top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"წმინდა კოლხეთი" - იტალიელი მისიონერის წიგნი საქართველოზე


2020 წელს, გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა იტალიელი მისიონერის, მამა არკანჯელო ლამბერტის ისტორიული ნაწარმოების, „წმინდა კოლხეთის“ ქართული თარგმანი.


480 გვერდიანი ნაწარმოები იტალიური ორიგინალიდან ქართულად თარგმნა გიორგი ცქიტიშვილმა.


აღსანიშნავია, რომ „წმინდა კოლხეთის“ ქართული თარგმანი წარმოადგენს ამ წიგნის პირველ თარგმანს სხვა ენაზე.


ნაწარმოები შეიცავს უაღრესად საინტერესო ცნობებს XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის შესახებ, გვიამბობს მოვლენებზე, რომლის უშუალო მოწმენიც თავად გახლდნენ არკანჯელო ლამბერტი და მისი თანამოძმე მისიონერები.


ლამბერტი საქართველოში ჩამოვიდა 1631 წელს და აქ თითქმის 19 წელი დაჰყო. იტალიაში დაბრუნებულმა, ქალაქ ნეაპოლში, 1654 წელს გამოსცა თავისი პირველი წიგნი - „რელაცია კოლხეთის, დღეს სამეგრელოდ წოდებულის შესახებ“, რომელშიც აღწერა ამ მხარის ბუნება, მის მკვიდრთა წარმოშობის ისტორია და წეს-ჩვეულებანი. ეს ეთნოლოგიური თვალსაზრისით მეტად საინტერესო წიგნი მე-19 საუკუნეში ითარგმნა ფრანგულად, რუსულად და ქართულად და შემდგომშიც არაერთხელ გამოიცა (უკანასკნელად 2011 წელს).


ამას 1657 წელს მოჰყვა „წმინდა კოლხეთის“ გამოცემა. მკითხველისადმი მიძღვნილ შესავალში ავტორი წერს, რომ პირველი წიგნის შემდეგ აღარ აპირებდა სხვა წიგნის დაწერას საქართველოს შესახებ, რათა „ეს საქმე უფრო ღირსეული და გულმოდგინე მეკალმეებისთვის დაეთმო“. მაგრამ, მკითხველების დაჟინებული თხოვნით, ორდენის წინამძღვრებმა მამა არკანჯელო ლამბერტის მეორე წიგნის დაწერაც დაავალეს, სადაც, ძირითადად, საქართველოში თეატელ მამათა ნამოღვაწარი იქნებოდა წარმოჩენილი. ასე შეიქმნა „წმინდა კოლხეთი“.


წიგნი მოგვითხრობს ლამბერტისა და მის თანანოძმეთა პირად გამოცდილებას, აგვიწერს ყოველივეს, რაც მისიონერებს თავს გადახდათ საქართველოში, კერძოდ კი გორში, გრემში, სამეგრელოსა და სხვა ადგილებში.


წიგნში აღწერილია ქვეყანაში არსებული რელიგიური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა, ამ მხარეების ისტორია, წეს-ჩვეულებანი და ყოველდღიური ცხოვრება, მოთხრობილია მისიების დაარსების შესახებ, დეტალურადაა აღწერილი მამათა საქმიანობა საქართველოში და მოგზაურობისას გადატანილი ფათერაკები.


ავტორი გვიამბობს საქართველოს XVII საუკუნის ამბებს, როცა ქვეყანა ორი დიდი მოსაზღვრე იმპერიის - სპარსეთისა და ოსმალეთის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. თავდაპირველად ლამბერტი გორის მისიაში მსახურობდა, გრემში კი მეფე თეიმურაზის I-ის მიწვევით გაემგზავრა, რომელსაც სპარსელთა შემოსევების შედეგად დანგრეული ქალაქის აღდგენა სურდა. თუმცა, გრემში მისიის დაფუძნება ვერ მოხერხდა და ლამბერტი ისევ გორში დაბრუნდა. ამასობაში კი სპარსელებმა ქართლი დაიკავეს, სადაც სპარსეთში გაზრდილი მუსულმანი ქართველი - როსტომ-ხანი გაამეფეს. როსტომმა განიზრახა ცოლად შეერთო ოდიშის მთავრის, ლევან II დადიანის და. ამ მიზნით, 1633 წელს სამეგრელოში მრავალრიცხოვანი ელჩობა გაგზავნა. ამ გარემოებით ისარგებლეს თეატელმა მისიონერებმა, რომლებმაც ოდიშის სამთავროში მისიის დაფუძნების მიზნით, მამა არკანჯელო ლამბერტი და მამა ჯუზეპე ჯუდიჩე ელჩებს გააყოლეს. ასე აღმოჩნდნენ მისიონერები სამეგრელოში, სადაც მრავალი წელი დაჰყვეს.


წიგნში ლამბერტი მადლიერების გრძობით იხსენიებს ოდიშის მთავარს, რომელმაც დიდი ამაგი დასდო კათოლიკე მისიონერთა საქმიანობას თავის სამთავროში. სამეგრელოსა და გორში მისიონერებმა ძალზე ნაყოფიერი სამრევლო საქმიანობა გასწიეს. წიგნი ასევე მოგვითხრობს მაშინდელი საქართველოს არაერთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასა და გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებზე.


არკანჯელო ლამბერტის წიგნი „წმინდა კოლხეთი“ მეტად მნიშვნელოვანი შენაძენია საქართველოსა და იტალიის საარქივო ფონდებისა და კათოლიკური ეკლესიისთვის.

წიგნის თარგმანი განხორციელდა კავკასიის ლათინური წესის სამოციქულო ადმინისტრაციისა და საქართველოში წმიდა საყდრის სადესპანოს ხელშეწყობით, რაც კვლავაც წარმოაჩენს კათოლიკური ეკლესიის დიდ ინტერესს ქართული კულტურისადმი და მის მეგობრულ დამოკიდებულებას ქართველი ერის მიმართ. იმედია, ქართველი მკითხველიც ინტერესით გაეცნობა არკანჯელო ლამბერტის „წმინდა კოლხეთს“.



Comments


bottom of page