
წმიდა მოციქული პავლე წარმოშობით წინა აზიიდან, კილიკიის ქალაქ ტარსუსიდან იყო. იგი ებრაულ სახელს სალვეს ატარებდა და ეკუთვნოდა ბენიამინის შტოს.
ქალაქი ტარსუსი განთქმული იყო ბერძნული აკადემიითა და განათლებული მოსახლეობით. გამომდინარე იქიდან, რომ პავლე წარმოშობით ებრაელი იყო და მისი ოჯახი რომაელთა მონობიდან განთავისუფლდა, მას ისრაელის მოქალაქეობასთან ერთად, რომის მოქალაქეობაც ჰქონდა. მან ტარსუსში მიიღო პირველი განათლება და ამავე ქალაქში ეზიარა წარმართულ კულტურას, რაც მის წერილებში კარგად არის ასახული.
პავლე რჯულის კარგ მცოდნედ ითვლებოდა. იგი ასევე დაეუფლა კარვების კეთების ხელოვნებას, რაც შემდგომ გამოადგა იმაში, რომ თავისი შრომით ეშოვნა ლუკმა პური. როგორც ჩანს, ახალგაზრდა სავლე ემზადებოდა რაბინის (რელიგიური წინამღვარი) თანამდებობის დასაკავებლად. სწავლა განათლების მიღების შემდეგ, იგი აქტიურად იყო ჩართული ფარისეველთა საქმიანობაში და ქრისტიანთა დევნში.
სავლემ მხარი დაუჭირა პირველი დიაკონის, სტეფანეს ჩაქოლვას (ზოგიერთი ცნობით სტეფანე სავლეს ენათესავებოდა) და მკვლელების ტანისამოსი ჰქონდა მიბარებული. მან სინედრიონისგან მიიღო ოფიციალური ნებართვა ქრისტიანთა დევნისათვის პალესტინის საზღვრებს გარეთაც.
უფალმა დაინახა რა სავლეში თავისი რჩეული ჭურჭელი, მოუწოდა მას სასწაულებრივი გზით.
34 წელს, სავლეს ნებართვა ჰქონდა მღვდელმთავრისგან მიღებული გამოეაშკარავებინა ფარულად მყოფი ქრისტიანები და სასიკვდილოდ გადაეცა. გზად მიმავალს, თანამებრძოლებთან ერთად, ნათელი მოეფინა, ჯარისკაცები მიწაზე დაეცნენ, ხოლო თავად სავლემ მოისმინა ხმა ზეციდან, რომელიც ეუბნებოდა: „სავლე, სავლე, რად მდევნი მე?“ პავლემ კი უპასუხა: „ვინ ხარ უფალო“? ხოლო უფალმა უთხრა: „მე ვარ იესო ნაზარეველი, რომელსაც შენ სდევნი. ადექი და ის გააკეთე, რასაც გეტყვი. ვინაიდან შენ აგირჩიე მეფეთ, ისრაელიანთა და წარმართთა წინაშე“. სავლე დაბრმავდა და სამი დღე ვერ ხედავდა, არც ჭამდა და არც სვამდა. სამაგიეროდ, მას აეხილა სულის თვალები, იესო ქრისტეს მსახურებაზე.
მოქცევის შემდეგ, პავლემ სრულად მიუძღვნა თავი იესო ქრისტეს სახარების გავრცელებას. იგი ბედნიერი იყო თავის მოწოდებაში და ამავდროულად აცნობიერებდა თავის უძლურებას ამ დიდ მსახურებაში. იგი თავის საქმიანობასა და დამსახურებას მიაწერდა ხოლმე ღვთის მადლს. პავლე მოქცევამდე ამცდარი იყო ჭეშმარიტ გზას და მხოლოდ მოქცევის შემდეგ, ღვთის მადლით, იგი განერიდა ამ ღრმა გზააბნეულობას.
წმინდა პავლე დღეს ითვლება უდიდეს მასწავლებლად, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანული რწმენის გავრცელებაში და მის განვითარებაში. მისი მოქცევის დღესასწაული აღინიშნება 25 იანვარს, საქართველოს კათოლიკეები ამ დღესაასწაულს ზეიმობენ ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ არლის, „შუასერის“ ეკლესიაში. წმინდა პავლე დღემდე წინ მიგვიძღვის ცხონების გზაზე.
მოამზადა შოთა გიქოშვილმა
Comments