ტრადიციულად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, პაპმა ფრანცისკემ ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის წარმოთქვა მიმართვა „ქალაქსა და მსოფლიოს“ – Urbi et Orbi.
Catholic.ge გთავაზობთ სრულ ტექსტს.
ძვირფასო ძმებო და დებო, ქრისტე აღდგა!
ჩვენ ახლა ვაცხადებთ, რომ ის, ჩვენი ცხოვრების უფალი, აღდგომაა და სიცოცხლე წუთისოფლისა (იოან.11.25). ის არის პასექი, რაც ნიშნავს გადასვლას, ვინაიდან იესოში აღსრულდა გადამწყვეტი გადასვლა კაცობრიობისა სიკვდილიდან სიცოცხლეში, ცოდვიდან მადლში, შიშიდან ნდობაში, სიცარიელიდან თანაზიარებაში. მასში, დროისა და ისტორიის უფალში, მსურს ყველას გაუწყოთ სიხარულით.
„გილოცავთ აღდგომას!“
ძმებო და დებო! დაე, აღდგომა ყოველი ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით სნეულთა და ღარიბთათვის, ხანდაზმულებისა და მათთვის, ვინც განიცდის დროებით განსაცდელებსა და დაღლას, იყოს გადასვლა მწუხარებიდან ნუგეშში. ჩვენ მარტოსულნი როდი ვართ. იესო ცოცხლობს ჩვენთან საუკუნოდ. დაე, იხაროს ეკლესიამ და მთელმა სამყარომ, ვინაიდან დღეს, უფალმა გაგვიხსნა სიცოცხლისაკენ გასასვლელი ხიდი, ჩვენი იმედები აღარ შეეხეთქება და არ დაიმსხვრევა სიკვდილის კედელზე.
დიახ, ძმებო და დებო, აღდგომასთან ერთად შეიცვალა სამყაროს ბედი და ამ დღეს, რომელიც ემთხვევა ქრისტეს აღდგომის სავარაუდო თარიღს, შეგვიძლია ვიხაროთ, აღვნიშნოთ წმინდა მადლის დღე, ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე ისტორიაში.
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! როგორც აღმოსავლეთის ეკლესიებში აუწყებენ ხოლმე, Christos Anesti. სიტყვა „ჭეშმარიტად“, გვეუბნება იმას, რომ იმედი ილუზია არ არის, არამედ სინამდვილეა, ჭეშმარიტებაა. აღდგომის პირველი მოწმეები თავიანთი მაგალითით გვიმოწმებენ ამას. სახარებები გვაუწყებენ იმას, თუ პასექის დღეს როგორი სისწრაფით გაიქცნენ ქალები, რათა ეხარებინათ მოწაფეებისთვის აღდგომა (მათ.28.8). მას შემდეგ, რაც მარიამ მაგდალინელი მიირბენს სიმონთან ამის საუწყებლად, სიმონ-პეტრე და იოანე ერთად გაიქცნენ სამარხისკენ, რათა მისულიყვნენ იესოს დამარხვის ადგილთან (იოან20.2-4). შემდეგ, პასექის საღამოს ემაუსის გზაზე აღმდგარ იესოსთან შეხვედრისას ორი მოწაფე გაეშურა გზად დაუყოვნებლივ. აჩქარებით გაიარეს სიბნელეში რამდენიმე კილომეტრი მთაზე, აღდგომის სიხარულით აღსავსე ანთებული გულებით. იმავე სიხარულით აღვსილი პეტრე, როდესაც იხილა აღმდგარი უფალი ვერ დარჩა გულგრილი და არ დაიწყო ლოდინი, არამედ გადაეშვა წყალში, რათა სწრაფად გაეცურა მასთან შესახვედრად (იოან.21.7). ასე, რომ აღდგომაში გზა ჩქარდება და იქცევა რბოლად, რადგან კაცობრიობა ხედავს თავისი გზის მიზანს, ხედავს თავისი ბედის არსს - იესო ქრისტეს – და მოწოდებულია იჩქაროს მისკენ სამყაროს იმედისკენ შესახვედრად.
მოდით, ჩვენც ვისწრაფოთ დავადგეთ ურთიერთნდობის გზას; იყოს ნდობა ადამიანებს შორის, ერებსა და სახელმწიფოებს შორის. დაე, გაგვაოცოს აღდგომის სასიხარულო ამბავმა, რომელიც ანათებს სიბნელესა და წყვდიადს, სადაც ხშირად იძირება სამყარო.
თუმცა ამ გზაზე ჯერ კიდევ უამრავ ქვას წამოვკრავთ ფეხს, რომლებიც აფერხებენ და დამღლელს ხდიან აღმდგარ უფალთან შესახვედრად სწრაფვას. მისკენ აღვაპყრობთ ჩვენს ვედრებას. დაგვეხმარე გამოვიქცეთ შენკენ. დაგვეხმარე გავხსნათ ჩვენი გულები.
დაეხმარეთ საყვარელ უკრაინელ ხალხს მშვიდობისაკენ მიმავალ გზაზე და მოჰფინეთ სააღდგომო შუქი რუს ხალხს. ანუგეშე დაჭრილები და ისინი, ვინც ომის გამო ახლობლები დაკარგეს, ხოლო ტყვეები დაუბრუნე საღსალამათი ოჯახებს. გახსენით მთელი საერთაშორისო საზოგადოების გული, რათა შეეცადოს იგი დაასრულოს ეს ომი და ყველა კონფლიქტი, რომელიც სისხლით რწყავს მსოფლიოს, დაწყებული სირიით, რომელიც ჯერ კიდევ მშვიდობის მოლოდინშია. მხარი დაუჭირეთ თურქეთში და იმავე სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს. ვილოცოთ მათთვის, ვინც დაკარგა ნათესავები და მეგობრები და დარჩა უსახლკაროდ. დაე, მათ მიიღონ ნუგეში ღვთისგან და დახმარება ერებისა და ოჯახებისგან.
