top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

20 ოქტომბერს ეკლესიამ 14 ახალი წმინდანი შეიძინა

20 ოქტომბერს, პაპმა ფრანცისკემ კათოლიკე ეკლესიას კიდევ 14 ახალი წმინდანი შემატა. 

 

თავისი პონტიფიკატობის პერიოდში, ეპისკოპოსთა სინოდის დღის წესრიგში, პაპმა მეოთხედ შეიტანა კანონიზაციის აუცილებლობა.

 

პირველად, პაპმა 2015 წელს შერაცხა წმინდანად სამი ადამიანი, 2018 წელს – შვიდი: მათ შორის იყო: პაპი პავლე VI და სან-სალვადორის მოწამე არქიეპისკოპოსი, ოსკარ რომერო.

 

2019 წელს, სინოდის მსვლელობისას, კიდევ 5 წმინდანი შეემატა ეკლესიას. ხოლო 2024 წლის 20 ოქტომბერს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე პაპმა ფრანცისკემ კათოლიკე ეკლესიის წმინდანთა რიგებს 14 პირი შემატა. ესენი არიან: 11 დამასკელი მოწამე, მღვდელი ჯუზეპე ალამანი, მონაზონი ელენა ჰერა და მონაზონი მარია-ლეონი პარადი.

 

მღვდელი ჯუზეპე ალამანო, მისიონერი, რომელიც არასდროს წასულა თავისი მსახურების ადგილიდან.

 

“მისიაზე ყოფნისას საკუთარ ოცნებას ყველა ვერ ისრულებს, თუმცა ეს სურვილი ყველა მღვდელს უნდა ჰქონდეს”, - ამ ორიოდე სიტყვაში ეტევა აწ უკვე წმიდა ჯუზეპე ალამანოს მსახურება.

 

ჯუზეპე დაიბადა 1951 წელს კასტენუევო დასტეში. მისი ბიძა, მღვდელი, ჯუზეპე კაფასო, რომელიც წმიდა იოანე ბოსკოსთან მეგობრობდა, 1947 წელს წმინდანად შერაცხეს.

 

1973 წელს ალამანო მღვდლად იქნა ხელდასხმული და დაინიშნა კონსოლატის ტაძრის წინამძღვრად. იმ პერიოდში, ტაძარი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, თითქმის ნანგრევებად ქცეული შენობა, მან არათუ გაარემონტა, არამედ ტაძარი სრულად გარდასახა, გაამდიდრა და შეამკო. მალევე ეს ადგილი მისიონერულ ცენტრად იქცა.

 

ჯუზეპე ალამანო 1926 წელს გარდაიცვალა.1990 წელს, ნეტარად იქნა შერაცხული, მისი შუამდგომლობით, 1996 წელს, ბრაზილიის ამაზონის ტყეებში სასწაულებრივად განიკურნა ადგილობრივი მცხოვრები, რომელსაც იაგუარმა მძიმე ჭრილობები მიაყენა.

2024 წლის 20 ოქტომბერს კი, იგი პაპმა ფრანცისკემ წმინდანად შერაცხა.

 

ელენა ჰერა - ამბავი მის ერთგულებასა და სულისკვეთებაზე რომის ეპისკოპოსამდეც კი მივიდა.

 

მონაზონ ელენა ჰერას ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა სახარების ხიბლმა და მისი გავრცელების სურვილმა. იგი დაიბადა 1835 წელს, ლუკეში, ადგილობრივი დიდგვაროვნების ოჯახში. მისი ახალგაზრდობა სავსე იყო ორმხრივი გამოწვევებით. ერთის მხრივ, მისი დაუოკებელი სურვილი სასულიერო ცხოვრებისაკენ, ხოლო მეორე მხრივ, ოჯახის მხრიდან არსებული წინააღმდეგობა და მძიმე სენი. ავადმყოფობის გამო, იგი თვეობით იყო მიჯაჭვული საწოლს.

 

რომში, მომლოცველობისა და დასნებოვნებული ადამიანების მოვლის შემდეგ, დაგროვებული გამოცდილებით, მან თავისი თავი პოვა პედაგოგიურ სფეროში. 1872 წელს მან ლუკის ადგილობრივი დიდგვაროვნებისა და ბურჟუებისთვის გახსნა სკოლა. როცა მოძლიერდა სკოლა, ელენამ თანამოაზრეებთან ერთად დააარსა “Istituto di Santa Zita” (საერო ორგანიზაცია), რომლის მისიაც იყო ახალგაზრდა გოგონებისთვის განათლების მიცემა. 1882 წლიდან ორგანიზაციამ შეიძინა საკრებულო ცხოვრების ფორმა და გაჩნდა სულიწმინდისგან შთაგონებული ადგილი.

 

ზრდასრულობის ასაკში მან სწავლა შეუთავსა ქრისტიანული ცხოვრების წესს და უამრავი ნაშრომი დაწერა, ცხოვრებისეული და სკოლაში არსებული პრობლემებიდან დაწყებული, ასკეტური და სულიერი თემებით დამთავრებული. უმრავლეს შემთხვევაში, იგი ეხებოდა სულიწმინდის თემას. მის შესახებ ინფორმაციამ  პაპ ლეონ XIII-თან მიაღწია.

