top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა იოანე ბოსკოს მოხსენიება – 31 იანვარი

Updated: Jan 31


წმინდა იოანე ბოსკო (ჯოვანი ბოსკო) – იტალიელი მღვდელი, განმანათლებელი და მწერალი. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, სალელთა ორდენის დამაარსებელი.


დაიბადა 1815 წლის 16 აგვისტოს, იტალიაში, ბეკში, ტურინის მახლობლად. გარდაიცვალა 1888 წლის 31 იანვარს, ტურინში.


ტურინში მუშაობის პერიოდში, სადაც მოსახლეობა ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის მავნე ზეგავლენისგან იტანჯებოდა, ბოსკომ დაიწყო უსახლკარო ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებასა და განათლებაზე ზრუნვა. მან შეიმუშავა აღზრდის მეთოდი, რომელიც დაფუძნებული იყო სიყვარულზე და არა დასჯაზე.


ჯოვანი ბოსკო დაიბადა ღარიბ, ქრისტიანულ ოჯახში. ორი წლისაც არ იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. დედამ აღზარდა და ბავშვობაშივე ჩაუნერგა ღვთისადმი სიყვარული.


1841 წელს, სემინარიისა და ღვთისმეტყველების კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ჯოვანი ბოსკო ხელდასხმულ იქნა მღვდლად. იმავე წლის დეკემბერში, მან პირველი ორატორია (ლათ. Oratio — ლოცვა) გახსნა, სწორედ ასე დაარქვა სალელთა პირველ თავშესაფარს, რომელიც ახალგაზრდებისათვის იყო განკუთვნილი. აქ მათ შეეძლოთ ეცხოვრათ, ემუშავათ, ესწავლათ, ეთამაშათ და რაც მთავარია, ელოცათ.


1854 წლის 26 იანვარს, წმ. იოანე ბოსკომ წმინდა ფრანცისკე სალელის სახელზე დააარსა ორდენი (ამჟამად ცნობილია, როგორც „სალელები დონ ბოსკოსი“). 1974 წლის აპრილში ორდენი პაპმა პიუს IX-მ დაამტკიცა.


1872 წელს, დონ ბოსკომ, წმინდა მარია დომენიკა მაცარელოსთან ერთად დააარსა სალელების სამონაზვნო ორდენი — „მარიამის ქალიშვილები ქრისტიანთა დამხმარეები“ (ლათ. Congregatio — Filiarum Mariae Auxiliatricis (FMA).


1888 წლის 31 იანვარს ჯოვანი ბოსკო გარდაიცვალა. 1934 წელს პაპ პიუს XI-ის მიერ იგი კანონიზებულ იქნა.


იგი ახალგაზრდების მფარველი წმინდანია. მისი მოხსენიების დღე კი კათოლიკე ეკლესიაში 31 იანვარს დაწესდა.


1990–იანი წლებიდან საქართველოში სალელთა ორდენის ბერები ჩამოვიდნენ, 1999 წლიდან კი – მონაზვნები. ისინი თბილისსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხში მოღვაწეობენ.


დონ ბოსკოს მსგავსად, მისი ორდენის მონაზვნები და მღვდლები ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლება–განვითარებაზე ზრუნავენ.


წყარო – www.wikiwand.com

მოამზადა შოთა გიქოშვილმა
bottom of page