top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა მამა ფრანცისკეს გზავნილი 2024 წლის დიდმარხვისათვის

უდაბნოს გავლით ღმერთს მივყავართ თავისუფლებისკენ

 


ძვირფასო დანო და ძმანო!


როდესაც ჩვენი ღმერთი გვეცხადება, გვამცნობს თავისუფლებას: „მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობიდან“ (გამ 20,2). ამგვარად იწყება სინას მთაზე მოსესათვის მიცემული ათსიტყვეული. ამ სიტყვების მსმენელმა ერმა კარგად იცის, რაგვარ გამოსვლაზე საუბრობს ღმერთი:

მონობის გამოცდილება მათ ხორცში ჯერ კიდევ აღბეჭდილია. ის იღებს ათ სიტყვას უდაბნოში, როგორც გზას თავისუფლებისაკენ. ჩვენ მათ ვუწოდებთ „მცნებებს“, იმ სიყვარულის ხაზგასასმელად, რომლითაც ღმერთი აღზრდის თავის ერს. მართლაც, ეს არის ენერგიული მოწოდება თავისუფლებისაკენ. ერთი მოვლენა ვერ მოიცავს მას, რადგან უნდა დამწიფდეს გზაზე სვლით. როგორც უდაბნოში ისრაელი კვლავ ატარებს საკუთარ თავში ეგვიპტეს – ხშირად მისტირის წარსულს და დრტვინავს ზეცისა და მოსეს წინააღმდეგ –, დღესაც ღვთის ერი ატარებს თავის თავში მჩაგვრელ კავშირებს, რომელთა მიტოვების არჩევანი მართებს. ჩვენ ამას მაშინ ვაცნობიერებთ ხოლმე, როცა იმედი შემოგვაკლდება და აღმა-დაღმა დავეხეტებით ცხოვრებაში, როგორც უკაცრიელ მიწაზე, თითქოს არა გვქონდეს ის აღთქმული მიწა, რომლისკენაც ერთად შეგვიძლია ვისწრაფოთ. დიდმარხვა მადლის ის ჟამია, როცა უდაბნო კვლავ ხდება – როგორც წინასწარმეტყველი ოსია აცხადებს – პირველი სიყვარულის ადგილი (შდრ. ოს 2,16-17). ღმერთი აყალიბებს თავის ერს, რათა გამოვიდეს თავისი მონობიდან და სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლა განიცადოს. როგორც საქმრო ახლიდან გვიზიდავს თავისკენ და სიყვარულის სიტყვებს ეჩურჩულება ჩვენს გულს.

მონობიდან თავისუფლებისკენ გამოსვლა არ არის აბსტრაქტული გზა. იმისათვის, რომ ჩვენი დიდმარხვაც  იყოს კონკრეტული, პირველი ნაბიჯი არის რეალობის დანახვის სურვილი. როდესაც უფალმა მიიზიდა მოსე ცეცხლმოკიდებულ მაყვლოვანთან და ელაპარაკა მას, მან იმთავითვე გამოავლინა თავი, როგორც ღმერთმა, რომელიც ხედავს და უპირველეს ყოვლისა ისმენს: „დავინახე ტანჯვა ჩემი ხალხისა ეგვიპტეში, და ვისმინე მისი კვნესა ზედამხედველთა გამო. მე ვიცი მისი სატკივარი. და ჩამოვედი, რათა ვიხსნა ეგვიპტელთა ხელიდან და გამოვიყვანო იმ ქვეყნიდან, და შევიყვანო კარგსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი“ (გამ 3,7-8). დღესაც მრავალი ჩაგრული და-ძმის ძახილი აღწევს ზეცას. ვკითხოთ საკუთარ თავს: ჩვენამდეც აღწევს? გვეხება? გვძრავს? ბევრი ფაქტორი გვაშორებს ერთმანეთს, უგულებელყოფს ძმობას, რომელიც დასაწყისიდანვე გვაკავშირებს.

ლამპედუზაში მოგზაურობისას გულგრილობის გლობალიზაციას დავუპირისპირე ორი კითხვა, რომლებიც სულ უფრო აქტუალური ხდება: „სადა ხარ?“ (დაბ 3,9) და „სად არის შენი ძმა?“ (დაბ 4,9). დიდმარხვის მოგზაურობა კონკრეტული იქნება, თუ ამ კითხვებს კიდევ ერთხელ დავუგდებთ ყურს და ვაღიარებთ, რომ დღესაც ფარაონის ბატონობის ქვეშ ვართ. ეს არის ბატონობა, რომელიც ქანცს გვწყვეტს და უგრძნობელსა გვხდის. ეს არის ზრდის მოდელი, რომელიც გვყოფს და გვპარავს მომავალს. დედამიწა, ჰაერი და წყალი მისით არის დაბინძურებული, თუმცა ასევე სულებიც იბილწება. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი განთავისუფლება ნათლობით დაიწყო, ჩვენში მონობის აუხსნელი მონატრება რჩება. ეს ჰგავს უკვე ნანახით უსაფრთხოებისკენ მიზიდულობას, რომელსაც თავისუფლება ეწირება.

