top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ხელოვნური ინტელექტი ადამიანს უნდა ემსახურებოდეს’ - პაპი ფრანცისკე


ბოლო პერიოდში, ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა პაპ ფრანცისკეს ფოტო, სადაც მას თითქოსდა ბრენდული დუტის ქურთუკი აცვია. ფოტო არაერთმა ქვეყნის მედიასაშუალებამ აიტაცა, მათ შორს, არც საქართველოში დარჩენილა უყურადღებოდ. მათგან, ვინც დაიჯერა, რომ პაპი ნამდვილად იყო შემოსილი დუტის ბრენდული ქურთუკით, ფოტოს არაერთგვაროვანი შეფასებები მოაყოლა, უმეტეს შემთხვევაში, ეს იყო კრიტიკა, ლანძღვადა წყევლა გარკვეული მასებისგან, ქრისტეს სახელით. საბოლოოდგაირკვა, რომ აღნიშნული ფოტო ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი.


გთავაზობთ პაპ ფრანცისკეს შეხედულებას ხელოვნური ინტელექტის, მისი სასიკეთო და საზიანო მხარეების შესახებ.


“კაცობრიობის უდიდეს პოტენციალს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის განვითარება. თუმცა, ის სასარგებლო იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ადამიანები, ვინც ამ ტექნიკას ავითარებენ, მზად არიან იმოქმედონ ეთიკურად და პასუხისმგებლობით”, - ამის შესახებ პაპმა ე.წ. მინევრას დიალოგების მონაწილეებთან აუდიენციაზე ისაუბრა.


წმინდა მამამ აღნიშნა, რომ „თუ ხელოვნური ინტელექტის განვითარება კაცობრიობას უნდა მოემსახუროს, მაშინ მისი ძირითადი კრიტერიუმი ადამიანის ღირსება უნდა იყოს. აქამდე არსებული მონაცემებით, როგორც ჩანს, ციფრული ტექნოლოგიები გამოყენებულია მსოფლიოში უთანასწორობის გასაზრდელად, არა მხოლოდ მატერიალური სიმდიდრის განსხვავებების, არამედ პოლიტიკური და სოციალური გავლენის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც“.


„უთანასწორობის ეს პრობლემა შეიძლება გამწვავდეს მერიტოკრატიის ყალბი კონცეფციით, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის ღირსების ცნებას. არსებობს საფუძველი ადამიანური ღვაწლისა და ძალისხმევის აღიარება-დაჯილდოებისა, თუმცა არსებობს რისკი იმისა, რომ გარკვეული ეკონომიკური უპირატესობა დამსახურებულად ან გამომუშავებულად ჩაითვალოს, ხოლო სიღარიბე გარკვეულწილად ამ ყველაფრის შედეგია. ასეთი მიდგომა არ აფასებს ადამიანებს შორის თავდაპირველ უთანასწორობას სიმდიდრის, განათლების მიღების შესაძლებლობებისა და სოციალური კავშირების კუთხით, არამედ პრივილეგიებსა და უპირატესობებს განიხილავს როგორც პირად მიღწევებს. შესაბამისად, სქემატურად რომ ვთქვათ, თუ სიღარიბე ღარიბების ბრალია, მაშასადამე მდიდრები თავისუფლდებიან ამ მიმართულებით რაიმეს გაკეთებისგან“.


პაპი მოგვიწოდებს, გამოვიჩინოთ სიფრთხილე და დავაკვირდეთ თუ როგორ ეყრდნობა სოციალური და ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესები ალგორითმებს, რომლებიც ამუშავებენ ინდივიდების შესახებ შეგროვებულ, ხშირად საიდუმლო მონაცემებს, მათ წარსულ მახასიათებლებსა და ქცევებს.


„ასეთი მონაცემები შეიძლება დაზიანდეს საზოგადოების მიკერძოებითა და აზროვნების სქემებით. მით უმეტეს, რომ ამა თუ იმ პიროვნების წარსული ქცევა არ უნდა იქნას გამოყენებული მისი შესაძლებლობის, განვითარებისა და საზოგადოებაში თავისი წვლილის შეტანის უარსათმელად. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება ალგორითმებს შეზღუდონ ან განაპირობონ ადამიანის ღირსება, თუმცა არც უნდა გამოვრიცხოთ თანაგრძნობა, მოწყალება, პატიება და უპირველეს ყოვლისა, ღიაობა ინდივიდში ცვლილებებისადმი. ბაბილონის გოდოლის ბიბლიური ამბავი ხშირად გამოიყენება როგორც გაფრთხილება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გადაჭარბებული ამბიციების წინააღმდეგ (შდრ. დაბად. 11). წმინდა წერილი გვაფრთხილებს იმ ამპარტავნების შესახებ, რომელსაც სურს ზეცამდე ასვლა, ანუ ჩასწვდეს და გაბატონდეს იმ ფასეულობების ჰორიზონტზე, რომელიც განსაზღვრავს და უზრუნველყოფს ჩვენს ადამიანურ ღირსებას. ამ პერსპექტივაში, შემდგომში სხვადასხვა ენის შექმნა, როგორც ღვთის ნებისმიერი სხვა ჩარევა, ახალ შესაძლებლობად იქცევა. ის მოგვიწოდებს განსხვავებულობისა და მრავალფეროვნების სიმდიდრის აღიარებისკენ, რადგან ერთგვაროვნება არ იძლევა ზრდის საშუალებას, ერთგვაროვნება უბრალოდ თავზე მოხვეული წესდებაა. მხოლოდ გარკვეული დისციპლინური ერთგვაროვნება არის კარგი - ეს შეიძლება, მაგრამ არა თავს მოხვეული და დაწესებული. მრავალფეროვნების ნაკლებობა სიმდიდრის ნაკლებობაა, რადგან მრავალფეროვნება მოითხოვს ჩვენგან, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და თავმდაბლად ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ადამიანური ღირსების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და საზღვრები“, – განმარტა პაპმა.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page