22 იანვარს, კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს წმიდა მოწამე ბიკენტის, დიაკონსა და წამებულს. იგი ასევე ცნობილია, როგორც ბიკენტი სარაგოსელი.

წმინდანი დაიბადა ესპანეთში, ქალაქ უესკაში, ცნობილ რომაულ ოჯახში. ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა წმიდა წერილისადმი დიდი სიყვარული და ღრმა ღვთისმოსაობა. ამის გამო, ეპისკოპოსმა ვალერიანემ იგი სარაგოსაში არქიდიაკონად და მქადაგებლად დაადგინა. მას ღარიბების პატრონობა და ეპარქიის ქონების მართვა დაევალა.
იმ ხანებში უღმრთო დიოკლეტიანეს (284-305) ბრძანებით ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში ქრისტიანთა დასასჯელად ჩავიდა მმართველი დაციანე. წმიდანები შეიპყრეს და ხანგრძლივი ტანჯვისა და წამების შემდეგ საჯარო დაკითხვა მოუწყვეს. დაკითხვაზე პირველად ეპისკოპოსი წარადგინეს. მეუფე ჩუმად, ენის ბორძიკით, თითქოს გაუბედავად ლაპარაკობდა. მაშინ წინ წარდგა წმიდა ბიკენტი და მსაჯულებისა და შემოკრებილი ხალხის წინაშე წარმოთქვა საუკეთესო ქადაგება, რომლითაც საჯაროდ აღიარა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. მტარვალმა მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააბრუნა და დიაკვნის წამება ბრძანა.
ბევრი ტანჯვა დაითმინა ნეტარმა ბიკენტიმ: იგი ჯვარზე გააკრეს და გახურებული წკნელებით დაუწყეს ცემა. როცა უფლის რჩეული ძელს მოწყდა, თვითონვე ითხოვა, ისევ მიემსჭვალათ, რომ ჯვარცმული მაცხოვრის ვნებებს ზიარებოდა.
წამების შემდეგ მარტვილი საპყრობილეში გამოკეტეს. გაოცებულ მცველებს ესმოდათ, თუ როგორ გალობდა იგი ფსალმუნებს და საკნიდან გამომავალ არაამქვეყნიურ, ბრწყინვალე ნათელსაც ხედავდნენ.
დილით ნეტარი მოწამე ცეცხლში დაწვეს. ეს მოხდა ქალაქ ვალენსიაში. 304 წლის 22 იანვარს.
მის ხსოვნას პატივს მიაგებდნენ არა მხოლოდ ესპანეთში, (სარაგოსა, ვალენსია), არამედ მთელ ევროპაში.
V საუკუნეში უკვე ააგეს მის სახელზე ტაძრები. XV საუკუნის ნახევარში მის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს ატლანტის კუნძულებს. მისი ნეშტი გადაასვენეს რომში, მისმა გამბედაობამ და სიმამაცემ მალევე ჰპოვა პატივისცემა და დიდება. წმიდა ავგუსტინე ამბობდა: "ბიკენტის სახელი ვრცელდება ყველაგნ, სადაც ვრცელდება რომის იმპერია და სადაც აღწევს ქრისტიანთა სახელი". მისი კულტი ჯერ ესპანეთში გავრცელდა, ხოლო მოგვიანებით მთელს ევროპაში. წამებული არს პორტუგალიისა და ლისაბონის ზეციერი მფარველი, ასევე ესპანეთში მოღვაწე ბერების, მეტყევეების, ფერმერების, მეღვინეებისა და ნოქრების.
შოთა გიქოშვილი
Comments