29 აგვისტოს კათოლიკე ეკლესია იხსენებს იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღეს.
წმინდა იოანე ნათლისმცემელმა ღვთის მადლით აღსავსემ, ცხოვრების უდიდესი ნაწილი უდაბნოში გაატარა. 30 წლისამ იორდანის ნაპირებზე იესოს შესახებ სამყაროს ამცნო. როგორც ლუკა მახარებელი წერს: “ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად” (ლუკ. 3,3).
როცა უფალი იესო მოინათლა იოანეს ხელიდან, მან დაამოწმა იესოს შესახებ შემდეგი სიტყვებით: “აჰა ღვთის კრავი, რომელიც აიღებს წუთისოფლის ცოდვებს” (იოან. 1,29). თავისი საქმიანობის გამო იოანე ნათლისმცემელმა სიცოცხლე მოწამებრივად დაასრულა.
ჰეროდე დიდის ვაჟმა, ჰეორდე ანტიპამ, რომელმაც ყრმები დახოცა, მაშინ იყო გალილეის ტეტრარქი, მას თავად უფალმა იესომ უწოდა “მელა”. ჰეროდეს ცოლი იყო არაბეთის მეფის, არეტა IV-ის ქალიშვილი, ჰეროდემ მიატოვა ცოლი და ებრაული წესის მიხედვით, ცოლად შეირთო ჰეროდეა, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლი.
წმინდა იოანე გაბედულად და ღიად საუბრობდა ჰეროდეს უმსგავსობებზე და მის კავშირებზე. ამის გამო,ჰეროდემ იგი დააპატიმრა, ჰეროდეამ კი გადაწყვიტა ამით ესარგებლა და შური ეძია იოანეზე. ჰეროდეს დაბადების დღეზე დიდი პურობა გამართეს, სადაც ჰეროდეას ქალიშვილმა სალომეამ იცეკვა.
ძალიან მოეწონა ჰეორედს ეს ცეკვა და დაიფიცა, რომ ნებისმიერ სურვილს შეუსრულებდა. დედის რჩევით, ქალიშვილმა მოითხოვა წმინდა იოანეს მოკვეთილი თავი, ჰეროდე შეწუხდა ამ გადაწყვეტილებით, რადგან იოანე ნათლისმცემელი ხალხში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. თუმცა როგორც წმინდა მარკოზის სახარება გვეუბნება, თანამეინახეების წინაშე დაიფიცა და უარი ვერ უთხრა.
გაგზავნა ჯალათი და უბრძანა მოეტანა იოანეს თავი. ჯალათი შევიდა ციხეში, მოჰკვეთა თავი და ლანგრით მიართვა ჰეროდეას ქალიშვილს, გოგონამ კი თავის დედას გადასცა (მარკ. 6, 26-28). იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს ჯვარცმამდე ერთი წლით ადრე მოკლეს.
შოთა გიქოშვილი
Comentários