ამ დღეს, მოგანდობთ უფალო შენ აღდგომის პირველ მოწმე ქალაქს, იერუსალიმს, გამოვხატავ ჩემს ღრმა შეშფოთებას ბოლო დღეებში მომხდარი შეტაკებებისა და ურთიერთპატივისცემის ეჭვქვეშ დაყენების გამო, რაც ასე მნიშვნელოვანია ებრაელ და პალესტინელ ხალხს შორის დიალოგის განახლებისათვის, რათა წმინდა ქალაქსა და მთელს რეგიონში გამეფდეს მშვიდობა.
დაეხმარე უფალო ჯერ კიდევ ერთობისა და სტაბილურობის მაძიებელ ლიბანს, რათა მოხდეს უთანხმოების გადალახვა და მისმა ყველა მოქალაქემ იშრომოს ქვეყნის საერთო კეთილდღეობისათვის.
ნუ დაივიწყებ უფალო ტუნისის ძვირფას ხალხს, განსაკუთრებით გთხოვ ახალგაზრდებისა და მათთვის, რომლებიც იტანჯებიან სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით. დაე, ნუ დაკარგავენ იმედს და ერთად იშრომონ მშვიდობიანი და ძმური მომავლის შენებისაკენ.
მიაპყარი შენი მზერა ჰაიტისაკენ, რომელიც განიცდის უკვე მრავალი წელია სოციალურ-პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისს. დაეხმარე პოლიტიკოსებსა და საერთაშორისო საზოგადოებას თავიანთ ძალისხმევაში უამრავი პრობლემის საბოლოო მოგვარებაში, რომელთა გამოც იტანჯება ქვეყნის მოსახლეობა.
განამტკიცე მშვიდობისა და შერიგებისაკენ დაწყებული პროცესი ეთიოპიასა და ჩრდილოეთ სუდანში, ბოლო მოუღე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებულ ძალადობას.
ანუგეშე ის ქრისტიანული საკრებულოები, რომლებიც დღეს აღნიშნავენ აღდგომას განსაკუთრებულ პირობებში. დაეხმარე ნიკარაგუასა და ერიტრეას, მოიხსენიე ისინი, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება თავისუფლად და საჯაროდ აღიარონ თავიანთი რწმენა. იყავი ნუგეში საერთაშორისო ტერორიზმის მსხვერპლთათვის, განსაკუთრებით ბურკინა-ფასოში, მალიზე, მოზამიკსა და ნიგერიაში.
დაეხმარე მაინმარს იაროს მშვიდობის გზით და აღავსე დამნაშავეთა გულები, რათა მრავალგზის ტანჯულმა ხალხმა მოიპოვოს სამართლიანობა.
ანუგეშე დევნილები, დეპორტირებულები, პოლიტ-პატიმრები და მიგრანტები.
განსაკუთრებით გთხოვ ყველაზე ჩაგრული ადამიანებისა და ყველა მათთვის, რომლებიც იტანჯებიან შიმშილით, სიღატაკითა და ნარკოტიკებისა და ადამიანთა ვაჭრობითა და ყველანაირი ფორმის მონობით გამოწვეული დამღუპველი შედეგებით. შთააგონე უფალო ხალხის ლიდერები, რათა არცერთი ადამიანი არ გახდეს დისკრიმინაციისა და ღირსების შელახვის მსხვერპლი; რათა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პატივისცემამ გააჯანსაღოს აღნიშნული სოციალური უბედურებები, რაც მიმართული იქნება მოქალაქეების საერთო კეთილდღეობისაკენ. დაე, იყოს გარანტირებული უსაფრთხოება და დიალოგის მშვიდობიანი თანაარსებობის პირობები.
ძმებო და დებო, მოდით, ჩვენც დავიბრუნოთ მოგზაურობის გემო, ავიჩქაროთ იმედის პულსი, განვიცადოთ სამოთხის სილამაზე! მოდით, დღეს ვხაპოთ ძალა სიკეთისგან, რათა წავიდეთ იმ მადლისაკენ, რომელიც არ გაგიცრუებს იმედს. და როგორც ეკლესიის ერთ-ერთი ძველი მამა წერდა, „ყველაზე დიდი ცოდვა არის აღდგომის ძალის არდაჯერება“ (ისააკ სირიელი, ასკეტური სიტყვები I, 5). მაშინ დღეს ჩვენ ვაღიარებთ: „დიახ, ჩვენ დარწმუნებული ვართ. ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღდგა“! ჩვენ გვწამს შენი, უფალო იესო, გვჯერა, რომ შენთან ერთად იბადება იმედი და მოგზაურობა გრძელდება. შენ, სიცოცხლის უფალო, გაგვამხნევე ჩვენს გზაზე და გაგვიმეორე, როგორც აღდგომის ღამეს მოწაფეებს უთხარი: "მშვიდობა შენდა!" (იოანე 20:19,21). მშვიდობა შენდა! მშვიდობა შენდა!
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comentarios