მინდა აღვნიშნო გამოსვლის მონათხრობში ერთი არცთუ მცირე მნიშვნელობის დეტალი: ღმერთია, ვინც ხედავს, განიცდის და ათავისუფლებს, ისრაელი როდი ითხოვს ამას. ფარაონი, ფაქტობრივად, აქრობს ოცნებას, ართმევს ცას, წარმოგვიდგენს ერთი შეხედვით ვერშესაცვლელად იმ სამყაროს, რომელშიც ღირსება ითელება და ნამდვილი კავშირები უარყოფილია. ანუ, ახერხებს თავისთან მიბმას. მოდით ვკითხოთ საკუთარ თავს: მინდა ახალი სამყარო? მზად ვარ ძველთან კომპრომისები მივატოვო? მრავალი ძმა ეპისკოპოსისა და მშვიდობისა და მართლმსაჯულების მუშაკთა დიდი ნაწილის მოწმობა სულ უფრო და უფრო მარწმუნებს, რომ ის, რაც უნდა ვამხილოთ, არის იმედის დეფიციტი. საქმე გვაქვს ოცნების შემაფერხებელ, ჩუმ ძახილთან, რომელიც აღწევს ცას და ეხება ღმერთის გულს. ეს იმედის დეფიციტი ჰგავს მონობის იმ ნოსტალგიას, რომელიც ისრაელის პარალიზებას ახდენს უდაბნოში და ხელს უშლის მის წინსვლას. გამოსვლა შეიძლება შეწყდეს: სხვაგვარად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ რატომ ბარბაცებს უთანასწორობისა და კონფლიქტების სიბნელეში კაცობრიობა, რომელმაც მიაღწია საყოველთაო ძმობის ზღურბლს და სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული და იურიდიული განვითარების დონეს, რომელსაც შეუძლია თითოეულის ღირსების დაცვა.

ღმერთი არ გადაღლილა ჩვენით. ვეგებებით დიდმარხვას, როგორც ძლიერ ჟამს, როდესაც მისი სიტყვა კვლავ მოგვმართავს: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან“ (გამ 20,2). ეს არის მოქცევის ჟამი, თავისუფლების ჟამი. თავად იესო – როგორც ყოველწლიურად ვიხსენებთ დიდმარხვის პირველ კვირას – სულმა უდაბნოში გაიყვანა, რათა გამოცდილიყო თავისუფლებაში. ორმოცი დღის განმავლობაში ის იქნება ჩვენს წინაშე და ჩვენთან ერთად: ის არის ხორცშესხმული ძე. ფარაონისგან განსხვავებით ღმერთს არ სურს ქვეშევრდომები, არამედ შვილები. უდაბნო არის სივრცე, სადაც ჩვენი თავისუფლება შეიძლება მომწიფდეს პიროვნულ გადაწყვეტილებამდე, რომ აღარ დაუბრუნდეს მონობას. დიდმარხვაში ჩვენ ვპოულობთ განსჯის ახალ კრიტერიუმებს და საკრებულოს, რომელთანაც ერთად უნდა დავადგეთ გზას, რომელზეც არასოდეს გვივლია.

ეს მოიცავს ბრძოლას: გამოსვლის წიგნი და იესოს ცდუნება უდაბნოში ნათლად გვეუბნება ამას. მტრის სიცრუე წინ ეღობება ღვთის ხმას, რომელიც ამბობს: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე“ (მარ 1,11) და „არ გეყოლება სხვა ღმერთები ჩემს გარდა“ (გამ 20,3). ფარაონზე უფრო საშინელნი არიან კერპები: ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ ისინი მის ხმად ჩვენში. ყველაფერი შევძლო, ყველამ მაღიაროს, ყველას ვაჯობო: ყოველი ადამიანი გრძნობს ამ სიცრუის ცდუნებას საკუთარ თავში. ეს ძველი, ნაცნობი გზაა. შეგვიძლია მივეჯაჭვოთ ფულს, გარკვეულ პროექტებს, იდეებს, მიზნებს, ჩვენს პოზიციას, ტრადიციას, თუნდაც ზოგიერთ ადამიანს. იმის მაგივრად, რომ აგვამოძრაონ, გვახევებენ. იმის მაგივრად, რომ შეგვახვედრონ, ერთმანეთს დაგვიპირისპირებენ. თუმცა, არსებობს ახალი კაცობრიობა, მცირეთა და მდაბალთა ერი, რომლებიც არ დაჰყოლიან სიცრუის ხიბლს. მაშინ როცა კერპები თავიანთ მსახურებს ამუნჯებენ, აბრმავებენ, აყრუებენ, ახევებენ (შდრ. ფს 114,4), სულით ღარიბები იმთავითვე ღია და მზად არიან: ისინი სიკეთის მდუმარე ძალაა, რომელიც კურნავს და შეეწევა სამყაროს.

