top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

1981 წლის 13 მაისს წმიდა პაპს, იოანე პავლე II-ს ესროლეს

  • May 13
  • 3 min read

პაპ იოანე პავლე II-ზე განხორციელებული თავდასხმიდან 45 წელი გავიდა. გადავავლოთ თვალი ამ დრამატულ მოვლენას მისი მემკვიდრეების რეფლექსიებისა და რადიოკომენტატორ ბენედეტო ნარდაჩის მიერ პირდაპირ ეთერში წარმოთქმულ სიტყვებს.

 


1981 წლის მაისია. გეოპოლიტიკურ ფრონტზე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის წინა ათწლეულის „დათბობის“ ფაზა უკვე დასრულებულია. ცოტა ხნით ადრე, „თეთრ სახლში“ შევიდა ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი. 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრამ ორ ბლოკს შორის დაპირისპირება კვლავ გაამწვავა.

 

სროლა მოედანზე

1981 წლის 13 მაისი, ოთხშაბათი. რომის ცა კაშკაშა და მოწმენდილია. წმინდა პეტრეს მოედანი სავსეა მომლოცველებით, რომლებიც გენერალურ აუდიენციას ელოდებიან. პაპი იოანე პავლე II, ეკლესიის ისტორიაში პირველი პოლონელი პონტიფიკოსი, მოედანს კვეთს და მორწმუნეებს ესალმება. ამ მოვლენაზე დასასწრებად იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან და საზღვარგარეთიდან ჩამოვიდნენ სასულიერო პირები, სასკოლო ჯგუფები, ტურისტები და მორწმუნეები. ატმოსფერო სადღესასწაულოა.

შემდეგ კი, მოულოდნელად, გაზაფხულის საზეიმო განწყობას პისტოლეტის გასროლის ხმა ანაცვლებს. პაპი სისხლისგან იცლება და იკეცება.

 

რეპორტაჟი პირდაპირ ეთერში

ვატიკანის რადიოს რეპორტიორი, ბენედეტო ნარდაჩი, გაოგნებული ხმით ცდილობს აღწეროს ის დრამატული სცენები, რომლებიც მის თვალწინ იშლება: „ხალხი ფეხზე დგას. ხალხი ფეხზეა. თითქმის არავინ აკეთებს კომენტარს იმ ტრაგიკულ სცენაზე, რომლის მოწმენიც გახდნენ. თითქმის ყველა დუმს, სიახლეებს ელოდებიან“.

პირდაპირ ეთერში ფიქსირდება ისტორიის ეს დრამატული მონაკვეთი:

„პირველად, ვატიკანშიც კი, ტერორიზმზე საუბრობენ. ტერორიზმზე საუბრობენ ქალაქშიც, საიდანაც ყოველთვის სიყვარულის, თანხმობისა და მშვიდობისკენ მოწოდებები ვრცელდებოდა.



როგორც მოისმინეთ, აუდიენციაზე მყოფმა ეპისკოპოსებმა და მღვდლებმა ხალხს მოუწოდეს, პაპის ჯანმრთელობისთვის ელოცათ. როგორც ჩანს, წმინდა მამას მუცლის არეში მინიმუმ ერთი ტყვია მოხვდა. მგონი, კარაბინიერებისა და პოლიციის საპატრულო მანქანები აცილებენ სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელიც, როგორც ადრე გითხარით, ვატიკანში შემოვიდა. როგორც ჩანს, სასწრაფო დახმარების მანქანამ წმიდა მამა აიყვანა და სამართალდამცავების თანხლებით ჯემელის პოლიკლინიკისკენ მიემართება. ასე მეჩვენება, თუმცა ამ ამბავს დაზუსტებით ვერ დავადასტურებ, მე ხომ მოედანზე არ ვიმყოფები”.


ვატიკანის პრესსამსახურის განცხადება

მსოფლიო მღელვარებით ადევნებდა თვალს რომიდან მომავალ ახალ ამბებს. წმინდა საყდრის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც გაზეთმა L Osservatore Romano-მ გამოაქვეყნა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც დარჩა ადგილი დასაბუთებული იმედისთვის:


„დღეს იოანე პავლე II, რომელიც ჩვეულებისამებრ თეთრი, ღია ავტომობილით გადაადგილდებოდა წმინდა პეტრეს მოედანზე, გენერალური აუდიენციის დაწყებამდე, იმ დროს, როდესაც ბაზილიკის მარჯვენა სექტორში იმყოფებოდა, ვატიკანის ფოსტის მობილური ოფისის გასწვრივ, მუცლის არეში დაიჭრა რევოლვერიდან ნასროლი ტყვიებით. მას ახლო  მანძილიდან ესროლა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც პოლიციის აგენტებმა დააკავეს.


პაპი სასწრაფო დახმარების მანქანით დაუყოვნებლივ გადაიყვანეს აგოსტინო ჯემელის პოლიკლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში. ამ წუთებში მიმდინარეობს ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ პაპის მდგომარეობა შემაშფოთებელია, ის გამოჯანმრთელების დასაბუთებული იმედის საფუძველს იძლევა”.


