top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა პეტრესა და წმიდა პავლე მოციქულთა დღესასწაული ვატიკანში



29 ივნისს, რომის ზეციური მფარველების, წმიდა პეტრესა და წმიდა პავლე მოციქულთა დღესასწაულზე, პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღავლინა. მასში მონაწილეობდა: 36 კარდინალი, 36 ეპისკოპოსი და 400 მღვდელი. ტრადიციისამებრ, წმიდა წირვაში მონაწილეობა მიიღო კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციამ. ამ დღესასწაულზე წმინდა მამამ  პალიუმები აკურთხა და 42 ახალ არქიეპისკოპოს-მიტროპოლიტს გადასცა.

 

სამიტროპოლიტო პალიუმი ბამბის მასალისგან დამზადებული რამდენიმე სანტიმეტრის სიგანისაა, რომელიც სამღვდელო შესამოსელზე, იგივე ორნატზე გარედან აქვთ მოსხმული მხრებსა და კისერზე. იგი წარმოადგენს ლიტურგიულ ელემენტს. კანონიკური სამართლით, მიტროპოლიტებისათვის პალიუმის გამოყენება სავალდებულოა.

 

ტრადიციის თანახმად, პალიუმის მოსამზადებლად ორი ცხვრის მატყლს ართავენ  და პაპი მას 21 იანვარს, წმიდა აგნესას დღესასწაულზე აკურთხებს. ნაკურთხი მატყლით შემდგომ უკვე მონასტრებში მზადდება პალიუმები და წმინდა პეტრეს სამარხთან, სპეციალურ ადგილზე ინახება, ხოლო 29 ივნისს პაპი პალიუმს გადასცემს ახლადდადგენილ არქიეპისკოპოს-მიტროპოლიტებს. პალიუმი არის ცხვრის სიმბოლო, რომელსაც კეთილი მწყემსი თავისი მხრებით ატარებს.



წმიდა პეტრესა და პავლე მოციქულთა დღესასწაულზე, ქადაგებაში წმინდა მამამ ისაუბრა ზემდგომ მოციქულებზე, რომლებმაც უფალთან შეხვედრისას განიცადეს ნამდვილი პასექი. “ისინი გაათავისუფლა უფალმა და მათ წინაშე გაიღო ახალი სიცოცხლის კარი. საიუბილეო წმიდა წლის დაწყების წინ, ჩვენ გავაღებთ წმინდა კარს, რათა ყველამ შეძლოს გადააბიჯოს ცოცხალი საწმიდარის ზღურბლს, რომელიც არის იესო ქრისტე და შეძლონ მასში თანაზიარება ღვთის სიყვარულით, რომელიც აცოცხლებს იმედს და აახლებს სიხარულს”.

 

ქადაგების დასასრულს, პაპმა ფრანცისკემ კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოსს გულთბილი მოკითხვა შეუთვალა და მადლობა გადაუხადა დელეგაციას ვატიკანში ვიზიტისთვის, რომელიც არის გამოხატულება ორი ეკლესიის ერთობლივი სწრაფვისა ერთიანობისაკენ.

 

 შოთა გიქოშვილი


 

Comentários


bottom of page