top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

11 თებერვალი – სნეულთა დღე და ლურდის ღვთისმშობლის მოხსენიება

 

11 თებერვალს კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს სნეულთა დღეს. 1992 წლის 13 მაისს, ეს დღე პაპმა წმ. იოანე პავლე II - მ ფატიმის ღვთისმშობლის გამოცხადების დღეს დაადგინა, თუმცა მისი აღნიშვნა ეკლესიას 11 თებერვალს დაევალა, ლურდის ღვთისმშობლის მოხსენიების დღეს. რაც ეფუძნება იმედს, რომელიც გვაქვს ღვთისმშობლის შუამდგომლობაზე, სნეულთა და ტანჯულთა მიმართ.



ინიციატივის შესახებ საუბრისას წმიდა პაპმა განმარტა, რომ სნეულთა დღის დადგინების მიზანი იყო მთელი ეკლესიისთვის მიეცა სტიმული, რათა უფრო მგრძნობიარე გამხდარიყო სნეულთა საჭიროებების მიმართ. სნეულთა დახმარება, უპირველეს ყოვლისა, ადამიანურ დონზე მათი  მნიშვნელობის დანახვაა.

 

ცნობისთვის, მაშინ, როცა ეს დღე დაადგინა, პაპი იოანე პავლე II უკვე ავად იყო, მას ზუსტად ერთი წლით ადრე  პარკინსონის დაავადება დაუდგინეს.

 

1917 წლის 13 მაისს, ფატიმაში (პორტუგალია) მოხდა ღვთისმშობლის პირველი გამოცხადება, ხოლო 11 თებერვალს ლურდში (საფრანგეთი) ღვთისმშობლის პირველი გამოცხადება, როდესაც 1858 წელს, მარიამი გამოეცხადა ბერნადეტა სუბურუს ლურდში. ამ ფორმით, სნეულთა და მათ მომვლელთა სულიერი შემწეა წმიდა ღვთისმშობელი.

 

სნეულთა მსოფლიო დღის დადგინებას ლურდის ღვთისმშობლის ხსენების დღეს თავისი მნიშვნელობა აქვს. XIX საუკუნის შუა ნახევრიდან სნეული ადამიანები მიჰყავდათ იმ ქვაბულში, სადაც 1858 წლის 11 თებერვალს 14 წლის ბერნარდეტა სუბირუს გამოეცხადა ღვთისმშობელი (ლურდი). ამ ადგილზე უამრავი მომლოცველი სასწაულებრივად გამოჯანმრთელდა.

 

ღვთისმშობლის გამოცხადება ლურდში

 

ზუსტად 167 წლის წინ ახალგაზრდა ბერნადეტა აგროვებდა ხმელ ტოტებს, როდესაც მღვიმეში შევიდა, სადაც მოისმინა ქარის ხმა: “ვიხილე თეთრ სამოსელში შემოსილი ქალი, მას ჰქონდა შემორტყმული ლურჯი სარტყელი ხოლო მის ფერხთით იყო ყვითელი ვარდები”, – ჰყვებოდა ბერნადეტა. მან პირჯვარი გამოისახა და დაიწყო ლოცვა ნანახ ქალთან ერთად. როგორც კი ლოცვა დაასრულეს, ქალი მაშინვე გაუჩინარდა.

 

1858 წლის 16 ივლისამდე სულ 17 გამოცხადება მოხდა. ღვთისმშობელი გამოეცხადა გოგონას, როგორც “უმანკოდ ჩასახებული” და ეს ფაქტი გახდა იმ დოგმატის ახსნა, რომელიც ეკლესიამ ოთხი წლით ადრე მიიღო.

 

18 თებერვლის გამოცხადებისას მარიამმა წარმოთქვა უმნიშვნელოვანესი სიტყვები: “გპირდები ბედნიერებას, არა ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალ ცხოვრებაში”. ხოლო სამი დღის შემდეგ მოუწოდა: “ილოცეთ ცოდვილებისთვის”, მოგვიანებით კი თქვა: “მოინანიეთ, მოინანიეთ, მოინანიეთ”. ღვთისმშობელმა ასევე ითხოვა, რომ მღვდლებს მღვიმის წინ სამლოცველო აეგოთ, რათა იქამდე ხალხი მსვლელობით მისულიყო.

 

მღვიმეში ღვთისმშობელმა ბერნადეტას უჩვენა ადგილი, საიდანაც გადმოდიოდა წყარო. მალევე სწორედ იმ ადგილზე მოხდა პირველი სასწაული –  ლურდში მცხოვრებმა სნეულმა ქალმა პარალიზებული ხელი დაისველა ამ წყაროს წყალში და განიკურნა.

