top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ჯვრის გზა'  - ლოცვის ისტორია და მნიშვნელობა

‘ჯვრის გზა’ კათოლიკე ეკლესიაში დიდმარხვის დროს, ყოველ პარასკევს აღევლინება. ლოცვა ტაძრებში, კედლებზე განლაგებული 14 ხატის წინ სრულდება, ეს ხატები კი ქრისტეს ვნებებს გამოსახავენ, გოლგოთის გზაზე. ყოველ ხატის წინ, მორწმუნეები ერთი მთავარი ჯვრით ხელში ჩერდებიან და სახარებას კითხულობენ, რომელსაც ხშირად მცირე განმარტება/ მედიტაცია ახლავს თავს.

 


ფოტოს ავტორი – წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა ტაძარი/ 21.03.2025
ფოტოს ავტორი – წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა ტაძარი/ 21.03.2025

‘ჯვრის გზის’ ლოცვა არა მხოლოდ იესოს ტანჯვასა და მსხვერპლშეწირვის მონათხრობია, არამედ სულიერი მომლოცველობაცაა, რომელიც მიგვიძღვის შეჩერებიდან შეჩერებამდე და მაცხოვრის ვნების საკვანძო მომენტებს გვახსენებს.

 

ქრისტიანებისათვის ‘ჯვრის გზა’ არის ფიქრის დრო ღვთის მოწყალებაზე, რომელმაც კაცობრიობის ხსნისათვის საკუთარ თავზე აიღო ჯვარი და სიკვდილი.

 

ამ სტატიაში მოგითხრობთ ‘ჯვრის გზის’ ისტორიას, სიმბოლიკას და სულიერ მნიშვნელობას მის ლიტურგიულ საღვთისმეტყველო და ისტორიულ კონტექსტში.

 

‘ჯვრის გზის’ ისტორია

 

‘ჯვრის გზა’ მორწმუნეებში ასევე ცნობილია, როგორც Via Crucis. ამ ლოცვის ტრადიცია პირველი საუკუნეების ქრისტიანული სიღრმეებიდან მოდის. წმიდა მიწაზე, განსაკუთრებით იერუსალიმში, მომლოცველთა ადრეული ცნობები იმაზე მიუთითებს, რომ უკვე IV საუკუნეში მომლოცველები დადიოდნენ ქალაქის ვიწრო, მტვრიან ქუჩებში, რათა  კვალდაკვალ გაჰყოლოდნენ იესოს ჯვარცმის ადგილისაკენ. 

 

დროთა განმავლობაში, ეს ჩვეულება იერუსალიმიდან სხვა ქრისტიანულ რეგიონებში გავრცელდა და მარშრუტის ფორმამ, რომელიც შეიქმნა ქრისტეს ვნების გზის გასაცოცხლებლად, შუა საუკუნეებში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

 

XIII საუკუნეში, ფრანცისკე ასიზელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ეკლესიაში ‘ჯვრის გზის’ ლოცვა დაიწყო და ამით მან საშუალება მისცა განეცადათ ქრისტეს ვნებები იმ მორწმუნეებს, რომლებიც წმიდა მიწაზე ვერ მიდიოდნენ. წმიდა ფრანცისკეს წყალობით, ‘ჯვრის გზა’ იქცა ლოცვად, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა არა მხოლოდ მომლოცველებისთვის, არამედ მათთვის, ვისაც სურდა სახლიდან გაუსვლელად ეცა თაყვანი იესოსთვის.

 

დროთა განმავლობაში, პაპებმა ამ ლოცვის ოფიციალური ფორმები დაამკვიდრეს. საბოლოოდ კი, XVIII საუკუნეში პაპმა კლემენტ XIII-მ ‘ჯვრის გზის’ შეჩერებების ფორმულა დაამტკიცა, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ტრადიციის განუყოფელი ნაწილი გახდა.

 

‘ჯვრის გზაში’ გადმოცემულია არა მხოლოდ იესოს ტანჯვის ამბავი, არამედ იესოს ტანჯვის, სიკვდილისა და აღდგომის ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა. 14 შეჩერებიდან თითოეულს, რომელიც ქრისტეს ვნებას ასახავს, აქვს ღრმა თეოლოგიური და სულიერი მნიშვნელობა. ცალკეულ შეჩერებაზე ფიქრი გვეხმარება გავიგოთ ის დიდი მსხვერპლი, რომელიც იესომ კაცობრიობისთვის გაიღო.

 

‘ჯვრის გზის’ შეჩერებები კათოლიკური ტაძრების კედლებზეა განთავსებული და იგი სიმბოლურად  მორწმუნეებს ეხმარება განვლონ იესოს ტანჯვის გზა. ‘ჯვრის გზის’ ლოცვა  დიდმარხვის ჟამში, ყოველ პარასკევს აღევლინება. ლოცვა მორწმუნეებს ეხმარებათ ტანჯვიდან იმედში, სიკვდილიდან კი აღდგომაში გადავიდნენ.