 

1905-1906 წლებში, საკრებულოში არსებული უთანხმოება გახდა მიზეზი, რის გამოც წმინდა ელენამ წინამძღვრის თანამდებობა დატოვა, მას ასევე აეკრძალა ნაშრომების გამოცემა. ბოლო წლებში, იგი ავადმყოფობდა, რის შედეგადაც 1914 წლის 11 აპრილს აღესრულა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მის შესახებ უამრავმა ადამიანმა გაიგო. 1959 წელს, პაპ იოანე XXIII - ის მიერ ნეტარად იქნა შერაცხული, ხოლო 2024 წლის 20 ოქტომბერს პაპ ფრანცისკეს მიერ წმინდანად.

 

მონაზონი მარია-ლეონია პარადი - მადლი მღვდლებთან თანამშრომლობისა

 

მარია - ლეონია პარადის ბავშვობის სახელი იყო ელოდია - ვირჯინია პარადი. იგი 1840 წელს კანადაში, კვებეკში დაიბადა. იგი ბავშვობიდანვე ზრუნავდა უპოვრებზე. 17 წლის ასაკში შეუდგა რელიგიის შესწავლას კანადასა და აშშ-ში, ქალთა სკოლაში. იმ დროს, მონრეალის არქიეპისკოპოსმა, ედუარდ - შარლ ფერბმა ელოდიას შესთავაზა, კოლეჯში ჩამოეყალიბებინა საზოგადოება, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა მსახურებაზე.

 

1877 წელს, საზოგადოებამ არსებობა დაიწყო, ხოლო საბოლოოდ 1880 წელს ჩამოყალიბდა და სახელი დაერქვა: “წმინდა ოჯახის მცირე დები”. მათი მისია იყო რელიგიურ დაწესებულებებს, კოლეჯებს და სასულიერო სემინარიებს საშინაო საქმეებში დახმარებოდნენ. მონაზონ ლეონიას მთავარი რჩევა თავისი დებისათვის ის იყო, რომ  დახმარებოდნენ მღვდლებს მატერიალურად და სულიერად, ცენტრში კი ქრისტეს ჰყოლოდათ.

 

1912 წელს მონაზონი გარდაიცვალა, მისმა ინსტიტუტმა დიდ წარმატებას მიაღწია და გავრცელდა ინდურასში, იტალიასა და აშშ-ში. 

 

1984 წლის 11 სექტემბერს, პაპმა იოანე პავლე II - მ მონაზონი ნეტარად შერაცხა, ხოლო 2024 წლის 20 ოქტომბერს წმინდანად იქნა შერაცხული.

 

11 დამასკელი წამებული სირიასა და ლიბანში დევნისას მოკლულნი

 


11 დამასკელი წამებული ერთმანეთისგან ასაკითა და წარმომავლობით განსხვავდებიან, თუმცა ისინი ერთნაირად, მოწამეობრივად აღესრულნენ. ისინი ერთმანეთს 1860 წელს შეხვდნენ, მაშინ, როცა ლიბანსა და სირიაში ქრისტიანთა დევნა მიმდინარეობდა.

 

“დამასკელი მოწამეების” ბარბაროსული მაშინ დახოცეს, როცა  ანტირელიგიურად განწყობილი დაჯგუფება დამასკოში შეიჭრა და მიწასთან გაასწორა ყველა და ყველაფერი. იმ ღამეს, მათ იერიში მიიტანეს წმინდა პავლეს სახელობის ფრანცისკელთა მონასტერზე, სადაც მოკლეს 8 ბერი და 3 საერო პირი. საერო პირები მარონიტები იყვნენ (ქრისტიანული კონფესია). თავდამსხმელებმა 11 ადამიანს მოსთხოვეს ქრისტიანული რწმენის უარყოფა და ისლამის მიღება, როცა ამ მოთხოვნაზე უარი მიიღეს, ყველა დახოცეს. ფრანცისკელთა მცირე საძმოს დამასკოს მონასტრის წინამძღვარი, მანუელ რუსი ლოპესი საკურთხევლის ძირში მოკლეს, მასთან ერთად დახოცეს 7 ბერიც – 6 ესპანელი და ერთი ავსტრიელი, ასევე მოკლეს სამი ძმაც:  ფრანცისკე, აბდელ მუტი და რაფაელი.

 

1926 წლის 10 დეკემბერს, პაპ პიუს XI - ის მიერ 11 წამებული ნეტარად იქნა შერაცხული. მათი კანონიზაციის პროცესი 2022 წელს განახლდა. ხოლო 2024 წლის 20 ოქტომბერს, ეკლესიამ ისინი წმინდანად გამოაცხადა. ახლო აღმოსავლეთისათვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან დღეს, როგორც არასდროს, იგი საჭიროებს მშვიდობას, სადაც კვლავ მიმდინარეობს ადამიანების ხოცვა.

შოთა გიქოშვილი

 

留言


bottom of page