top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა კირილე და მეთოდი - ევროპის მფარველები

14 თებერვალს კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს ძმების, კირილესა და მეთოდის, ევროპის მფარველების დღესასწაულს.

წმინდა კირილემ და მეთოდიმ, სლავური ხალხების ევროპულ ნაწილში, ქრისტიანობის გავრცელებასა და შემდგომ მათ კულტურაში დამკვიდრებაში დიდი როლი ითამაშეს. ამ ორმა ძმამ საფუძველი დაუდო სლავური ენის ჩამოყალიბებას. წმინდა კირილემ ძველ საეკლესიო სლავურ ენაზე სახარება და ფსალმუნები თარგმნა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ანბანის დასახელება “კირილიცა”. წმინდა პაპმა, იოანე პავლე II-მ ისინი ევროპის მფარველებად დაადგინა და მათ მოხსენიებას სამოციქულო ეპისტოლე მიუძღვნა.


კირილე, რომლის ერისკაცობის სახელი კონსტანტინე იყო, 826 წელს თესალონიკეში დაიბადა. კონსტანტინოპოლში ფილოსოფიის შესწავლის დამთავრების შემდეგ, იგი ლექციებს კითხულობდა ფილოსოფიაში და ბიბლიოთეკარად მუშაობდა. 855 წელს გადაწყვიტა საბერმონაზვნო ცხოვრებას გაჰყოლოდა და საკუთარ ძმას შეუერთდა, მეთოდის ბითინიის მონასტერში. მეთოდი, რომლის სახელიც ერისკაცობაში მიქაელი იყო, დაახლოებით 815 წელს დაიბადა. მან მიიღო იურისტის განათლება, რის შემდეგაც იმპერატორის კარზე მაღალი თანამდებობა მიანდვეს, თუმცა მან უარი თქვა და მონასტერში წავიდა.


ძმებს იმპერატორმა რთული დიპლომატიური მისია დააკისრა. ისინი მიავლინა ყირიმის ნახევარკუნძულზე, სადაც საჭირო იყო ენების ცოდნა, მათ შორის ებრაულისა და არაბულის. გარდა ამისა, ძმები ბავშვობიდანვე სწავლობდნენ სლავურ ენებს. სწორედ ამიტომ, იმპერატორმა ისინი ევანგელიზაციის მიზნით გაუშვა ბულგარეთში, სადაც კირილემ თარგმნა წმინდა წერილი ძველ საეკლესიო სლავურ ენაზე.


წმინდა მისიონერებმა კიდევ ერთი მიწვევა მიიღეს მთავრის, როსტისლავ მოროვსკისგან. სწორედ იქ, კირილემ და მეთოდიმ პირველად შემოიტანეს ბერძნული ანბანით დაწერილი სლავური ენა, რომელსაც ეწოდა “გლაგოლიცე”, მოგვიანებით მიიღო სახელწოდება “კირილიცა”. სლავური კულტურისადმი ღია განათლებულ ბერძენ ძმებს, ფრანგი და გერმანელი სასულიერო პირებისგან წინააღმდეგობა შეხვდათ. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ინკულტურაციის იდეასა და სამუშაოს. ამის გამო, კირილე და მეთოდი იდევნებოდნენ. იმ დროს, ლიტურგიულ ენებად ივრითი, ბერძნული და ლათინური ენები ითვლებოდა.


ძმებმა დასახმარებლად რომს მიმართეს. სწორედ პაპის ჩარევის შემდეგ, მათ მიიღეს სრული უფლება, სლავი ხალხებისათვის იესო ქრისტეს შესახებ ექადაგათ.


წმინდა კირილე და მეთოდი ასევე მოღვაწეობდნენ უნგრეთში, საიდანაც გაეშურნენ ჯერ ვენეციაში, შემდეგ კი რომში, სადაც სლავ ხალხებთან მათი მუშაობის მეთოდი ახლადარჩეულმა პაპმა, ადრიანე II-მაკურთხა. პაპმა კირილესა და მეთოდის მოწაფეთა დიდძალ ჯგუფს მღვდლად კურთხევის ნება დართო.


ცხოვრების უკანასკნელ წლებში, კირილე განმარტოვდა მონასტერში, სადაც 869 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა. მისი სხეული განისვენებს რომში, წმინდა კლიმენტის ბაზილიკაში.


კირილეს გარდაცვალების შემდეგ, პაპმა ადრიანე II-მ, მეთოდი პანონიისა და მორავის (უნგრეთი) არქიეპისკოპოსად დაადგინა. იგი კვლავ გახდა მტრობის ობიექტი, ახლა უკვე ზალსბურგის არქიეპისკოპოსის მხრიდან, რომელმაც მეთოდი ორი წლით ციხეში გაუშვა. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ, წმინდა მეთოდი კვლავ ეწვია რომს, სადაც იგი პაპმა იოანე VIII-მდიდი პატივით მიიღო. სახარების გავრცელებისათვის თავმიძღვნილი არქიეპისკოპოსი მეთოდი, 885 წლის 6 აპრილს, ველეგრადში გარდაიცვალა.


შოთა გიქოშვილი


Comments


bottom of page