 

ბერნადეტასა და ღვთისმშობლის მისტიკური შეხვედრები 1858 წლის 16 ივლისს დასრულდა, ხოლო 1862 წელს ეკლესიამ გამოცხადების ჭეშმარიტება დაამტკიცა.

 

ბერნადეტა შევიდა სნეულთა მსახური დების მონასტერში (Soeurs de la Charité et de l'Instruction Chrétienne de Nevers). 1866 წლიდან მან სამუდამოდ დატოვა ლურდი და გადავიდა ნევერას მონასტერში. “ლურდში ჩემი მისია დასრულებულია“, –  განაცხადა ბერნადეტამ. ერთი წლის შემდეგ მან დადო სამონაზვნო აღთქმები და მონასტრის ლაზარეთში დაიწყო მედდის დამხმარედ მსახურება.

 

ამასობაში, ბერნადეტას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მან უკანასკნელი ნახევარი წელი საწოლში გაატარა და მას “თეთრ სამლოცველოს” უწოდებდა. იგი 35 წლის ასაკში 1879 წლის 16 აპრილს აღესრულა, ხოლო 1933 წელს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

 

სასწაულები ლურდში

 

გამოცხადების დღიდან, ოფიციალურად, ლურდში განკურნებულთა რიცხვი ათასობით ადამიანს აღემატება. 1860 წლიდან მათგან 70 ეკლესიის სპეციალურმა კომისიამ სასწაულად ცნო, რომელთა ახსნაც  არანაირი სამედიცინო ლოგიკას არ ექვემდებარება.

 

2006 წელს, საერთაშორისო სამედიცინო კომიტეტმა ეკლესიას მსგავსი შემთხვევების გადახედვის ახლებური წესები შესთავაზა. მეცნიერული კრიტერიუმების გარდა, მსგავსი განკურნებების შეფასებისას ასევე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული განკურნებულის რწმენა და მისი ქრისტიანული ცხოვრების წესი.

„ყოველი განკურნებულის საქმის განხილვა მოიცავს სამ ეტაპს, რის შედეგადაც დგინდება “მოულოდნელი”, “დამტკიცებული” და “გამონაკლისი” განკურნებები, ვინაიდან რთულია დადგინდეს რომელი განკურნებაა მედიცინის დამსახურება და რომელი  ღვთის ჩარევით მომხდარი სასწაულებრივი განკურნება“, - განაცხადა სამედიცინო კომიტეტის თანათავმჯდომარემ და საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის პროფესორმა ფრანსუა ბერნარ მიშელმა.

 

გარდა სასწაულის ცნებისა, რომელიც უცვლელი დარჩა, შემოღებულ იქნა ცნება „ადამიანთა სანდო ჩვენებები, რომელთა განკურნებაც დაკავშირებულია “ლურდთან“. საერთაშორისო სამედიცინო კომიტეტმა ასევე დაიწყო ფსიქიკური და ფსიქოლოგიური დაავადებებისგან განკურნების შემთხვევები. პროფესორ მიშელის თქმით, ბევრ ადამიანს, რომელსაც დეპრესია აწუხებს ან პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს, სამლოცველოში მომლოცველობის შემდეგ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ წესს და უჩნდება მისი აზრის დანახვის სურვილი. ამრიგად, განკურნება მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ გონებრივ, ემოციურ და სულიერ ასპექტებს.

 

მომლოცველები მთელი მსოფლიოდან მოდიან ლურდში, რათა აანთონ სანთლები მღვიმეში, შეეხონ ქვას, რომელზეც, ბერნადეტას თქმით, ღვთისმშობელი იდგა. სურთ შეუერთდნენ საგალობლებს, დღეში ორჯერ მიიღონ მონაწილეობა წმიდა წირვაში, მიიღონ ზიარება, დალიონ წყალი წმინდა წყაროდან. ლურდში განსაკუთრებული ადგილი უკავია მალტის რაინდთა ორდენს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებიან სნეულ შშმ პირებს.

