top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

100 წელი ჯორჯო ფრასატის გარდაცვალებიდან – მას წმინდანად შერაცხავენ

1925 წლის 4 ივლისს, ტურინში, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა პიერ ჯორჯო ფრასატი. 100 წლის შემდეგ, 2025 წლის 7 სექტემბერს კათოლიკე ეკლესია მას წმინდანად შერაცხავს. მანამდე კი 4 და 5 ივლისს, იტალიაში მისი გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილე მასშტაბურად აღნიშნა და ამ იუბილეზე იმყოფებოდა საქართველოში მოღვაწე კამილიელი ბერი, მამა პავლე დილი.

მამა პავლე დილის ფოტო / ტურინი, 2025
მამა პავლე დილის ფოტო / ტურინი, 2025

პიერ ჯორჯო ფრასატის გარდაცვალების 100 წლისთავის აღსანიშნავად, ივლისის დასაწყისში ტურინის საკათედრო ტაძარში მრავალი მომლოცველი შეიკრიბა, რათა პატივი მიეგოთ ახალგაზრდა კაცის ხსოვნისთვის, რომელსაც ეკლესია სექტემბერში წმინდანად შერაცხავს.


„ფრასატის დღეები“ – ასე ეწოდა სამდღიან ღონისძიებას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან და შვეიცარიიდან მიმლოცველები ჩავიდნენ პიემონტში — იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში, სადაც ფრასატიმ იცხოვრა და ღრმა სულიერი მემკვიდრეობა დატოვა.


მომლოცველთა შორის იყო საქართველოში მოღვაწე კამილიელი ბერი, მამა პავლე დილი, რომელიც საიუბილეო დღეებიდან ფოტო მასალას გვიზიარებს.


 „ამ 100–მა წელმა, ფრასატი ნამდვილად ცნობილ, საზოგადოებრივ ახალგაზრდად აქცია — არა მხოლოდ ტურინში, პიემონტსა და იტალიაში, არამედ მთელს მსოფლიოში,“ — აღნიშნა კარდინალმა, არქიეპისკოპოსმა რობერტო რეპოლემ 4 ივლისს, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ლიტურგიაზე.


საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, გაიმართა ევქარისტიული თაყვანისცემა. საკათედრო ტაძარი გვიან ღამემდე ღია დარჩა, ხოლო მდუმარედ დაჩოქილნი ახალგაზრდები ლოცულობდნენ იმ ადამიანის საფლავთან, ვისაც იოანე პავლე II–მ „ნეტარებების კაცი“ უწოდა.


პიერ ჯორჯო ფრასატი 1901 წელს ტურინში, გავლენიან ოჯახში დაიბადა — მისი მამა იყო გაზეთ La Stampa-ს დამფუძნებელი და დიპლომატი. ფრასატიმ ღრმა სულიერი ცხოვრება აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჩართულობას შეუთავსა, განსაკუთრებით კი ღარიბთა მსახურებას დაუთმო თავი. ის დომინიკელთა მესამე ორდენის წევრი გახდა, უყვარდა ალპებზე ლაშქრობა და ტურინის ყველაზე გაჭირვებულ უბნებში საკვებსა და მედიკამენტებს არიგებდა.



1925 წლის 4 ივლისს, 24 წლის ასაკში, ფრასატი პოლიომით გარდაიცვალა — ვარაუდობენ, რომ დაავადება ერთ-ერთი იმ ადამიანისგან გადაედო, ვისაც ის ემსახურებოდა.


100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებაზე, საკათედრო ტაძარში, წინა რიგში იჯდა ფრასატის დისშვილი 93 წლის ჯოვანა ჯილარდინი.


„ის ჩემი ბიძაა, დედა [ლუჩიანა] ხშირად გვიყვებოდა პიერ ჯორჯოზე“, – განუცხადა ჯოვანა ჯილარდინიმ ჟურნალისტებს.


მან გაიხსენა 1981 წელს პიერ ჯორჯო ფრასატის ნეშთი გახსნის პროცესი, რომელიც მისი ნეტარად შერაცხვისთვის იყო აუცილებელი: „მე ვნახე იგი. ის იყო ხელშეუხებელი, სრულიად გაუხრწნელი“.

ფრასატის სხეული უხრწნელი აღმოჩნდა — ანუ სიკვდილის შემდეგ, მისი ბუნებრივი გახრწნის პროცესი არ მომხდარა.


კათოლიკური ტრადიციის მიხედვით, უხრწნელი წმინდანები მოწმობენ სხეულის აღდგომის ჭეშმარიტებასა და მომავლის სიცოცხლეს. ჯილარდინის თქმით, სწორედ ამ მომენტმა საბოლოოდ დაუმტკიცა მას პიერ ჯორჯოს სიწმინდე.


„პიერ ჯორჯო ზეციდან ყოველთვის მეხმარება,“ — დაამატა მან.



ჯილარდინთან ერთად იჯდა მისი შვილიშვილი — 14 წლის პიერ ჯორჯო ჯილარდინი, რომელსაც მომავალ წმინდანის, ბებიის ბიძის სახელი ჰქვია: „იმისათვის, რომ მის სახელს ვამართლებდე, კარგი ადამიანი უნდა ვიყო, ის შთაგონებას მაძლევს“, – განმარტა თინეიჯერმა ჯორჯო ჯილარდინიმ.


100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ერთობლივად დააორგანიზეს ტურინის არქიეპარქიამ და მეზობელმა ბიელას ეპარქიამ — ისევე, როგორც თავად ფრასატი ატარებდა ცხოვრებას ქალაქსა და მთის სოფელში. მიუხედავად იმისა, რომ იგი წლის უმეტეს ნაწილს ტურინში ატარებდა, ზაფხულობით ბებია-ბაბუასთან, ალპებში მდებარე მთიან ქალაქ პოლოონეში იმყოფებოდა, სადაც ლოცულობდა და ლაშქრობდა.


5 ივლისს, სწორედ ამ ალპების ძირში, ფრასატების ოჯახური სახლის – ვილა ამეტისის ბაღში – ბიელას ეპისკოპოსმა, რობერტო ფარინელამ, საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა. მან იუბილე დაახასიათა როგორც „ფრასატის ზეციური დაბადების“ დღესასწაული.

2016 წლის მსოფლიო ახალგაზრდების დღეზე წარმოთქმულ მიმართვაში, პაპმა ფრანცისკემ ახალგაზრდებს მოუწოდა, გაეცნონ პიერ ჯორჯოს მაგალითს: „პიერ ჯორჯო იყო ახალგაზრდა, რომელმაც გაიგო თუ რა არის გქონდეს მოწყალე გული, გული რომელიც ფეთქავს ყველა დაუცველებისთვის.“ მან მოუწოდა ახალგაზრდებს, უპასუხონ ღარიბების საჭიროებებს, ისეთივე მორიდებული და თავმდაბალი გზით, როგორც ამას პიერ ჯორჯო აკეთებდა.


Commenti


bottom of page