იოანე პავლე II-ის სიტყვები

ეს დასაბუთებული იმედი, საბოლოოდ, თავად პაპის ხმაში აისახა. 1981 წლის 17 მაისს, ქალწული მარიამისადმი ლოცვისას, პაპმა ვოიტილამ დაადასტურა, რომ ის ლოცულობდა თავდამსხმელისთვის, მეჰმედ ალი აღჯასთვის, რომელსაც გულწრფელად მიუტევა.


„ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ვიცი, რომ ამ დღეებში და განსაკუთრებით ახლა, ლოცვის ჟამს, თქვენ ჩემთან ხართ ერთიანნი. გიხდით მადლობას თქვენი ლოცვებისთვის და ყველას გლოცავთ. განსაკუთრებით ახლოს ვარ იმ ორ ადამიანთან, რომლებიც ჩემთან ერთად დაიჭრნენ. ვლოცულობ იმ ძმისთვის, ვინც მესროლა და ვისაც გულწრფელად მივუტევე. ქრისტესთან, მღვდელთან და მსხვერპლთან გაერთიანებული, ჩემს ტანჯვას ვწირავ ეკლესიისა და სამყაროსთვის. შენ კი, მარიამ, გიმეორებ: „Totus tuus ego sum“  - შენი ვარ მთლიანად“.



სიყვარულის უპირატესობა

2005 წლის 8 აპრილს, კარდინალი იოზეფ რაცინგერი, რომელიც იმავე წლის 19 აპრილს პაპად აირჩიეს, წმინდა პეტრეს მოედანზე იოანე პავლე II-ის დაკრძალვის ცერემონიას უძღვებოდა.


„მან ჩვენთვის აღდგომის საიდუმლო ღვთიური მოწყალების საიდუმლოდ განმარტა. თავის უკანასკნელ წიგნში ის წერს: ბოროტებისათვის დაწესებული ზღვარი, საბოლოო ჯამში, ღვთიური მოწყალებაა (მეხსიერება და იდენტობა). ხოლო თავდასხმაზე რეფლექსიისას ამბობს: 'ქრისტემ, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის ეწამა, ტანჯვას ახალი აზრი შესძინა, მან ის ახალ განზომილებაში, ახალ წესრიგში მოაქცია. სიყვარულის წესრიგში. ეს არის ტანჯვა, რომელიც სიყვარულის ალით წვავს და შთანთქავს ბოროტებას და ცოდვიდანაც კი სიკეთის მრავალფეროვან ყვავილობას წარმოშობს. ამ ხედვით შთაგონებული პაპი იტანჯებოდა და მოხარული იყო ყოფილიყო ქრისტესთან ერთობაში, რის გამოც მისი ტანჯვისა და დუმილის გზავნილი ასეთი მეტყველი და ნაყოფიერი აღმოჩნდა“.


ღვთის ხელში

2021 წლის 12 მაისს, გენერალურ აუდიენციაზე, პაპმა ფრანცისკემ კვლავ გაიხსენა 1981 წლის 13 მაისის ეს დრამატული სცენა.


„ხვალ არის ფატიმის ნეტარი ქალწული მარიამის ლიტურგიული ხსენების დღე და წმიდა იოანე პავლე II-ზე განხორციელებული თავდასხმის მე-40 წლისთავი. თავად პაპი დიდი რწმენით უსვამდა ხაზს, რომ სიცოცხლეს სწორედ ფატიმის ღვთისმშობელს უნდა უმადლოდეს. ეს მოვლენა გვაცნობიერებინებს, რომ ჩვენი სიცოცხლე და მსოფლიო ისტორია ღვთის ხელშია“.



ნუ გეშინიათ!

1981 წელს, 26 წლის ახალგაზრდა ამერიკელი, რობერტ პრევოსტი, ზემდგომებმა რომში გაგზავნეს წმინდა თომა აკვინელის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში (Angelicum) საეკლესიო სამართლის შესასწავლად. მარადიულ ქალაქში იგი მღვდლად 1982 წლის 19 ივნისს აკურთხეს.


2025 წლის 11 მაისის, პეტრეს ტახტზე არჩევიდან სამი დღის შემდეგ, ღვთისმოშბლისადმი ლოცვისას, პაპმა ლეონ XIV-მ ახალგაზრდებს მიმართა სიტყვებით, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდება პაპი ვოიტილას პონტიფიკატს:

„ნუ გეშინიათ. მიიღეთ ეკლესიისა და უფალ ქრისტეს მოწოდება“.

2025 წლის 18 მაისს, იოანე პავლე II-ის დაბადების დღეზე, პაპმა ლეონ XIV-მ თავისი პირველი წირვა აღავლინა პაპის ტიტულით.


წყარო: www.vaticannews.va

 

 შოთა გიქოშვილი

 


 

Comments


bottom of page