეს და სასტიკად აწამეს. რის შემდეგაც,  316 წელს, თავი მახვილით  მოჰკვეთეს.

წმიდა ბლაზი მიიჩნევა ქვისმთლელთა მფარველად და ზეციურ მკურნალად ყელის დაავადებების მქონეებისთვის. ლეგენდის თანახმად, წმინდანმა გადაარჩინა ბავშვი, რომელსაც ყელში ფხა გაეჩხირა და იგუდებოდა. იგი ასევე არის თოთხმეტ შემწე წმინდანთაგან ერთ-ერთი.


იკონოგრაფიაში წმინდა ბლაზი გამოსახულია მაკურთხებელ ეპისკოპოსად. მისი ატრიბუტიკაა: ირემი, საეპისკოპოსო კვერთხი, რტოებზე შემომსხდარი ჩიტები, ორი გადაჯვარედინებული სანთელი და მისი წამების იარაღი - ლურსმნებიანი სამარველი.



 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page