ხიზაბავრის იესოს გულის სახელობის კათოლიკურ ტაძართან არსებული ცენტრის "ხიზაბავრას" აღსაზრდელები და ბენეფიციარები რაბათში წმ. სავარდის ღვთისმშობლის ტაძარს ესტუმრნენ.
მათ ტაძარი მოინახულეს და მონასტერში მცხოვრებ ბენედიქტელ მონაზვნებს გაესაუბრნენ.
„ჩვენს ცენტრში, სადაც საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და შშმ პირთათვის პროექტებს ვახორციელებთ, სასწავლო წელი ერთ კვირაში მთავრდება. ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი, რომ სანამ ერთმანეთს დავშორდებით, მოგველოცა რაბათის ტაძარი. ჩვენი ჯგუფიდან ზოგი ადამიანი პირველად იყო ამ ტაძარში და ძალიან კმაყოფილები არიან", – ამბობს ხიზაბავრის ტაძრის დიაკვანი და ჰუმანიტარული დღის ცენტრის მენეჯერის თანაშემწე ჯემალ დათაშვილი.
შეხვედრისას, ცენტრის წარმომადგენლებმა მონაზვნებს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს, მონაზვნებმა კი სტუმრები ღვთისმშობლის მედალიონებით დაასაჩუქრეს.
ჰუმანიტარული ცენტრი „ხიზაბავრა“ 2021 წლიდან ფუნქციონირებს. იგი შშმ პირთა დღის ცენტრს, საგანმანათლებლო პროექტებსა და საბავშვო ბაღს აერთიანებს.
Comments