 

‘ჯვრის გზის’ შეჩერებები - ღრმა სიმბოლოები

 

ტრადიციულად, ‘ჯვრის გზა’ შედგება 14 შეჩერებისგან, რომლებიც იესოს ვნებების საკვანძო მომენტებს წარმოადგენენ. თითოეული შეჩერება მორწმუნეებს ახსენებს, არა მხოლოდ თავად მოვლენას, არამედ მის სულიერ გზავნილსაც. გთავაზობთ 14 შეჩერების მოკლე ანალიზს:

 

1.     იესოს სიკვდილი მიუსაჯეს - გზის დასაწყისი, რომელიც უდანაშაულობისა და თავგანწირვის მზაობის სიმბოლოა. ეს არის მომენტი, როცა იესო პილატეს წინაშე წარდგება და სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ.

 

 

2.     იესომ აიღო ჯვარი - ამ შეჩერებაში ვხედავთ, რომ იესომ აიღო ჯვარი, რომელიც განასახიერებს მთელი მსოფლიოს ცოდვებს. ეს არის მომენტი, რომელიც აჩვენებს ქრისტეს მზადყოფნას თავგანწირვისთვის.

 

3.     იესო პირველად ეცემა ჯვრის ქვეშ - იესო ეცემა, რაც სიმბოლოა ადამიანური ტანჯვისა და სისუსტისა, რომელსაც იესო შეხვდა გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე.

 

4.     იესო ხვდება თავის დედას - იესოს შეხვედრა მარიამთან, თავის დედასთან, აჩვენებს მარიამის სიყვარულს, ტკივილსა და შემგუებლობას საკუთარი ძის ტანჯვის მიმართ. იგი ღვთის დედაა, რომელიც ყველა ტანჯულის ნუგეშია.

 

5.     სიმონ კვირინელი ეხმარება იესოს ჯვრის ზიდვაში - სიმონ კვირინელის დახმარება განასახიერებს ჩვენს მზაობას დავეხმაროთ სხვებს მძიმე მომენტებში.

 

6.     ვერონიკა წმენდს სახეს იესოს - ვერონიკას ეს ჟესტი არის სიმბოლო მძიმე წუთებში ზრუნვისა მეორე ადამიანის მიმართ.

 

7.     იესო მეორედ ეცემა ჯვრის ქვეშ - იესოს მეორედ დაცემა ჯვრის ქვეშ არის სიმბოლო არა მხოლოდ მისი ფიზიკური ტანჯვისა, არამედ ასევე მისი სულიერი განცდებისა ჩვენი ცოდვების გამო.

 

8.     იესო ანუგეშებს მომტირალ ქალებს - ამ ფორმით იესო შეგვახსენებს, რომ იმედი ყველაზე მნიშვნელოვანია და რომ ტანჯვები არის ადამიანური ცხოვრების განუყრელი ნაწილი, რომელიც საბოლოოდ გაქარწყლდება.

 

9.     იესო მესამედ ეცემა ჯვრის ქვეშ - მესამედ დაცემა ჯვრის ქვეშ არის იესოს ტანჯვების კულმინაცია. იგი გვახსენებს იესოს უკანასკნელ მსხვერპლს, რომელსაც იგი სამყაროს ხსნისთვის გაიღებს.

 

10. იესოს განძარცვავენ სამოსისგან - იესოს სრულად განძარცვავენ სამოსელისგან, რაც ასახავს მის სრულ თავგანწირვას და ასევე დამცირებას, რომელსაც იგი განიცდის გოლგოთის გზაზე.

 

11.  იესო ჯვარს აცვეს - ჯვარი, რომელზეც იესომ ხელები გაშალა, მისი ვნებების კულმინაციაა, ასევე მომენტი, რომელშიც იესო კაცობრიობის სახსნელად სიცოცხლეს სწირავს.

 

12.  იესო კვდება ჯვარზე - იესოს სიკვდილი არის ჯვრის გზის ცენტრალური წერტილი. უკანასკნელი მსხვერპლი, რომელსაც ხსნა მოაქვს.

 

13. იესოს გარდამოხსნა ჯვრიდან - იესოს გარდმოხსნილი სხეული  წუხილისა და გოდების სიმბოლოა. ეს ასევე არის მომენტი, რომელშიც ხსნის წინასწარმეტყველება მჟღავნდება. იესო სწირავს სიცოცხლეს, თუმცა ეს ისტორიის დასასრული არ არის.

 

14.  იესო დაასვენეს სამარხში - იესოს სხეულის სამარხში დასვენება ნიშნავს დუმილსა და ფიქრს, იესოს მკვდრეთით აღდგომის მოლოდინისას.

 

‘ჯვრის გზა’, როგორც სულიერი პრაქტიკა

 

‘ჯვრის გზის’ თანამედროვე გამოცდილება  ბევრ ეკლესიასა და ქრისტიანულ საკრებულოში ლოცვისა და რეფლექსიის ფორმაა. მასში  შერწყმულია პირადი ერთგულება და საკრებულოში თანაზიარება. ბევრი მორწმუნისთვის ‘ჯვრის გზის’ ლოცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში გაღებული მსხვერპლისა და ტანჯვის ღრმა გაგებაა. მორწმუნეებს სხვადასხვა საშუალება აქვთ იმისათვის, რომ გაიარონ 14 შეჩერება. მაგალითად: ‘ჯვრის გზა’ ღია ცის ქვეშ, ეკლესიაში, სახლში და ა.შ. საეკლესიო ტრადიციის თანახმად, დიდმარხვისას, პარასკევს აღსრულებული ‘ჯვრის გზის’ ლოცვა იძლევა საშუალებას მორწმუნეებმა მიიღონ პლენარული ინდულგენცია.

 

 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page