მოქმედების დროა და დიდმარხვაში მოქმედება გაჩერებასაც ნიშნავს. შეჩერება ლოცვაში, ღვთის სიტყვის მისაღებად, და შეჩერება, სამარიელის მსგავსად, მოწყლული ძმის წინაშე. ღვთისა და მოყვასის სიყვარული ერთი სიყვარულია. სხვა ღმერთების არ ქონა ნიშნავს გაჩერდე ღმერთის წინაშე მოყვასის ხორცთან. ამ მიზეზით, ლოცვა, მოწყალება და მარხვა სამი დამოუკიდებელი ქმედება როდია, არამედ გახსნისა და საკუთარი თავისაგან დაცლის ერთი მოძრაობა: ვაძევებთ კერპებს, რომლებიც გვამძიმებენ, ვაძევებთ ჯაჭვებს, რომლებიც გვატუსაღებენ. მაშინ ატროფირებული და იზოლირებული გული გაიღვიძებს. მაშასადამე, ნაბიჯი შევანელოთ და შევდგეთ. ცხოვრების მჭვრეტელური განზომილება, რომლის ხელახლა აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს დიდმარხვა, ახალი ენერგიების მობილიზებას მოახდენს. ღმერთის წინაშე ვხდებით დები და ძმები, ახალი სიმძაფრით შევიგრძნობთ სხვებს: მუქარისა და მტრების ნაცვლად დავინახავთ თანამგზავრებს. ეს არის ღმერთის ოცნება, აღთქმული მიწა, რომლისკენაც მივისწრაფვით, როცა მონობიდან გამოვდივართ.

ეკლესიის სინოდური ფორმა, რომელსაც ჩვენ ხელახლა აღმოვაჩენთ და ვამუშავებთ ბოლო წლებში, ვარაუდობს, რომ მარხვა ასევე არის დრო საზოგადოებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად, მცირე და დიდი არჩევანისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგება დინებას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ადამიანების ყოველდღიურობა და უბნის ცხოვრება: ჩვევები შესყიდვებში, ბუნებაზე ზრუნვა, იმისი ჩართვა, ვინც არა ჩანს ან აბუჩადაა აგდებული. მე მოვუწოდებ ყველა ქრისტიანულ საკრებულოს ამისკენ: შესთავაზონ თავიანთ მორწმუნეებს მომენტები, რათა გადახედონ თავიანთი ცხოვრების წესს; მისცენ საკუთარ თავს დრო, რომ გადახედონ თავიანთ ყოფნას მოცემულ ტერიტორიაზე და საკუთარ წვლილს მის გაუმჯობესებაში. ვაი, თუ ქრისტიანული სინანული ისეთივე აღმოჩნდება, იესოს რომ სწყვეტდა გულს. ის ჩვენც გვეუბნება: „ნუ იქნებით დაღვრემილნი, როგორც თვალთმაქცნი, რომელნიც მწუხარე სახეებს იღებენ, რათა სხვებს აჩვენონ, რომ მარხულობენ“ (მთ 6,16). პირიქით, სიხარული ჩანდეს სახეებზე, იგრძნობოდეს თავისუფლების სურნელი, გამოთავისუფლდეს ის სიყვარული, რომელიც ყველაფერს ახალს ხდის, დაწყებული ყველაზე მცირედითა და ახლოთი. ყველა ქრისტიანულ საკრებულოში ეს შეიძლება მოხდეს.


იმდენად, რამდენადაც ეს მარხვა იქნება მოქცევის მარხვა, გზააბნეული კაცობრიობა იგრძნობს შემოქმედებითობის მუხტს: ახალი იმედის ამობრწყინებას. მინდა გითხრათ, როგორც ახალგაზრდებს ვუთხარი ლისაბონში გასულ ზაფხულს: „ეძებეთ და გარისკეთ, ეძებეთ და გარისკეთ. ამ ისტორიულ მომენტში გამოწვევები უზარმაზარია, ტკივილით სავსეა კვნესა. ჩვენ ვხედავთ ფრაგმენტულ მესამე მსოფლიო ომს. მაგრამ მოდით, გავრისკოთ და ვიფიქროთ, რომ ეს აგონია კი არა, არამედ მშობიარობაა; არა დასასრული, არამედ დიდი რამის დასაწყისი. ამგვარ ფიქრს გამბედაობა სჭირდება“ (სიტყვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან, 2023 წლის 3 აგვისტო). ეს არის მოქცევის, მონობიდან გამოსვლის გამბედაობა. რწმენასა და სიყვარულს უჭირავს პატარა გოგონას ხელები, გოგონას კი იმედი ჰქვია. სიარულს ასწავლიან მას და, ამავდროულად, ის წინ მიარბენინებს მათ.


ვლოცავ ყველა თქვენგანს იმ გზაზე, დიდი მარხვისას რომ დაადგებით.


რომი, ლატერანის წმ. იოანეს ბაზილიკა,

2023 წლის 3 დეკემბერი, ადვენტის 1 კვირა.

ფრანცისკე

 

Comentarios


bottom of page