 

პაპები ლურდში

 

ლურდში მომლოცველებს შორის იყო ორი პაპი. ჯერ კიდევ 1981 წელს, იოანე პავლე II სურვილი ჰქონდა ლურდში ჩასულიყო, სადაც 42-ე საერთაშორისო ევქარისტიული კონგრესი მიმდინარეობდა. თუმცა მას ხელი შეუშალა 1981 წლის 13 მაისს მასზე განხორციელებულმა თავდასხმამ და მკვლელობის მცდელობამ. პაპი ამ წმიდა ადგილს  ორი წლის შემდეგ, 1983 წლის 14-15 აგვისტოს ეწვია, რა დროსაც აღინიშნა გამოცხადების 125–ე წლისთავი და ბერნადეტას კანონიზაციის 50 წლისთავი.

 


მასაბიელის მღვიმეში, როგორც მომლოცველები აკეთებენ, იოანე პავლე II-მ აანთო სანთელი, დალია წყალი წყაროდან, შეეხო ქვას, რომელზეც მარიამი იდგა, ძალიან დიდხანს ლოცულობდა ჩუმად, შემდეგ კი ილოცა „სავარდი“. საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლურდში უმანკო ღვთისმშობელი ცოდვილთა დასახმარებლად მოვიდა. მან აჩვენა სახარებაში იესოს სიტყვების ახალი და მარადიული აქტუალობა: „მოინანიეთ და იწამეთ სახარება“.

 

პაპმა იოანე პავლე II–მ ლურდი მეორედ 2004 წელს მოილოცა, ისევ 14-15 აგვისტოს, ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახების დოგმატის გამოცხადების 150 წლისთავზე. ეს იყო საზღვარგარეთ მისი ბოლო მოგზაურობა, რომლის დროსაც უდიდესი მონდომებით დაასრულა წმიდა წირვა.

 

პაპმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე, უკვე ინვალიდის ეტლში მჯდომმა, როგორც „სნეული სნეულთა შორის“, აკანკალებული ხმით წარმოთქვა გამჭოლი სიტყვები მასაბიელის მღვიმეში: „ვგრძნობ, რომ ჩემი დედამიწაზე მომლოცველობის დასასრულს მივაღწიე“. ის მოხუც ავადმყოფთა თავშესაფრის ერთ-ერთ ოთახში ცხოვრობდა.

 

პაპ იოანე პავლე II - ის მემკვიდრე, პაპი ბენედიქტე XVI  ლურდში 2008 წელს ჩავიდა, გამოცხადების 150 წლისთავზე. ამ წმინდა ადგილზე მან სამი დღე დაჰყო და მოინახულა საიუბილეო გზის ის ოთხი ეტაპი, რომელიც მომლოცველებმა იმ წელს გაიარეს: წმიდა გულის სამრევლო ეკლესია, სადაც წმინდა ბერნადეტა მოინათლა; “ლე კაშო”, ყოფილი ციხე, სადაც წმიდა ბერნადეტას ღარიბი ოჯახი ცხოვრობდა; მისაბიელის მღვიმე და საავადმყოფოს სამლოცველო, სადაც ბერნადეტამ მიიღო პირველი ზიარება. ანთებული სანთლებით მან მონაწილეობა მიიღო მარიანულ მსვლელობაში და ევქარისტიულ პროცესიაში. ერთ-ერთ ქადაგებაში მარიამი წარმოადგინა როგორც „ლოცვის მასწავლებელი“, რაც უნდა გახდეს ღვთისა და მოყვასის სიყვარულის აქტი:  „როდესაც მარიამთან ერთად ვლოცულობთ, ჩვენი გული იღება ტანჯულთათვის“, - თქვა პაპმა ბენედიქტე XVI - მ.

 

ეროვნული სანქტუარიუმი (საწმინდარი)

 

ლურდის სანქტუარიუმს აქვს საფრანგეთის ეროვნული წმიდა ადგილის სტატუსი. სტატისტიკის მიხედვით, აქ ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი მომლოცველი მიდის. 52 ჰექტარ მიწაზე 22 შენობაა განთავსებული. ყველაზე ხშირად მომლოცველები მასაბიელის მღვიმეს სტუმრობენ, უმანკოდ  ჩასახვის ზედა ბაზილიკას, სავარდის ქვედა ბაზილიკასა და წმიდა პიუს X-ის მიწისქვეშა ბაზილიკას. ეს უკანასკნელი, 1958 წელს, გამოცხადების 100 წლისთავზე, პაპის ლეგატმა, ვენეციის პატრიარქმა, ანგელო ჯუზეპე რონკალიმ აკურთხა, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ კარდინალებმა პაპად აირჩიეს და იოანე XXIII - ის სახელს ატარებდა.

 

მიმდინარე წელს აღინიშნება სნეულთა XXXIII მსოფლიო დღე.

 

 შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

.

コメント


bottom of page