top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

10 ნოემბერს კათოლიკე ეკლესია ლეონ დიდს მოიხსენიებს


ლეონ დიდი დაიბადა ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 400 წელს. იგი რომში ეკურთხა დიაკვნად და თავის მსახურებას დიდი თავგანწირვით აღასრულებდა. როდესაც გარდაიცვალა პაპი სიქტსუს III, 440 წელს ლეონი არჩეულ იქნა წმინდა პეტრეს მემკვიდრის ტახტზე, იმავე წლის 29 სეტქმებრეს მიიღო მღვდლად ხელდასხმა და 21 წლის განმავლობაში უძღვებოდა ეკლესიას.



ეს იყო რთული დრო რომისთვის, მარადიული ქალაქისთვის. მას ჰუნებისა და ვესტგოთების ბარბაროსთა შემოსევები ემუქრებოდა. რომის პაპი, ლეონ დიდი ნიჭიერი პოლიტიკოსი იყო და თავისი დიპლომატიური ოსტატობით იცავდა დასავლურ ქრისტიანულ ცივილიზაციას.


452 წელს იგი გაემგზავრა მანტუაში, რათა ჩამოეშორებინა ჰუნების ბელადი ატილა აპენინის ნახევარკუნძულის შემდგომი დაპყრობისგან. როდესაც სამი წლის შემდეგ გენზერიკმა, ვანდალების ბელადმა რომს მოაღწია, წმ. ლეონ დიდმა სთხოვა, არ დაეწვა ქალაქი. მისი წყალობით ასევე გადარჩა სამი ბაზილიკა: წმ. პეტრეს, წმ. იოანეს და წმ. პავლეს, სადაც შეშინებულმა ხალხმა შეაფარა თავი.


ლეონ დიდმა ასევე გააძლიერა მთელი ეკლესიის ცნობიერება პაპის პირველობის მნიშვნელობის შესახებ. ქალკედონის კრებაზე (451) თავისი წარმომადგენლის მეშვეობით მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქრისტეს საიდუმლოს მოძღვრების ჩამოყალიბებაში. ღვთის გამოცხადებისა და ეკლესიის ტრადიციის შესაბამისად, მან განმარტა ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების საიდუმლოებები იესო ქრისტეს პიროვნებაში. როდესაც მისი წერილი წაიკითხეს, 350–მა ეპისკოპოსმა წამოიძახა: "პეტრე გვესაუბრება ლეონის მეშვეობითო".


პაპი ლეონ დიდი ასევე ცნობილი გახდა, როგორც გულმოდგინე მღვდელი. დღემდე შემორჩენილია მისი 100 ქადაგება და 150 წერილი. ყოველი მათგანი მოწმობს მის მხურვალე ლოცვასა და რწმენაში ფესვებგადგმაზე, ასევე დიდ სიბრძნესა და წინდახედულობაზე. იგი ზრუნავდა ეკლესიის სულიერ განახლებაზე და იცავდა მის ერთიანობას. მან ხაზგასმით აღნიშნა პაპის, როგორც რწმენის ერთიანობის მცველის მნიშვნელობა და როლი, რომელიც გადმოგვცეს მოციქულებმა და მათმა კანონიერმა მემკვიდრეებმა ეპისკოპოსებმა.


მან განავითარა ეკლესიის, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეულის გაგება. ის ცდილობდა, რომ ქრისტეს კვართი მწვალებლობებით არ დაგლეჯილიყო. წმინდა ლეონ დიდი პაპი გარდაიცვალა 461 წლის 10 ნოემბერს და დაკრძალეს წმ. პეტრეს ტაძარში.


1754 წელს პაპმა ბენედიქტ XII-მ იგი ეკლესიის დოქტორად გამოაცხადა. ბენედიქტ XVI-მ მისდამი მიძღვნილი კატეხეზაციის დროს ხაზი გაუსვა წირვა-ლოცვას: „ლეონ დიდმა ასწავლა თავის მორწმუნეებს ბევრი რამ და მისი სიტყვები დღესაც აქტუალურია ჩვენთვის, რომ ქრისტიანული ლიტურგია არ არის წარსული მოვლენების მოგონება, არამედ უხილავი რეალობის გამოვლინება, რომელიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ხდება“.


წყარო: deon.pl


შოთა გიქოშვილი
bottom of page