top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ჰოი, კურთხეულო აღდგომის ჟამო!

ხდება ხოლმე, როცა ბოლო მომენტში დაგირეკავენ, დაკრძალვამდე ერთი საათით ადრეც კი, რადგან მომაკვდავმა „უკანასკნელ წუთს“ აღმოაჩინა, რომ კათოლიკეა; უნდა იჩქარო და ჭირისუფალს გაჰყვე ლოცვისთვის, რადგან მართლმადიდებელმა მღვდელმა, ნათესავ-მეგობრების თხოვნის მიუხედავად, უარი თქვა ამაზე...



ასე აღმოჩნდები ახლად ამოღებული მიწის ბორცვთან, ირგვლივ ულამაზესი პეიზაჟით, მაგრამ ეულად, ცასა და მიწას შორის, ყველას გარეშე, გარდა იმისა, ვინც სასაფლაომდე მიგაცილა, ლამის ესტაფეტად გადადიხარ ხელიდან ხელში, მათ შორის, ვინც მღვდლის სასაფლაომდე მიცილება იკისრა; უცნაურია: როგორ გაისმის ეკლესიის ეს წმინდა ლოცვა მარტოსულ და შიშველ რწმენაში, რაც გაგრძნობინებს, რომ შენი ყოფნა არსებითია, მაგრამ, ამავდროულად, ,,გამოყენებული და მიგდებული“.


ანდა წვიმით გაჟღენთილ მიწაში ჩარჭობილი ხის ჯვრის წინაშე, ნათესავ-მეგობრების ყურადღების ფონზე, რომლებიც ბედნიერები არიან, რომ საბოლოოდ მოიხადეს თავიანთი ვალი და სასაფლაოდან ისევ შინ ბრუნდებიან, თუმცა ამჯერად რწმენასა და სიცოცხლეს მოკლებულ გარემოში. უკან დაბრუნებისას კი თავში გიტრიალებს კითხვა: როდემდე უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი? ნუთუ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, მხოლოდ მაშინ, როცა მართლმადიდებელი მღვდლის მწვავე კითხვების წინაშე აღმოვჩნდებით, უნდა შევიტყოთ, რომ მიცვალებული კათოლიკე იყო?


ეს ყველაფერი კი გაფიქრებინებს: თუკი იმდენად პატივს სცემენ კათოლიკეს რწმენას, რომ მისთვის „მართლმადიდებლური ლოცვის“ წარმოთქმაც კი ვერ გაუბედავთ, რატომ არ ეშინიათ კათოლიკე ნათესავების გადანათვლის? მაშინაც კი, თუ პასუხი ადვილად გამოსაცნობია, მაინც შეუსაბამობაა... ამ ყოველივეს ფონზე! ჩანს, თითქოს ყველაფერი წესრიგშია ქართული ცის ქვეშ: საცოდავი მამაზეციერი, უშფოთველად რომ ამოჰყავს მზე ბოროტთა და კეთილთა თავზე (შდრ. მათე 5, 45)! რა ვითარებაში ვზღუდავთ მას აქ, საქართველოში, იმ უამრავი, მოძველებული რეფრენების გამო: არ შეიძლება ილოცო კათოლიკესთვის... კათოლიკემ არ უნდა ილოცოს მართლმადიდებლისთვის... ვიდრემდის... ვერ გადარჩები, თუ არ გახდები მართლმადიდებელი!



შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შეთანხმებულ დროს ილოცო გარდაცვლილი კათოლიკეს ცხედრის წინაშე, იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც არ იციან კათოლიკეები არიან თუ მართლმადიდებლები (ალბათ იმიტომ, რომ მათი წინაპრები კათოლიკური ტრადიციის ოჯახებიდან იყვნენ, მაგრამ შემდეგ უცნაური მიზეზით იქცნენ მართლმადიდებლებად) და ისე გიყურებენ, თითქოს გეუბნებიან: „დიახ, შენ შეგიძლია ილოცო, მაგრამ მე შენთან ერთად ვერ ვილოცებ“;


მაშინაც კი, როდესაც წარმოითქმის ის ულამაზესი ლოცვა, რომელიც იესომ გვასწავლა, არ ცდილობენ გახსნან ბაგენი და ილოცონ, პირიქით, ქედმაღლურად მიგანიშნებენ, რომ რასაც შენ აკეთებ, მათთვის არავითარი ღირებულება არა აქვს; უფრო მნიშვნელოვანია, პატარა ანთებული სანთელი დაიჭირონ ხელში და უცქირონ იმ მბჟუტავ ცეცხლს, რომელიც უკვე აღარაფერს ანათებს; ხოლო გარეთ, ეზოში, კაცები სიგარეტს აბოლებენ და ვინ იცის, რა უსარგებლო რამეზე საუბრობენ იმ გადაწყვეტილების მოლოდინში, რომ საბოლოოდ გადაიტანონ სასახლე თავის ბოლო განსასვენებელში. რამდენი რიტუალიზმია ცოცხალი ადამიანის ცხოვრებაში ამ უნიკალური მომენტისა და ეკლესიის ერთ-ერთი უწმიდესი გულმოწყალებისთვის. მეორე მხრივ, ვაი შენი ბრალი, თუ რაიმეს ისე არ გაკეთებ: რიტალი, რომელიც მკვდარზე უფრო მკვდარია?


არადა საზოგადოების კულტურის სიდიდე საკუთარი მიცვალებულების მიმართ ნამდვილი კულტით გამოიხატება; ქრისტიანული საზოგადოება ნამდვილად „კათოლიკეა“, თუ დღესაც ძალუძს აღმდგარი უფლის სიტყვებისა და ცხოვრებისეული ნიშნების გადაცემა. სად არის ქრისტიანული რწმენა, რომელსაც შეუძლია სიკვდილის ციცაბო მთებზე ასვლა? ჯერ კიდევ რამდენია გასაკეთებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებმა იგრძნონ ევქარისტიის აღნიშვნის საჭიროება და მნიშვნელობა მიცვალებულთა ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში; თუმცა ამჯობინებენ ქელეხს, კერძებს, სადღეგრძელოებს... ისევე როგორც აღდგომის მისალოცად საფლავზე გასვლასა და წითელი კვერცხის გადაგორებას ამ კურთხეულ ჟამს; შემდეგ კი ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნილებები მალე გვავიწყებს ამ მყიფე სააღდგომო ნიშანსაც კი, უცილობლად რომ გვაუწყებს ჯვარცმული ქრისტეს აღდგომას!

მამა გაბრიელე ბრაგანტინი 

ჟურნალი "საბა"/ მაისი, 2024


Comments


bottom of page