• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა მამა (პადრე) პიოს მოხსენიება – 23 სექტემბერი

23 სექტემბერს კათოლიკე ეკლესია იხსენიებს წმინდა პიო პიეტრელჩინელს, რომელიც მოიხსენიებენ, როგორც "პადრე პიო" და ცნობილია თავისი ტანჯვით, თავმდაბლობითა და სასწაულებით.

მამა პიო გლეხების ოჯახში დაიბადა, იგი ბავშვობიდანვე ოცნებობდა ბერობაზე.

16 წლის ასაკში კაპუცინელ მცირე ძმების ორდენში შევიდა, მორკონეში და სახელად პიო დაირქვა. 1910 წელს მღვდლად ეკურთხა.


მღვდლად ხელდასხმიდან ექვსი წლის შემდეგ, სან–ჯოვანი როტონდოში, სანტა მარია დელა გრაციას მონასტერში მოხვდა. მამა პიო დღეში რამდენიმე საათს უთმობდა აღსარების საიდუმლოს, მისთვის სამოციქულო მსახურების კულმინაცია კი წმინდა წირვის აღსრულება იყო. მას უწოდებდნენ უპოვარ მლოცველ ძმას: “ლოცვა არის ყველაზე კარგი იარაღი, რაც კი გაგვაჩნია, ლოცვა არის ღმერთის გულის გასაღები”, – ამბობდა იგი.


1918 წლის 20 სექტემბერს მამა პიოს სხეულზე სტიგმატები გაუჩნდა და სიკვდილამდე ჰქონდა.


აი, რას წერდა იგი ამ დღის შესახებ:


"1918 წლის 20 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც წირვა აღვავლინე და ღმერთს მადლობა შევწირე, ეკლესიის გუნდთან ერთად ვიყავი. მოულოდნელად ძლიერმა კანკალმა ამიტანა, შემდეგ დავმშვიდდი და ჩვენი უფალი ჯვარცმული სახით დავინახე. ის სტიროდა ადამიანების უმადურობის გამო, განსაკუთრებით მათ გამო, ვინც აკურთხა და მოწონებული იყო მის მიერ. მისი ტანჯვა აშკარა იყო, როგორც სულების შეერთების სურვილი მის ვნებასთან. მან მომიხმო, რომ მისი ტკივილები ჩემში შემეშვა, მეფიქრა მათზე და ამავდროულად ვიზრუნო სხვების ხსნაზე. ამის შემდგომ, უფლის ტკივილების მიმართ თანაგრძნობა დამეუფლა და ვკითხე, რისი გაკეთება შემეძლო.

მე მოვისმინე მისი ხმა: „მე გაგაერთიანებ ჩემს ვნებასთან" და ამის შემდეგ ხილვა გაქრა, დავუბრუნდი საკუთარ თავს და დავინახე სხეულზე ეს ნიშნები, საიდანაც სისხლი მოედინებოდა. მანამდე მე ესენი არ მქონდა”.


1948 წელს მამა პიოსთან აღსარებაზე მივიდა ახალგაზრდა პოლონელი მღვდელი, მამა კაროლ ვოიტილა, რომელიც 30 წლის შემდეგ პაპად აირჩიეს და დღეს ცნობილია, როგორც იოანე პავლე II.


ჭრილობების გამო, პადრე პიომ საკმაოდ ბევრი განსაცდელი გაიარა. მისი ქარიზმა იყო ქრისტესთან ერთად ეტანჯა, რაც მისთვის დიდ მადლს წარმოადგენდა.


"მისი სხეული აღბეჭდილია სტიგმატებით (ქრისტეს 5 ჭრილობა), რაც აჩვენებს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას შორის მჭიდრო კავში რს. ის არანაკლებ მტკივნეული იყო მისთვის და ადამიანური გადმოსახედიდან შეიძლება უფრო მწარეც კი ყოფილიყო", - ამბობდა პაპი იოანე პავლე II.


ჭრილობების გამო, პადრე პიომ საკმაოდბევრი განსაცდელი გაიარა. მისი ქარიზმა იყო ქრისტესთან ერთად ეტანჯა, რაც მისთვის დიდ მადლს წარმოადგენდა. “ქრისტეს მხრებზე აკიდებული ჯვრის ჭვრეტით, თავს ვგრძნობ უფრო მტკიცედ და ვხარობ წმინდა სიხარულით”.


მამა პიოს ცხოვრება მუდმივი თვითმიძღვნა იყო სხვა ოჯახების ტკივილისა და ტანჯვების შესამსუბუქებლად.


იგი 1968 წლის 23 სექტემბერს ღამით, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.


2002 წლის 16 ივნისს იგი პაპმა იოანე პავლე II-მ წმინდანად შერაცხა: “მამა პიოს მისია და ცხოვრება მოწმობს იმაზე, რომ თუ ტანჯვებსა და სირთულეებს სიყვარულით მივიღებთ, იგი სიწმინდისკენ მიმავალ პრივილეგირებულ გზად გარდაიქმნება, რომელიც მხოლოდ უფლისათვის ცნობილი უდიდესი მადლია” – აღნიშნა ქადაგებისას პონტიფიკოსმა.


შოთა გიქოშვილი