კათოლიკე ეკლესია 14 დეკემბერს იხსენიებს წმინდა იოანე ჯვრისას.
წმინდა იოანე ჯვრისა, ასევე ცნობილია, როგორც სან ხუან დელა კრუსი. იგი წარმოშობით ცნობილი, მაგრამ უკვე ფინანსურად სუსტი ოჯახიდან იყო. ცხოვრობდნენ ავილას მახლობლად.
იოანემ საავადმყოფოში ახალგაზრდობიდანვე დაიწყო სნეულთა მოვლა, ხოლო განათლება მიიღო მედია დელ კამპოში იეზუიტთა სკოლაში, სადაც, მამის გარდაცვალების შემდეგ ლუკმა პურის საშოვნელად საცხოვრებლად გადაბარგდა მისი ოჯახი.
1568 წელს იოანე კარმელიტების ორდენში შევიდა, რის შემდეგაც გახდა დურუელოს კარმელიტელთა რეფორმირებული მონასტრის ერთ–ერთი დამაარსებელი. ბერობაში მან მიიღო სახელი იოანე ჯვრისა.
ამ პერიოდში, კარმელიტელთა ორდენში, წმინდა ტერელა ავილელის ინიციატივით დაწყებული რეფორმის გამო, განხეთქილება იყო.იოანე ჯვრისა რეფორმის ინიციატივას მიემხრო, რომელიც მიზნად ისახავდა ორდენის პირველსახისკენ დაბრუნებას – სიმკაცრესა და ასკეტიზმს.
ბევრს არ მოეწონა იოანეს მონასტერში მოღვაწეობა. ცილისმწამებლური განსჯებისთვის იგი სამჯერ წარადგინეს სასამართლოში და არაერთი თვე გაატარა ციხეში, მძიმე პირობებში. სწორედ პატიმრობის პერიოდში დაიწყო იოანემ განსაკუთრებული მისტიკური სულითა და რელიგიური მოწიწებით გამსჭვალული მშვენიერი ლექსების წერა. მან ასევე დაწერა პროზაული ტრაქტატები - „კარმელის მთაზე ასვლა“, „სულის ბნელი ღამე“, „სიმღერა სულისა“, „სიყვარულის ცოცხალი ალი“.
1591 წელს, უბედაში წმინდა იოანე ჯვრისა გარდაცვალა.
ხოლო 1726 წელს იგი წმინდანად შერაცხა პაპმა ბენედიქტე XIII-მ, 1926 წელს რომის პაპმა პიუს XI-მ იგი ეკლესიის მასწავლებლად გამოაცხადა.
ნეშტის ეგზუმაციის შემდეგ წმინდანის სხეული უხრწნელი აღმოჩნდა.
წმინდა იოანეს ფუნდამენტური პრინციპები ამტკიცებს, რომ ღმერთი არის ყველაფერი და ადამიანი არაფერია. ამიტომ, ღმერთთან სრულყოფილი კავშირის მისაღწევად, რაც ნიშნავს სიწმინდეს, აუცილებელია სულისა და სხეულის ყველა უნარი და ძალა დაექვემდებაროს ინტენსიურ და ღრმა განწმენდას.
წმინდანის ხილვებზე დაყრდნობით, სალვადორ დალიმ 1950-1952 წლებში დახატა ნახატი "წმინდა იოანე ჯვრისა ქრისტე".
Catholic.ge
Comentarios