წმინდა 2025 წელი
- catholic.ge
- Jun 13, 2024
- 2 min read
პაპი ფრანცისკე ა.წ. 24 დეკემბერს საზეიმოდ გახსნის წმ. პეტრეს ტაძრის წმინდა კარს და 2026 წლის 6 იანვარს დახურავს.

სწორედ ეს ორი თარიღი იქნება 2025 წლის რიგითი იუბილეს დასაწყისი და დასასრული. საიუბილეო წლის თემაა "იმედის მომლოცველები“. ამას აუწყებს პაპის ბულა Spes non confundit (იმედი არ გაცრუვდება), რომელიც გასული წლის 9 მაისს, უფლის ამაღლების მეორე მწუხრის დასაწყისს, გადაეცა ხუთი კონტინენტის წარმომადგენლებს.
რომის სხვა წმინდა კარი გაიხსნება 2024 წლის 29 დეკემბერს პაპის საკათედრო ტაძარში San Giovanni in Laterano; 2025 წლის 1-ელ იანვარს - Santa Maria Maggiore-ში და ბოლოს, 5 იანვარს, კვირას, - San Paolo fuori le Mura-ში (წმ. პავლეს ბაზილიკა გალავანს მიღმა). პაპმა ასევე განაცხადა თავისი განზრახვა, რომ გახსნას წმინდა კარი ციხეში და მოითხოვოს ვალის ჩამოწერა იმ ერებისათვის, რომლებიც მათ დაფარვას ვერ ახერხებენ.
აქვე აღსანიშნავია, რომ არ განმეორდება ის, რაც მოწყალების საგანგებო იუბილესთან დაკავშირებით იქნა დადგენილი, ანუ წმინდა კარის გახსნა ყველა ეპარქიაში. თუმცა პაპის ბულა ითვალისწინებს, რომ კვირას, 2024 წლის 29 დეკემბერს, ყველა საკათედრო ტაძარსა და თანაკათედრალში ,,ეპარქიის ეპისკოპოსები აღნიშნავენ წმიდა ევქარისტიას, როგორც საიუბილეო წლის საზეიმო გახსნას, იმ რიტუალის მიხედვით, რომელიც მომზადდება ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. დაე, ეკლესიიდან საკათედრო ტაძარში მომლოცველობა გახდეს ნიშანი ღვთის სიტყვით განათებული იმედის გზისა, რომელიც გააერთიანებს მორწმუნეებს“. ადგილობრივ ეკლესიებში იუბილე დასრულდება კვირადღეს, 2025 წლის 28 დეკემბერს. ამ მოვლენას პაპი უყურებს როგორც გაგრძელებას გზისა, რომელიც დაიწყო მოწყალების იუბილეთი, 2015-2016 წლებში, და რომელიც გაგრძელდება 2033 წელს, როდესაც აღინიშნება გამოსყიდვის ორიათასწლოვანი იუბილე. ბუნებრივია, ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოახლოებული წმიდა წელი ემთხვევა ნიკეის კრების 1700 წლის იუბილეს, რასაც ეკუმენური ფუნქცია აქვს (მომავალ წელს აღდგომას ყველა ქრისტიანი ერთსა და იმავე დღეს აღნიშნავს).
უწინარესად, პაპი ყურადღებას ამახვილებს იმ აუცილებლობაზე, რომ არ უნდა დავკარგოთ იმედი იმ დროს, როდესაც ,,ხშირად ვხვდებით იმედგაცრუებულ ადამიანებს, რომლებიც მომავალს სკეპტიციზმითა და პესიმიზმით უყურებენ, თითქოს მათ ვეღარაფერი მოუტანს ბედნიერებას“. ამიტომ აუცილებელია, წერს იგი: ,,ყურადღება მიაქციონ ყველა იმ სიკეთეს, რაც მსოფლიოშია, რათა არ აცდუნონ იმაზე ფიქრმა, რომ ბოროტებამ და ძალადობამ ისინი გაანადგურა“. დროის ნიშნები, არსებითად, ,,ითხოვენ იმედის ნიშნებად გარდაქმნას“. დაბოლოს, პაპის ბულა განმარტავს ინდულგენციის მნიშვნელობას, მოგვიწოდებს მიტევებისაკენ და ადასტურებს მოწყალების მისიონერების მსახურებას, რომელიც წინა საგანგებო იუბილეზე დაწესდა, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა ამის საჭიროება. ,,ამიტომ შემდეგი იუბილე, - დასძენს პაპი, - იქნება წმინდა წელი, რომელიც ხასიათდება ჩაუმქრალი იმედით, რომ ღმერთი დაგვეხმარება, კვლავ მოვიპოვოთ ნდობა როგორც ეკლესიისა, ისე საზოგადოებისა, პირად და საერთაშორისო ურთიერთობებში, თითოეული ადამიანის ღირსების წარმოჩენასა და ქმნილებათა მიმართ პატივისცემაში“.
მამა გაბრიელე ბრაგანტინი
ჟურნალი "საბა"/ 2024 ივნისი
Comments