• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ფრანცისკე ქსავიერის მოხსენიება – 3 დეკემბერი


3 დეკემბერს, კათოლიკე ეკლესია წმინდა ფრანცისკე ქსავიერს მოიხსენიებს. მსოფლიოში კათოლიკური ეკლესიის ფართო გავრცელება დიდწილად განპირობებულია ფრანცისკე ქსავიერისა და მისი დროის წმინდანთა მუშაობით.



წმინდა ფრანცისკე ქსავიერი ქრისტიანი მისიონერი და იესოს საზოგადოების (იეზუიტების ორდენი) თანადამფუძნებელია. რომის კათოლიკე ეკლესია მას ქრისტიანობის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მისიონერად მიიჩნევს. მან უფრო მეტი ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე, ვიდრე ვინმე სხვამ, პავლე მოციქულის გარდა.


ფრანცისკე ქსავიერი დაიბადა ხავიერის ციხესიმაგრეში (ნავარა, ესპანეთი) 1506 წლის 7 აპრილს. ის არისტოკრატული ბასკური ნავარის ოჯახიდან იყო.


19 წლის ასაკში ფრანცისკე ქსავიერი წავიდა სასწავლებლად პარიზის უნივერსიტეტში. აქ მან 1530 წელს უმაღლესი განათლება მიიღო. შემდეგში განაგრძო თეოლოგიის შესწავლა და შეხვდა ეგნატე ლოიოლას.


1534 წლის 15 აგვისტოს, მონმარტრის სამლოცველოში, ეგნატე ლოიოლამ ფრანცისკე ქსავიერთან, პიტერ ფაბერთან, იაკობ ლაინსთან, ალფონს სალმერონთან, ნიკოლას ალფონს ბობადილასთან და სიმონ როდრიგესთან ერთად ფიცი დადეს, რომ სიცოცხლეს მიუძღვნენ ღმერთს და მის მსახურებას. ეს იყო იესოს საზოგადოების საძირკველის ჩაყრის ჟამი.


ფრანცისკე მღვდლად აკურთხეს 1537 წელს ვენეციაში.


1541 წელს პაპმა პავლე III-მ იგი გაგზავნა აღმოსავლეთ ინდოეთში, რაც მისი დიდებული მისიონერული სამსახურის დასაწყისი იყო.


ფრანცისკე ქსავიერმა უდიდესი სამუშაო შეასრულა აზიაში ქრისტიანობის გავრცელებაში, როგორც ორგანიზატორი და როგორც პიონერი. ამით შეიმუშავა იესოს საზოგადოების მისიონერული მეთოდების საფუძვლები.


მას გააჩნდა დიდი მისიონერის თვისებები, იყო ქარიზმატული პიროვნება, ჰქონდა უზარმაზარი ლინგვისტური ნიჭი და ყოველთვის შეუჩერებლად მიიწევდა წინ. მისმა ნაშრომმა დიდი კვალი დატოვა ინდოეთის, იაპონიის და ჩინეთის მისიონერულ ისტორიაში, რაც გზას უჩვენებს კათოლიკე მისიონერების მომავალ თაობებს და არა მხოლოდ იეზუიტებს.


მან თავად შეძლო ენახა თავისი მუშაობის მრავალი შედეგი, მაგრამ მიზნები, რომლებიც მან დაისახა, ბევრად უფრო დიდი იყო. როდესაც რომის კათოლიკე ეკლესიამ უპასუხა მის მოწოდებას და გააცნობიერა, თუ რას აკეთებდა ის, მისი ძალისხმევის შედეგი ბევრად გასცდა მისი ორდენის საზღვრებს.


დღეს მსოფლიოში კათოლიკური ეკლესიის ფართო გავრცელება დიდწილად განპირობებულია ფრანცისკე ქსავიერით და მისი დროის მთელი წმინდა თაობით.


1552 წლის 2 დეკემბერს, ფრანცისკე ქსავიერი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მისი ცხედარი ინახება გოაში და სასწაულებრივად რჩება უხრწნელი თითქმის 5 საუკუნის განმავლობაში.


ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, 6 კვირის განმავლობაში, მისი უხრწნელი სხეული წარმოჩენილია ყველას სანახავად (ბოლოს ეს მოხდა 2004 წელს).


ფრანცისკე ქსავიერი კათოლიკე და ანგლიკანური ეკლესიების წმინდანია.


1619 წლის 25 ოქტომბერს იგი ნეტარად შერაცხა პაპმა პავლე V-მ. 1622 წლის 12 მარტს კი წმინდანად შერაცხა პაპმა გრიგოლ XV-მ.

ის არის ავსტრალიის, ბორნეოს, ჩინეთის, ინდოეთის, გოას, იაპონიის, ახალი ზელანდიის მფარველი წმინდანი.


მსოფლიოს მრავალი ეკლესია და უნივერსიტეტი ფრანცისკე ქსავიერის სახელს ატარებს.


catholic.ge