ხარების დღესასწაული ჭიათურის ხარების საკრებულოში
- catholic.ge
- Mar 27
- 2 min read
„მეექვსე თვეს კი წარმოიგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი, ქალწულთან რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან, და ქალწულის სახელი იყო მარიამი. და შევიდა მასთან და უთხრა: „გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის“. (ლუკა 1.26-28.)

რამდენჯერ მოგვისმენია სახარების ეს სიტყვები და გულს ყოველთვის სიხარული დაუფლებია. სწორედ ამ საკითხავით გვამცნობს ეკლესია ხარების დღესასწაულის დადგომას. ხარება - როგორც დიდმარხვის ჟამს სიხარულისა და იმედის მაუწყებელი დღესასწაული, გამორჩეულია ათორმეტ საუფლო დღესასწაულებს შორის. ამიტომაც არც არის გასაკვირი, რომ სხვადასხვა ეპოქის ხელოვანები, მაცხოვრის აღდგომისა და შობის სცენების გამოსახვასთან ერთად, ყველაზე ხშირად სწორედ უფლის ანგელოზის მიერ ქალწულ მარიამის ხარების სცენებს აცოცხლებდნენ.
ხარების დღესასწაულს, საქართველოს ადგილობრივმა ლათინური წესის კათოლიკე ეკლესიამ, ქალაქ ჭიათურაში ახალაგებული ტაძარი მიუძღვნა და თითქმის ორი ათწლეულია ყოველი წლის 25 მარტს საქართველოში მოქმედი კათოლიკური სამრევლოების წარმომადგენლები, ჭიათურელ კათოლიკეებთან ერთად, საზეიმოდ აღნიშნავენ ამ დიდ დღეს.
ჭიათურის ტაძარი მცირე ფორმების, მაგრამ არქიტექტურულ-დიზაინერული გადაწყვეტით უნიკალურია მთელს სამხრეთ კავკასიაში. თავისი ინტერიერის გაფორმებითა და გარემო რელიეფთან ნაგებობის ჰარმონიული შერწყმით, იგი ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. მისი მხატვრული იერსახის ჩამოყალიბება, მამა გაბრიელე ბრაგანტინის ესთეტიკისა და პროფესიონალური ხედვები ნაყოფია.
წელსაც, ეს ლამაზი ტრადიცია გაგრძელდა და ხარების დღესასწაულზე, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, ჭიათურის ტაძრის დღესასწაულიცაა, სამხრეთ კავკასიაში ლათინური წესის კათოლიკე ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრატორი მეუფე ჯუზეპე პაზოტო სტუმრობდა. ზეიმზე, ადგილობრივი კათოლიკე ეკლესიის დასავლეთ საქართველოს დეკანატის ყველა მღვდელმსახური, საბერმონაზვნო ორდენებისა და სამრევლოების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. მათ გულღია მასპინძლობას უწევდნენ ჭიათურის ტაძრის წინამძღვარი მამა დანიელე ჯიაკომელი და ადგილობრივი მრევლი.
მეფე ჯუზეპემ, ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს და მათთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკეებს, ხარება მიულოცა და თავის ქადაგებაში ამ ნათელი და სიხარულის მომტანი დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
წლევანდელი ხარების დღესასწაული განსაკუთრებულად საზეიმოდ და სასიხარულოდ დასამახსოვრებელი გამოდგა ჭიათურის სამრევლოსათვის, რადგან საზეიმო მსახურების დროს, მეუფე ჯუზეპემ და მამა დანიელემ ამ სამრევლოს ახალგაზრდა წარმომადგენლების სოფოსა და იოსების პატარა ქალიშვილის ანა-მარიას ნათლობა აღასრულეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო, წლებია სოფიკო და იოსები თბილისში მსახურობენ და საკათედრო ტაძრის მუდმივი სტუმრები არიან, მაგრამ მშობლიური სამრევლოს სიყვარულითა და ერთგულების ნიშნად, პატარა ანა-მარია ჭიათურის ხარების ტაძარში, სწორედ ხარების დღესასწაულზე მონათლეს. ეს ფაქტი ნათლად ამოწმებს საკუთარ ტაძართან და სამრევლოსთან თუ როგორი მიჯაჭვულობით გამოირჩევიან საქართველოში მკვიდრი კათოლიკეები.
მსახურების ბოლოს, მეუფე ჯუზეპემ მადლობა გადაუხადა შეკრებილ მორწმუნე საზოგადოებას და განსაკუთრებულად აღნიშნა წინამძღვარ მამა დანიელესა და საკრებულოზე მზრუნველ, დედა ანა-მარიას ღვაწლი და დამსახურება. სწორედ მათი მუდმივი მსახურების შედეგია ჭიათურის ხარების საკრებულოს წარმატებული საქმიანობა.
ნუგზარ ბარდაველიძე
Comments