12 ნოემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა იოსაფატს მოიხსენიებს.
იოსაფატი დაახლოებით 1580 წელს, უკრაინელი დიდგვაროვანი ოჯახში დაიბადა. სახელად იოანე დაარქვეს. იგიმართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, სწავლობდა ლიტვაში, ვილნაში (ახლანდელი ვილნიუსი), სადაც ღრმა სულიერი ფორმაცია მიიღო.
იოსაფატი ბრესტის გაერთიანების არც თუ ისე მშვიდობიან პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც კიევის მართლმადიდებლური მიტროპოლიის ეპისკოპოსებმა რომის ეკლესიასთან ერთობა გამოაცხადეს (1596 წ.), საკუთარი ბიზანტიური რიტუალის შენარჩუნებით. ყველა არ იზიარებდა ამ არჩევანს, რაც დაძაბულობისა და შეტაკებების მიზეზი გახდა.
1604 წელს იოანე წმინდა ბასილის ორდენში შევიდა, ვილნის წმინდა სამების მონასტერში და სახელად მიიღო იოსაფატის. იგი მოხიბლული იყო, როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ეკლესიის მამებით და ქრისტიანული საკრებულოს ერთიანობის აღსადგენად მათ თხზულებებს ფუნდამენტურად მიიჩნევდა.
1609 წელს იგი მღვდლად აკურთხეს და ორატორული უნარის გამო მოწონება დაიმსახურა. მისი დიდება სწრაფად გავრცელდა და ვილნის არქიმანდრიტად დანიშნეს. 1617 წლის 12 ნოემბერს მიტროპოლიტმა ველამინმა, რომელმაც იცოდა მისი ინტელექტუალური და სულიერი ნიჭები, აკურთხა იგი ეპისკოპოსად, დანიშნა პოლოცკის 90 წლის ეპისკოპოსის დამხმარედ.
იოსაფატი თავის სამწყსო მსახურებას ღარიბებს უთმობდა და საეპისკოპოსო კურიის საკვებს ურიგებდა. პერიოდულად, სტუმრობდა მღვდლებს, რათა წაეხალისებინა და მხარი დაეჭირა მსახურებაში. ყოველწლიურად, აწყობდა სინოდს მღვდელმთავრებთან ერთად, როგორც სამწყსო დისკუსიისა და ძმური შეხვედრის შესაძლებლობას. ის ისწრაფოდა, რათა ხალხს შეეყვარებინა ეკლესია და პაპი.
მისმა მწყემსურმა ერთგულებამ ინტენსიური სულიერი ცხოვრებით გაჯერებული და ბრძნული კატეხიზის თანხლებით მალევე შური და ეჭვი გამოიწვია მათში, ვინც არ იზიარებდა მის არჩევანს რომის პაპთან თანაზიარებაში. ვიტებსკში პასტორალური ვიზიტის დროს, მაფიოზების ჯგუფი შეიჭრა ეპისკოპოსის სასახლეში და განურჩევლად დახოცეს ყველა, ვინც შეხვდათ. იოსაფატმა, რომელიც დარბევის დროს შევიდა კურიაში, უთხრა მათ: „შვილებო, რატომ ურტყამთ ჩემს სახლში მყოფებს? თუ რამე გაქვთ ჩემს წინააღმდეგ, აქ ვარ”. მოკლეს და ცხედარი მდინარე ძვინაში (დაუგავა) ჩააგდეს: 1623 წლის 12 ნოემბერს.
იგი 43 წლის იყო, ეპისკოპოსად ხელდასხმიდან მხოლოდ ექვსი წელი იყო გასული.
სიკვდილის წინ მისმა გამოვლენილმა გამბედაობამ აღფრთოვანება გამოიწვია და მკვლელებში მონანიების სურვილიც კი აღძრა, რომლებიც მოიქცნენ.
მრავალი სასწაული მიეწერება წმინდა იოსაფატის შუამდგომლობას.
1643 წლის 16 მაისს რომის პაპმა ურბან VIII-მ იგი ნეტარად გამოაცხადა. ორ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, 1867 წლის 29 ივნისს, წმინდა პეტრესა და პავლეს მოწამეობრივი აღსასრულიდან მე-18 ასწლეულში, პიუს IX-მ იგი წმინდანად შერაცხა.
მოწამის ცხედარი, რომელიც დარჩა უხრწნელი და დაცული იყო წმინდა ბაზილიოს მონასტრის მიერ, 1916 წელს გადაასვენეს ავსტრიაში და დაკრძალეს ვენის, წმინდა ბარბარას ეკლესიაში.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იგი რომში გადაასვენეს, სადაც პაპ იოანე XXIII-ის ნებით განისვენებს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, წმინდა ბასილი დიდის საკურთხევლის ქვეშ.
ლოცვა:
მოავლინე, მამაო, ეკლესიაში შენი სულიწმიდა,
რომლის ძალითაც ეპისკოპოსმა წმინდა იოსაფატმა შესწირა სიცოცხლე თავისი ხალხისათვის, ჰქმენ რათა იმავე სულით გაძლიერებულებმა
არ ვიყოყმანოთ გავწიროთ ჩვენი ცხოვრება ძმებისათვის.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments